„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით, გელათის საქმეზე მოსაზრებები წარადგინა

17 ივნისი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გელათის ტაძრის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების საქმეზე საკუთარი წერილობითი მოსაზრება, გამოქვეყნებული კვლევა და სამართლებრივი დასკვნები წარუდგინა და საქმეზე „სასამართლო მეგობრის“ სტატუსით მოწვევის წინადადებით მიმართა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლოს წარმოებაშია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რომლის მხარეებიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და შპს „იკორთა 2007“. გასაჩივრებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2021 წლის 16 აპრილის დადგენილება. ნაცვლად იმისა, რომ სააგენტოს დაუყონებლივ შეემოწმებინა სამუშაოები და წამოეყენებინა პრეტენზია, თითქმის ორი თვე არ გადაამოწმა ტაძრის მდგომარეობა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ადგილზე ვიზიტის შემდეგ გამოითქვა პრეტენზიები, 2021 წლის 18 იანვარს შემოწმდა ძეგლის მდგომარეობა და დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, სამუშაოების შეუსაბამოდ განხორციელების დარღვევად ჩათვლის გამო, მიღებული იქნა შპს „იკორთა 2007“-ისა და ა(ა)პ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ ფინანსური დაჯარიმების გადაწყვეტილება.

ორგანიზაცია იზიარებს იმ შეხედულებას, რომ ადმინისტრაციული აქტი შედგენილია კანონდარღვევით და ნაჩქარევად, რასაც წინ უსწრებდა სააგენტოს მიმართ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის დასაბუთებული კრიტიკა. სამართალდარღვევის ოქმის გამოცემის შემდგომ შექმნილია კიდევ უფრო მეტი სამართლებრივი კაზუისტიკა. კერძოდ, ოქმი შედგენილია ორი დამოუკიდებელი იურიდიული პირის მიმართ, რომლებსაც ერთმანეთთან არანაირი სამართლებრივი კავშირი არ გააჩნიათ და არც რაიმე პასუხისმგებლობას იზიარებენ ერთობლივად. კერძოდ, შპს ,,იკორთა 2007’’-ის მიმართ კანონდარღვევით იქნა გაცემული ნებართვა, რადგან მას არ მიუმართავს განცხადებით სააგენტოსათვის. შესაბამისად, ვერ გახდებოდა სანებართვო პირობების დამრღვევი, ხოლო როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, დროებითი გადახურვის სამუშაოები ხორციელდებოდა ა(ა)იპ ,,საქართველოს მემკვიდრეობის’’ მიერ შედგენილი და არა ერთხელ კორექტირებული, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით. თითოეული ცვლილება შეთანხმებული იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. შესაბამისად, როდესაც სააგენტო შპს „იკორთა 2007“-თან ერთად, ა(ა)იპ ,,ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს’’ მიიჩნევს პასუხისმგებელ სუბიექტად, ასეთი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ორგანიზაციასთან მიმართებით, არ იკვეთება, ვინაიდან ა(ა)იპ ,,ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ უშუალოდ არ მონაწილებდა არც პროექტის შედგენაში, არც დამტკიცებაში და არც სამშენებლო სამუშაოებში. სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა მხოლოდ შპს „იკორთა 2007“ ა(ა)იპ ,,საქართველოს მემკვიდრეობის’’ მიერ შედგენილი და არა ერთხელ კორექტირებული პროექტის ფარგლებში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან უკიდურესად დაუსაბუთებელი შედეგი დადგა, როდესაც შპს „იკორთა 2007“-ის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციული წარმოება დარჩა ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიმართ, ნაცვლად კანონდარღვევით გამოცემული ადმინისტარციული აქტი გაუქმებულიყო. არის თუ არა სასამართლოს ასეთი სადავო გადაწყვეტილება სააგენტოსთან შპს „იკორთა 2007“-ის მესვეურთა არაფორმალური დიალოგის შედეგი, ორგანიზაციის მხრიდან იქნება დაუსაბუთებელი მსჯელობა, მაგრამ ფაქტები და ფაქტებზე არსებული სამართლებრივი შეფასებები მიუთითებს, რომ მაღალი ალბათობით, განხორციელებულია შერჩევითი მართლმსაჯულება, რაც არ პასუხობს საზოგადოების ინტერესს და საქმეზე კანონის უზენაესობის პრინციპებს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-10 მუხლის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვები არ გაიცემა, თუ სამუშაოების ჩატარებაზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, თუ „იკორთა 2007“-ის მიმართ დადგებოდა სამართალდარღვევის შემთხვევა, კომპანია ვეღარ შეძლებდა საქმიანობის გაგრძელებს ვერც ერთ შემდგომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ორგანიზაცია მიდის დასკვნამდე, რომ შესაძლებელია შპს „იკორთა 2007“-ის მიმართ სამართალდარღვევაში პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ჰქონდეს მიზანმიმართული ინტერესი, არ გამომდინარეობდეს ფაქტების ობიექტური შეფასებიდან და სახელმწიფოსთან ერთად, სასამართლოს საშუალებით, ემსახურებოდეს დაფარული გარიგებების შენარჩუნებას და მომავალი საქმიანობის დაცვას, ვინაიდან შესწავლამ აჩვენა, რომ კომპანაისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულია მტკიცე კავშირები, თანამშრომლობა და ურთიერთმფარავი ნება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ჩართულია მსოფლიო კულტურული მნიშვნელობის ძეგლის - გელათის ტაძრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების საზოგადოებრივ დისკუსიაში. ორგანიზაციამ არსებითად შეისწავლა ძეგლის გარშემო მიღებული გადაწყვეტილებები, მოამზადა სამართლებრივი კვლევა, ანალიზი და სარეკომენდაციო წინადადებები, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, სასამართლოს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და პროცესის მონაწილე კერძო იურიდიული პირების მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას და საჭიროებას შეეხება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ კვლევაში წარმოდგენილი მოსაზრებები საყურადღებო დასკვნებსა და დასაბუთებას შეიცავს. კვლევა და შესწავლის შედეგები გამოქვეყნებულია მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა 2021 წლის 16 აპრილის პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება. შესაბამისად, ორგანიზაციის მოსაზრებები ორგანულად, არსებითად კავშირშია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის დავის საგანთან და არგუმენტირებულ პასუხსს იძლევა სადავო გარემოებების მიმართ.

საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მოსამართლე ნანა კალანდაძის თავმჯდომარეობით განიხილავს. ორგანიზაციის რეკომენდაცია, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მოთხოვნასაც შეეხება.



კომენტარები