„VTB ბანკის“ ადვოკატის აღიარებით, მენეჯერის გათავისუფლება არ გამოუწვევია კონტრაქტის ვადას, არამედ გამოიწვია მუშაკის პოსტმა Fcabeook-ზე და სხვადასხვა ფაქტორმა

18 ივნისი, 2021

თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერ თამარ მ.-ს უკანონო გათავისუფლების საქმეზე განიხლვა დაასრულა. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება 2021 წლის 23 ივნისს გამოცხადდება.

როგორც 18 ივნისის სასამართლოს შემაჯამებელ სხდომაზე მტკიცებულებების კვლევის ეტაპზე „VTB ბანკ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა, თამარ შუშიაშვილმა განაცხადა, მუშაკთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა ბევრი ფაქტორი და არა მხოლოდ თანამშრომლის მხრიდან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია. ბანკის წარმომადგენლის პოზიცია აღიარებითია, ვინაიდან ყველა სხვა გარემოებით დასტურდება, რომ გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული საფუძველი - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა - არის ფორმალური საფუძველი და ემსახურებოდა მუშაკთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილების მიღების სხვა მიზეზების გადაფარვას. მოწმის სახით დაკითხულმა საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების სადავო პერიოდში მოქმედმა უფროსმა, მამუკა ქავზინაძემ აღნიშნა შემდეგი: „ბოლო წერტილი იყო, რომ „ფეისბუქის“ ფეიჯზე დაპოსტილი ჰქონდა კოლეგებზე და „ვითიბიზე“  ცუდი ინფორმაცია. ეგრევე მივიღე ზომები, ჩავაყენე მაღალი მენეჯმენტი საქმის კურსში. მაშინ მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ აღარ გაგვეგრძელებინა ხელშეკრულება“ (სტილი დაცულია). მოწმის სახით დაკითხულმა საოპერაციო სამმართველოს უფროსმა, ირინა ხელაიამ განმარტა, რომ მუშაკის გათავისუფლების საკითხი განიხილა მის უშუალო ხელმძღვანელ მამუკა ქავზინაძესთან.

მოწმის სახით დაკითხულმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ჭიბოშვილმა დაადასტურა, რომ თამარ მჭედლიძის გათავისუფლებამდე, მოხდა მასთან შეხვედრა და მოისმინა პრეტენზიები, მიიღო ინფორმაცია სამსახურში თანამშრომლების მხრიდან წარმოებულ კონფლიქტზე. მოწმის ჩვენებით, „როდესაც კონფლიქტები დაიწყო, თამარი იყო ჩემთან მოსული და სიამოვნებით მოვუსმინე. კონფლიქტი ჰქონდა თავის კოლეგებთან. შევხვდით და ვისაუბრეთ, ხოლო როცა მივხვდი, რომ ეს იყო წმინდა ქალური, ბავშვური გაუგებრობები, მე ვთხოვე თამარს მოდი გავიზარდოთ, ვისწავლოთ. ლაპარკი იყო მხოლოდ პატარა, ჩემთვის უნიშვნელო გაუგებრობებზე, „ამან თქვა“, „იმან თქვა“, რაზეც მე ვერ ავყვებოდი. მისი პრეზტენზიის მიზეზი იყო უშუალო ხელმძღვანელის მიერ ისეთი დავალების მიცემა, რომელიც მას არ ევალებოდა და ამიტომ იყო უკმაყოფილო. ვერიკო ბოჭორიშვილი და თამარი იყვნენ თანაბარ თანამდებობეზე, ჩემთან მოვიდა თამარი და მითხრა, რომ მე მავალებენ ისეთ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მე არ მევალება. ჩვენ ჰორიზონტებს ვაფართოებთ. შესაბამისად, ესე დაშტამპული სამუშაო არავის არ აქვს, ხოლო თამარს მხოლოდ თავისი სამუშაოს შესრულება უნდოდა. რატომღაც ეგონა, რომ თუ რაიმეს დაავალებდი ზედმეტს, იყო ჩაგვრა და დისკრიმინაცია“ (სტილი დაცულია).

სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ თამარ მ.-ს მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, უდავო ფაქტობრივ გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული სამსახურში მომხდარი კონფლიქტი, ხოლო მის გამომწვევ მიზეზად დასაქმებულის მიმართ პიროვნული შეუთავსებლობა, რაც გამოხატული იყო ანალოგიურ მდგომარეობაში დასაქმებული ვერიკო ბოჭორიშვილის ვალდებულებების თამარ მ.-ს მიმართ გადაკისრებაში, მისი შესრულების დავალებაში, რასაც ახორციელებდა მისი უშუალო უფროსი - მამუკა ქავზინაძე. ფაქტობრივად, თამარ მ.-ს უწევდა, როგორც მის უფლებამოსილებაში არსებული საქმეების მოწესრიგება, ასევე ვერიკო ბოჭორიშვილის დავალებების შესრულება, რის გამოც, არაერთგზის გამოხატა უკმაყოფილება. აღმოჩნდა, რომ ბანკი მუშაკს, ასეთი სისტემატური დავალებების გაცემით, შრომით პირობებს უცვლიდა მხარეს, რაც არც სათანადო წესით გააფორმა დამსაქმებელმა და არც თანაბარი შრომითი გარემოს შექმნა უზრუნველყო მუშაკის მიმართ. ბანკმა თამარ მ. უსაფუძვლოდ მიიჩნია არასასურველ კადრად, რაც გახდა მუშაკთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი, არასაპატიოდ შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან.

სასამართლო უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი არ მომხდარა მარტოოდენ კონტრაქტის ვადის გასვლის გამო, ვინაიდან დამსაქმებელმა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც საოპერაციო სამმართველოს უფროსმა ირინა ხელაიამ საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების სადავო პერიოდში მოქმედი უფროსის მამუკა ქავზინაძისგან მიიღო. აღნიშნული წინაპირობა ანუ შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის მიზეზები დადასტურებული და განმარტებულია დასახელებული პირების ჩვენებებით. გათავისუფლება მოხდა პიროვნული შეუთავსებლობის გამო, რასაც ადასტურებს კიდეც ირინა ხელაია.

ის ფაქტი, რომ თამარ მ.-ს მიმართ არსებობდა პიროვნული შეუთავსებლობა და ბანკი საფუძვლიან მიზეზს ეძებდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის სათქმელად, კარგად ასახავს მოწმის სახით დაკითხული მამუკა ქავზინაძის განმარტებაც. კერძოდ, მისი თქმით, მას შემდეგ, რაც თამარ მ.-მ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნდა სამსახურთან დაკავშირებული ტექსტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ადამინების უმეტესობა ვერ ხედავდა მეგობრულ თანადგომას და სიკეთეს ბოროტებით პასუხობდნენ. მე სამწუხაროდ სამსახურში განვიცადე ეს უსამართლო საქციელი იმ ადამიანებისგან, ვისგანაც არ მეკუთვნოდა“. ასევე, კიდევ ერთი ტექსტი შემდეგი შინაარსის: ბევრს არ ვუყვარვარ, მაგალითად სამსახურში, რადგანაც პირში მთქმელი ვარ, თვითონ კი მლიქვნელები არიან“, მამუკა ქავზინაძე განმარტავს: „ბოლო წერტილი იყო, რომ „ფეისბუქის“ ფეიჯზე დაპოსტილი ჰქონდა კოლეგებზე და „ვითიბიზე“  ცუდი ინფორმაცია. ეგრევე მივიღე ზომები, ჩავაყენე მაღალი მენეჯმენტი საქმის კურსში. მაშინ მოხდა გადაწყვეტიელბის მიღება, რომ აღარ გაგვეგრძელებინა ხელშეკრულება“ (სტილი დაცულია).  

სასამართლო უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ თამარ მ.-თან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების გაგრძელებაზე უარი გახდა არა მუშაკის კვალიფიკაცია, არამედ კონფლიქტის შედეგები, არასასურველ კადრად წარმოჩენა. დადგენილია, რომ თამარ მ. არ დაეთანხმა იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც უნდა განეხორციელებინა ანალოგიურ შრომით პირობებში დასაქმებულ ვერიკო ბოჭორიშვილს. ეს დავალებები გაიცემოდა მუშაკის უშუალო უფროსის - მამუკა ქავზინაძის მხრიდან, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი. აღნიშნულმა წარმოშვა თამარ მ.-ის სამართლიანი პრეტენზია, რათა დაცული ყოფილიყო იდენტურ უფლებამოსილებაში დასაქმებული პირების მიმართ გაცემული დავალებების გადანაწილების სამართლიანი ბალანსი.

დასაქმებულმა აღნიშნული საკითხი დასვა, როგორც უშუალო ხელმძღვანელთან, ასევე საოპერაციო განყოფილების უფროსთან და ვიცე-პრეზიდენტთან, თუმცა უშედეგოდ. ვითარებამ განაპირობა ვერიკო ბოჭორიშვილსა და თამარ მ.-ს შორის უთანხმობა, რამაც სამუშაო ადგილზე შექმნა სტრესული და არათანაბარი შრომითი გარემო. შექმნილი ვითარების გამო, თამარ მ. არასასურველ მუშაკად და თანამშრომლად ჩამოყალიბდა უშუალო უფროსის, მამუკა ქავზინაძის შეფასებაში. იმის ნაცვლად, რომ უშუალო უფროსს უზრუნველყო მშვიდი, კოლეგიალური და თანაბარი შრომითი გარემო, არ მოახდინა საკითხის სათანადო შეფასება და ბანკის საოპერაციო სამმართველოს უფროსის წინაშე დააყენა თამარ მ.-ის ბანკიდან გათავისუფლების საკითხი.

განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი დაელოდა საკმარისს საბაბს, რათა ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობით, შემდგომში აეხსნა მიღებული გადაწყვეტილების სისწორე. აღნიშნული საფუძველი გახდა თამარ მ.-ის მხრიდან კოლეგიალობისა და გუნდურობის პრინციპის დარღვევა, რაც დამსაქმებულის განმარტებით, გამოვლინდა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სამსახურში ჩაგვრის შესახებ გამოქვეყნებული შეტყობინებით. აღნიშნული დამსაქმებულისთვის ქმნიდა სათანადო მიზეზს უარი ეთქვა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებაზე, ხოლო არგუმენტად დასახელდა მუშაკის არაკვალიფიციურობა. ამასთან, ბანკმა აღნიშნა, რომ მოვალეობების კვალიფიციურად შესრულების შემთხვევაში, ბანკი თამარ მ.-ან შრომით ურთიერთობას გააგრძელებდა.

სასამართლო უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ არავითარი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი იმის დასადასტურებლად, რომ თამარ მ. არ ასრულებდა თავის უფლებამოსილებას ან არ ასრულებდა უშუალო ხელმძღვანელების დავალებებს. ასეთი ვითარების დაშვების შემთხვევაში, ბანკს მუშაკის მიმართ უნდა გამოეყენებია დისციპლინური სახდელი, რაც თამარ მ.-ის შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში, არც ერთ ეტაპზე, მათ შორის კონფლიქტის განვითარების პროცესშიც, სადაც საუბარია, რომ თითქოსდა არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, არ ფიქსირდება. თავად ვერიკო ბოჭორიშვილი, თავის ჩვენებაში ადასტურებს, რომ თამარ მ. ასრულებდა თავის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებს, რამაც წარმოშვა კონფლიქტი და მუშაკის უკმაყოფილება. ვერიკო ბოჭორიშვილის ჩვენებით, დავალებები გაიცემოდა მათი უშუალო ხელმძღვანელის, მამუკა ქავძირიძის მიერ, ხოლო ის გარემოება, რომ ვერიკო ბოჭორიშვილის პასუხისმგებლობაში შემავალი საკითხები არ უნდა მოემზადებინა თამარ მ.-ს, მუშაკის მიერ არეართხელ იქნა დაყენებული, როგორც მამუკა ქავზინაძესთან, ასევე ვერიკო ბოჭორიშვილთან, რაც უგულვებელყოფილი იქნა.

მეტიც, ბანკს უფლება  ჰქონდა, დასაქმებულის საქმიანობის შეფასების, პროფესიონალიზმისა და დაკავებული თანამდებობისთვის შესაფერისობის განსაზღვრის მიზნით, ჩაეტარებინა მორიგი ატესტაცია ან ლოკალური ტესტირება და შედეგების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება დასაქმებულის გადანაცვლების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ. თუ თამარ მ.-ის პროფესული კვალიფიკაცია დამაკმაყოფილებელი არ იქნებოდა, ბანკს ექნებოდა უტყუარი სამართლებრივი დასაბუთება მასთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ, მაგრამ დამსაქმებელმა მუშაკთან დასაქმება, რეალურად, არა კვალიფიკაციის არქონის საფუძვლების გამო შეწყვიტა, არამედ პიროვნული შეუთავსებლობის გამო, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოქმნილი განსაკუთრებული ობიექტური გარემოების გამო, რასაც საფუძვლად დაედო - კონფლიქტი და თამარ მ.-ის არასაიმედო კადრად წარმოჩენა, რომლის ნამდვილობაც, არ შეუსწავლია ბანკის პერსონალის სამმართველოს და დადასტურებული ზეპირსიტყვიერად ვერ იქნება. მეტიც, კოლეგიალობისა და გუნდურობის დარღვევა, რასაც დამსაქმებელი ედავება დასაქმებულს, წარმოადგენს შეფასებას და არა - ფაქტს, ვინაიდან მუშაკის მიმართ წაყენებული არც ერთი პრეტენზია დადგენილი და დადასტურებული არ ყოფილა. მაშინ, როდესაც ბანკს შინაგანაწესით და შრომითი ხელშეკრულებით, გააჩნდა სრული უფლება მოეკვლია სადავო გარემოებები, მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, დაესაბუთებინა ხელშეკრულების შეწყვეტის გამოწვევი მიზეზები და არ მოეხდინა უკანონოდ პირის სამსახურიდან დათხოვნა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძვლეზე, სრულიად დასაბუთებულად აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაედგინა, რამდენად კანონიერად ეთქვა უარი მოსარჩელეს შრომით ურთიერთობის გაგრძელებაზე და შემდეგ რამდენად კანონიერად მოხდა სადავო გათავისუფლების ბრძანების მიღება. ამ თვალსაზრისით, შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარსა და გათავისუფლების ბრძანების გამოცემას შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა მოეხდინა უფლების მართლზონმიერების გამოყენების საკითხის სამართლებრივი შეფასება და მიზეზ–შედეგობრივი კავშირების დადგენა. აღნიშნული პირობის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ ბანკის იურიდიული ნების და გამოცემული ბრძანების კანონთან მხოლოდ ფორმალური შესაბამისობა შეამოწმა და არა - ბანკის ყველა მოქმედების შინაარსობრივი მხარე. ამასთან, სასამართლომ გვერდი აუარა გათავისუფლებულის მიმართ ბულინგის ფაქტებს, რაც არაერთი დოკუმენტით გახდა ცნობილი. ყველა დოკუმენტით, მათ შორის მოწმეთა ჩენებებითაც დადგინდა, რომ გათავისუფლებული მუშაკი სამსახურში ბულინგის მსხვერპლია.

საქმის მასალების მიხედვით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ბოლო ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 1 მარტს და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 თებერვალი. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ითვლებოდა უვადოდ დადებულ კონტრაქტად, ბანკმა მხარეს 2015 წლის 25 თებერვალს სამუშაო ელექტრონულ ფოსტაზე აცნობა, რომ ბანკი შრომით ურთიერთობას მასთან 2015 წლის 1 მარტიდან აღარ გააგრძელებდა. ფორმლურ მიზეზად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა დასახელდა. იმ ფონზე, როცა ყველა დასაქმებულთან ხელშეკრულება გაგრძელდა, მოსარჩელე არ დაეთანხმა ბანკის იურიდიულ არგუმენტაციას და მოითხოვა წერილობითი ახსნა–განმარტება, შესაბამისს უფლებამოსილ პირებთან შეხვედრა და საკითხში გარკვევა. ბანკმა 2015 წლის 1 მარტიდან მოსარჩელე სამუშაო სივრცეში აღარ დაუშვა. მან მოითხოვა გათავისუფლების ბრძანება და აღნიშნა, რომ დარღვეულ უფლებებს სასამართლო წესით დაიცავდა, თუმცა ბანკმა თანამშრომლის პირადი საქმიდან ეს ბრძანება, ყოველგვარი განმარტების გარეშე, არ გასცა. გათავისუფლების შესახებ ბრძანება მხარემ მხოლოდ ადვოკატის დახმარებით, 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო. ბრძანება გათავისუფლების შესახებ დათარიღებულია 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, როცა ბანკმა მხარეს 24 თებერვალს შეატყობინა მოსალოდნელი გათავისუფლება 2015 წლის 1 მარტიდან, თუმცა არ შეატყობინა, რომ ბანკს მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანება უკვე მიღებული ჰქონდა. ბანკს აღნიშნული ვალდებულება გააჩნდა შინაგანაწესის თანახმად. ბანკმა პირი ჯერ გაათავისუფლა, ხოლო შემდგომ შეატყობინა შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე.

სასამართლომ საქმეზე დაკითხა ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჭიბოშვილი, საოპერაციო სამმართველოს უფროსი ირინა ხელაია, საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მენეჯერი ვერიკო ბოჭორიშვილი, საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ანრი გოქსაძე და ამავე განყოფილების ყოფილი უფროსი, მამუკა ქავზინაძე. სასამართლოს წინაშე მოწმის სახით გამოკითხული პირების შინაარსი კრიტიკას ვერ უძლებს. დგინდება ბანკიდან ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლების რეალური მიზეზები და ახალი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, შემაშფოთებელია ტერმინოლოგია და სიძულვილის ენა, რომელიც ბანკის მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან გათავისუფლებული მუშაკის მიმართ გამოითქვა. ამ თვალსაზრისით, საოპერაციო სამმართველოს უფროსის ირინა ხელაიას ჩვენება მთლიანად დაეფუძნა შრომითი დისკრიმინაციის, მტრული გარემოს ჩამოყალიბებისა და სიძულვილის გამომხატველ ფრაზებს. მოსარჩელემ მოითხოვა ბანკის მაღალი მენეჯმენტის წევრების მოწმის სახით დაკითხვა, რათა სასამართლო მისულიყო დასკვნამდე მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: სარჩელით მოთხოვნილია დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, სადავო ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური, მორალური ზიანის ანაზღაურება და სარეკომენდაციო წერილი–ცნობის გაცემა. სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 27 მარტს დარეგისტრირდა. საქმე ერთპიროვნულად მოსამართლე გელა ქირიამ განიხილა. გადაწყვეტილება 23 ივნისს, 10:50 საათზე გამოცხადდება.



კომენტარები