2021 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე ნანა აფციაურის თავმჯდომარეობით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 22 საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეზე, პირველ სხდომას გამართავს.
საზოგადოებრივი ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ პრობლემური საკითხების არსებითი განხილვისა და წარდგენილი ალტერნატიული წინადადებების მსჯელობის მოლოდინის მიუხედავად, შეფასების ახალი სისტემა წარმოადგენს შემზღუდველ ჩარევას ადვოკატის, როგორც თავისუფალი პროფესიის მქონე პირის საქმიანობაში, სათანადოდ არ იცავს ადვოკატის დამოუკიდებლობას და შეუვალობას, არ ქმნის საკმარისს საფუძვლებს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობა შეფასდეს თანაბარი და სამართლიანი მიდგომებით, შეფასების დროს, არ ხდება საზოგადოებრივი ადვოკატის დღევანდელი დატვირთულობის და საქმეთა ნაკადის მართვის გათვალისწინება, საფრთხის წინაშე დგება კლიენტთან ურთიერთობის დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია, ჩნდება პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების საფუძვლები, სახელმწიფოს ჩარევა საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობაში არ ქმნის ასეთი ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს იმ ამოცანების გადაჭრის უზრუნველსაყოფად, რასაც მომსახურების ხარისხის ამაღლების კეთილშობილური მიზანი და ამ კუთხით საზოგადოებრივი ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერება ჰქვია.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საზოგადოებრივი ადვოკატების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და პრობლემების თაობაზე წერილობით უკვე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის კომიტეტებს, საპარლამენტო პარტიის ცალკეულ წევრებს, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორს, საქართველოს სახალხო დამცველს, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს საქართველოში, ევროსაბჭოს წარმომადგენლობას, ევროპის ადვოკატთა ასოციაციას. პროცესმა აჩვენა, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი არ ახდენს ინსტიტუციური დიალოგის უზრუნველყოფას დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატების უფლებების დაცვის კუთხით და სამსახურის მხრიდან არაერთი მოსარჩელე საზოგადოებრივი ადვოკატის მიმართ ხელოვნურად დაწყებულია ადმინისტრაციული და დისციპლინური წარმოება.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივმა ადვოკატებმა საქმიანობის შეფასების ახალი სისტემა, ადვოკატის დამოუკიდებლობის სამართლებრივი გარანტიების შეზღუდვისა და პროფესიული საქმიანობაში ჩარევის საშიშროებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 24 აგვისტოს გაასაჩივრა, მას შემდეგ, რაც დამტკიცდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციის და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები. დოკუმენტში არსებით მნიშვნელობას იძენს „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაცია და იურიდიული დახმარების ხარისხის სტანდარტი", „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები", „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი", „იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების უფლებამოსილება და პროცედურა".
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. სახელმწიფოს მცდელობა ჩაეროს ადვოკატის თავისუფალ პროფესიაში მისი საქმიანობის შეფასების ან/და კონტროლის კუთხით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს და წარმოადგენს განსაკუთრებული დაცვის სფეროს. სასამართლომ, ერთხელ უკვე მიუთითა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს, რა დროსაც მკაფიო დასკვნები გაკეთდა იდენტური ხასიათის სადავო საკითხზე - „ადვოკატის დამოუკიდებლობის პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაიცვას და შექმნას ქმედითი მექანიზმი ადვოკატის დამოუკიდებლობის სტანდარტის, როგორც ნორმატიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით და სრულიად მიუღებელია თვისობრივად განსხვავებული ამოცანების მქონე რეგულაციების, სათანადო და საფუძვლიანი გააზრების გარეშე დამკვიდრება. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული რეგულაციების დამდგენი წესები უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი, პირს უნდა შეეძლოს, ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვენ მისგან და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა" (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმეზე: #3/3094-16), თუმცა ახალი შეფასების სისტემა, კვლავ ახალი გამოწვევევის წინაშე ამყოფებს საზოგადოებრივ ადვოკატებს.
ცნობისთვის: ორგანიზაციამ საზოგადოებრივი ადვოკატების, სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის შეფასების ახალ სისტემასთან დაკავშირები არსებული ცვლილებების პაკეტი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურიდან გამოითხოვა და სამართლებრივი ანალიზი მოახდინა. ამასთან, საკითხზე მოისმინა საზოგადოებრივი ადვოკატების განსხვავებული შეხედულებები და განაცხადა თანხმობა საერთო სასამართლოების წესით სარჩელის სამოქალაქო ადვოკატირებაზე. საქმეს მოსამართლე: ნანა აფციაური განიხილავს, სადაც გასაჩივრებულია შეფასების სისტემის მიღებასთან დაკავშირებით ორი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სხდომა 17:00 საათზეა დანიშნული.