სასამართლო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორ რაჟდენ კუპრაშვილს მოუწოდებს, გასაჩივრებული აქტების ფარგლებში, წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაჭრის მიზნით, ერთი პროფესიული ოჯახის პრინციპის გათვალისიწნებით, მოუსმინოს თანამშრომლებს და გადადგას ნაბიჯი დიალოგისთვის. აღნიშნულის შესახებ განმარტებები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა აფციაურმა გააკეთა, რომელმაც სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 22 საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეზე, 2021 წლის 25 ივნისს, პირველი სხდომა გამართა.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატების წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სადავო აქტების მიღების შემდგომ მოპასუხე დაწესებულება მოსარჩელეების მიმართ ახორციელებს დისკრიმინაციულ და არათანაბარ მოპყრობას. სახეზეა უკანონო ადმინისტრაციული და დისციპლინური ღონისძიებები, შინაგანაწესში შესულმა ცვლილებებმა კი დამატებით გაართულეს დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატების მუშაობა. ამასთან, დაწყებულია მედიაციის პროცესი, რათა პროფესიულ წრეში მოხდეს მტკივნეული და პრობლემური საკითხების გადაჭრა. ამ პროცესში განხილვას გადის სამმხრივი მემორანდუმის პროექტი, თუმცა საერთო ინტერესების დაახლოება, ამ ეტაპზე, არ იკვეთება. არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, საზოგადოებრივი ადვოკატების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და პრობლემების თაობაზე წერილობით უკვე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის კომიტეტებს, საპარლამენტო პარტიის ცალკეულ წევრებს, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორს, საქართველოს სახალხო დამცველს, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს საქართველოში, ევროსაბჭოს წარმომადგენლობას, ევროპის ადვოკატთა ასოციაციას. პროცესმა აჩვენა, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი არ ახდენს ინსტიტუციური დიალოგის უზრუნველყოფას დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატების უფლებების დაცვის კუთხით და სამსახურის მხრიდან არაერთი მოსარჩელე საზოგადოებრივი ადვოკატის მიმართ ხელოვნურად დაწყებულია ადმინისტრაციული და დისციპლინური წარმოება.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელი ივანე ჩოგოვაძე არ დაეთანხმა შუამდგომლობას საქმეს მტკიცებულების სახით დართვოდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მოსარჩელე საზოგადოებრივი ადვოკატების წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციული და დისციპლინური წარმოების მასალები. სასამართლოს შეკითხვაზე, თუ კანონის რომელი ნორმის საფუძველზე გააჩნდა მოპასუხე დაწესებულებას შუამდგომლობის მიუღებლობაზე ასეთი პოზიცია, პასუხი არ იქნა გაცემული. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლის პოზიციის მიუხედავად, სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და საქმეს წარდგენილი მასალები დაურთო. ამასთან, სასამართლომ საქმეს დაურთო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მხრიდან მტკიცებულების სახით წარმოდგენილი 2021 წლის 31 მარტის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში იურიდიული დახმარების სქემების ეფექტიანობისა და ეფექტურობის შესახებ. დოკუმენტის საქმეზე დართვას უპირობოდ დაეთანხმა მოსარჩელე მხარე. ვინაიდან საქმეზე კვლავ გაჩნდა სხვა მტკიცებულებების წარმოდგენის საჭიროება, სხდომა გადაიდო სხვა დროისთვის.
საზოგადოებრივი ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ პრობლემური საკითხების არსებითი განხილვისა და წარდგენილი ალტერნატიული წინადადებების მსჯელობის მოლოდინის მიუხედავად, შეფასების ახალი სისტემა წარმოადგენს შემზღუდველ ჩარევას ადვოკატის, როგორც თავისუფალი პროფესიის მქონე პირის საქმიანობაში, სათანადოდ არ იცავს ადვოკატის დამოუკიდებლობას და შეუვალობას, არ ქმნის საკმარისს საფუძვლებს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობა შეფასდეს თანაბარი და სამართლიანი მიდგომებით, შეფასების დროს, არ ხდება საზოგადოებრივი ადვოკატის დღევანდელი დატვირთულობის და საქმეთა ნაკადის მართვის გათვალისწინება, საფრთხის წინაშე დგება კლიენტთან ურთიერთობის დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია, ჩნდება პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების საფუძვლები, სახელმწიფოს ჩარევა საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობაში არ ქმნის ასეთი ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს იმ ამოცანების გადაჭრის უზრუნველსაყოფად, რასაც მომსახურების ხარისხის ამაღლების კეთილშობილური მიზანი და ამ კუთხით საზოგადოებრივი ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერება ჰქვია.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივმა ადვოკატებმა საქმიანობის შეფასების ახალი სისტემა, ადვოკატის დამოუკიდებლობის სამართლებრივი გარანტიების შეზღუდვისა და პროფესიული საქმიანობაში ჩარევის საშიშროებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 24 აგვისტოს გაასაჩივრა, მას შემდეგ, რაც დამტკიცდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციის და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები. დოკუმენტში არსებით მნიშვნელობას იძენს „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაცია და იურიდიული დახმარების ხარისხის სტანდარტი", „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები", „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი", „იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების უფლებამოსილება და პროცედურა".
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. სახელმწიფოს მცდელობა ჩაეროს ადვოკატის თავისუფალ პროფესიაში მისი საქმიანობის შეფასების ან/და კონტროლის კუთხით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს და წარმოადგენს განსაკუთრებული დაცვის სფეროს. სასამართლომ, ერთხელ უკვე მიუთითა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს, რა დროსაც მკაფიო დასკვნები გაკეთდა იდენტური ხასიათის სადავო საკითხზე - „ადვოკატის დამოუკიდებლობის პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაიცვას და შექმნას ქმედითი მექანიზმი ადვოკატის დამოუკიდებლობის სტანდარტის, როგორც ნორმატიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით და სრულიად მიუღებელია თვისობრივად განსხვავებული ამოცანების მქონე რეგულაციების, სათანადო და საფუძვლიანი გააზრების გარეშე დამკვიდრება. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული რეგულაციების დამდგენი წესები უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი, პირს უნდა შეეძლოს, ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვენ მისგან და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა" (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმეზე: #3/3094-16), თუმცა ახალი შეფასების სისტემა, კვლავ ახალი გამოწვევევის წინაშე ამყოფებს საზოგადოებრივ ადვოკატებს.
ცნობისთვის: ორგანიზაციამ საზოგადოებრივი ადვოკატების, სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის შეფასების ახალ სისტემასთან დაკავშირები არსებული ცვლილებების პაკეტი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურიდან გამოითხოვა და სამართლებრივი ანალიზი მოახდინა. ამასთან, საკითხზე მოისმინა საზოგადოებრივი ადვოკატების განსხვავებული შეხედულებები და განაცხადა თანხმობა საერთო სასამართლოების წესით სარჩელის სამოქალაქო ადვოკატირებაზე. საქმეს მოსამართლე: ნანა აფციაური განიხილავს, სადაც გასაჩივრებულია შეფასების სისტემის მიღებასთან დაკავშირებით ორი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.