ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პანსიონის საკითხი, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, როგორც შეცდომების მაგალითი და თანამშრომლობის პრეცედენტი უნდა გახდეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება პანსიონში განვითარებულ მოვლენებს და პირველი კრიტიკული ფაზის შემდგომ დგება შედეგების პირუთვნელად შეფასების საჭიროება. პანსიონის საკითხი, რომელიც პოლიტიკური, სამართლებრივი, საზოგადოებრივი და რელიგიური მნიშვნელობის კუთხით განსახილველი შემთხვევაა, უპირველესს ყოვლისა უნდა შეფასდეს ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით და პასუხი გაეცეს შეკითხვებს, თუ რამდენად იქნა განხორციელებული ღონისძიებები ამ უფლებების სრული დაცვით, რატომ ვერ შეძლო ეკლესიამ და სახელმწიფომ თავიდან აერიდებინათ პროცესის სიმძაფრე, შეასრულა თუ არა სასამართლომ კატალიზატორის როლი თუ რეალური მიზანი ეკლესიის მსახურების წინაშე დემორალიზაციის დაშვება და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპის სრული განხორციელება წარმოადგენდა. ორგანიზაციის შეხედულებით, როდესაც ეკლესიასა და სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის (მთავრობა, საქართველოს სახალხო დამცველი, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო) ინსტიტუციური დიალოგი აღდგა და პრობლემის მოგვარების მიმართულებები გამოჩნდა, საჭიროა პასუხი გაეცეს მთავარ შეკითხვას - ჰქონდა თუ არა ძალადობის ფაქტებს პანსიონში ადგილი, ვინ ძალადობდა არასრულწლოვანებზე და რა ფორმით უზრუნველყოფს ამჟამად სახელმწიფო პანსიონში აღსაზრდელების ინტერესების დაკმაყოფილებას და დაცვას.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღნიშნავს, რომ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ კონსტიტუციური შეთანხმება იგივე კონკორდატი მიუთითებს, რომ სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. შესაბამისად, სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას. შესაბამისად, ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მდგომარეობაზე, როგორც ხელშეწყობის, ასევე შეფასების კუთხით, წარმოადგენდა სახელმწიფოს საამისოდ შექმნილი შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს პირდაპირ მოვალეობას. არსებული ინფორმაციით, სააგენტო პერიოდულად დასახელებული პანსიონში ახორციელებდა მონიტორინგს და ვიზიტებს. შესაბამისად, სახელმწიფო სრულად ფლობდა ინფორმაციას ბავშვის უფლებების მდგომარეობის თაობაზე და სავარაუდო დარღვევების თაობაზე, არ დგინდება სააგენტოს ქმედითი ღონისძიებების განხორციელების ფაქტი - მიმართვა არამხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს მიმართ, არამედ სამართალდამცავი ორგანოებისადმი.
შესაბამისად, პასუხგაუცემელია კითხვები, სდუმდა თუ არა თავად სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო პანსიონში არსებულ ან დარღვევებზე ან სავარაუდო ძალადობაზე. არ არსებობს პანსიონში ვიზიტების თაობაზე ოფიციალური და ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია (დასკვნები, ანგარიშები). ამ რეალობის გათვალისწინებით, ორგანიზაციას სრულიად დაუშვებლად მიაჩნდა საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების დაბრკოლება განეხორციელებია ადგილზე მონიტორინგი და არამხოლოდ პანსიონის ადმინისტრაციისგან, არამედ აღსაზრდელებისგან მიეღო სწორი ინფორმაცია აქტუალურ საკითხებზე. სამწუხაროდ, საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების დაბრკოლების საფუძველი გახდა ეკლესიის კონკრეტული მსახურის პერსონიფიცირებული დამოკიდებულება მოქმედი საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ (რაც სხვა განხილვის საგანს წარმოადგენს), რამაც დემოკრატიული საზოგადოებისთვის შეუქცევადი ხასიათი მიიღო და მიაყენა გამოუსწორებელი და დაუმსახურებელი ზიანი საქართველოს ეკლესიას, რომლის თავიდან არიდებაც სავსებით შესაძლებელი იყო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აქცენტს აკეთებს ბავშვის უფლებების დაცვისა და უპირატესი ინტერესების საკითხზე და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, ამ შემთხვევაში, არასათანადოდ შეასრულა მოვალეობები. საქართველოს კანონი - ბავშვის უფლებათა კოდექსი განმარტავს, რომ ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემას წარმოადენს სოციალური კეთილდღეობის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სისტემებში არსებული საქართველოს კანონმდებლობა, სხვა მარეგულირებელი ნორმები, პოლიტიკა და მომსახურებები, რომლებიც ემსახურება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებული რისკების პრევენციასა და აღმოფხვრას. ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემა მხარს უჭერს და აძლიერებს ბავშვს და მისი აღზრდისთვის პასუხისმგებელ პირებს სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობისა და ბავშვის ოჯახისგან განცალკევების რისკის მაქსიმალურად შემცირების მიზნით. ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემა ემსახურება განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემებში, ოჯახში და ნებისმიერ სხვა ადგილზე ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის, ბავშვის ფიზიკური დასჯის, მისდამი სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, მისი ექსპლუატაციის, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ბავშვისთვის ზიანის მომტანი ტრადიციების პრევენციასა და აღმოფხვრას.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პანსიონში განვითარებული მოვლენები ტოვებს განცდას, რომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს არ მოუხდენია ბავშვების მოსმენა, მათი საჭიროებებისა და ინტერესების მკვეთრად დადგენა, ფსიქო-სოციალურ პროგრამებში ჩართვა. პრობლემა გადაიჭრა პანსიონისგან ბავშვების განცალკევებით და მინდობით აღზრდაში გადასვლით, რაც დამატებითი სირთულეების მომტანი შეიძლება გახდეს. არასრულწლოვანები, რომლებიც პანსიონში ცხოვრობდნენ, განეკუთვნებიან რთულ აღსაზრდელთა წრეს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებს. შესაბამისად, ერთის მხრივ მათი საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მეორეს მხრივ კი სავარაუდო ძალადობის სავარუდო შემთხვევების თაობაზე მოსაზრებები მოითხოვენ მაღალი ხარისხით სანდოობის შემოწმებას, თუმცა ორგანიზაცია ფიქრობს, რომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეთოდოლოგია არ ტოვებს ამ რთულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის საფუძველს - შეუძლებელია სარწმუნო გახდეს სოციალური მუშაკის ან/და ფსიქოლოგის დასკვნებში გამოქვეყნებული მოზარდების შეხედულებები, რომელსაც სათანადო წესით მიღების ტრადიციული პრობლემა აქვს. შესაბამისად, ორგანიზაცია საჭიროდ მიიჩნევს, პანსიონის საქმეზე, სახელმწიფომ სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, საერთაშორისო სპეციალისტები მოიწვიოს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისს გამოწვევებთან მუშაობის გამოცდილება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას დაუთმობს პანსიონის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ივნისის დროებით განჩინებას (მოსამართლე: ივანე ღლონტი) რომლითაც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალა ქმედების განხორციელება და ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა. ორგანიზაციას რჩება შთაბეჭდილება, რომ მიღებული დროებითი განჩინების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნინოწმინდის პანსიონატის შექმნილი პრობლემის გადაჭრა, ე.წ. კარის გაღების ფაქტის დაშვება და სასამართლოს საშუალებით სახელმწიფოს წონასწორობის აღდგენა წარმოადგენდა.
სხვა შემთხვევაში, დროებითი განჩინება შეიძლება შეფასდეს დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებად, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ შეეხებოდა პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გაყვანას და არა - ყველა ბავშვის გაყვანას. სასამართლო თავის დროებით განჩინების მიღების მოტივაციაში აღნიშნავს რომ იზრდებოდა ალბათობა შელახულიყო ბავშვთა ინტერესები და ბავშვებს მისდგომოდათ მნიშვნელოვანი ზიანი. საქმე შეეხებოდა არასრუწლოვანთა ინტერესებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება შექმნოდა საფრთხე, თუმცა დროებითი განჩინება მიღებული იქნა არა პანსიონატში მყოფი ყველა ბავშვის, არამედ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნების მიმართ.
მართალია, შუამდგომლობა განხილული იქნა სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, რომელსაც მოთხოვნის წარდგენის უფლებამოსილება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ნაწილში გააჩნდა, მაგრამ ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასამართლო სრულად იყო უფლებამოსილი, მისი ფართო დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, შუამდგომლობით დასმულ საკითხზე დაენიშნა სხდომა, მოესმინა პროცესის მონაწილე მხარეებისთვის და მიეღო ყველა ბავშვის უფლების დაცვის მიზნიდან გამომდინარე გადაწყვეტილება. სასამართლოს სანახევრო გადაწყვეტილება მით უფრო გაუმართლებელია, როდესაც დროებითი განჩინების მიღების მოთხოვნა შეეხებოდა პანსიონატში ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობაზე მითითებას, არასრულწლოვანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების სავარაუდო ხელყოფის განგრძობადობას. სასამართლომ, ამ კუთხით, არასასურველი პრეცედენტი დაუშვა, მედიის გაშუქების პირობებში კი შედეგი - სრული დადგა. პანსიონატის კარი გაიღო არამხოლოდ ყველა ბავშვისთვის, არამედ ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის პანსიონატის საკითხი დასრულებულად ვერ ჩაითვლება, ვიდრე არ მოხდება სამართლებრივი პასუხის გაცემა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე. ამ კუთხით, ეკლესიისა და სახელმწიფოს ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია, საზოგადოებამ მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც შეეხება გამოძიების შედეგებს და რეალური გარემოებების შესწავლას. საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუციონალიზაციის კუთხით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სადაც ეკლესიას და სახელმწიფოს, თანაბარი პასუხისმგებლობა აქვთ.