ძალადობაში მხილებული მამა შვილების წინააღმდეგ სახლიდან გამოსახლების დავასაც აწარმოებს

30 ივნისი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც შეეხება მამის მიერ 16 წლის გოგონა შვილის მიმართ საძინებელ ოთახში ფარული სათვალთვალო კამერის დამონტაჟებას, გოგონას და დედის მიმართ ძალადობის შემთხვევებს, რამაც საზოგადოების სამართლიანი აღფოთება გამოიწვია. ორგანიზაცია ყოფილი მეუღლის - ქალბატონისა და არასრულწლოვანების ინტერესებს იცავს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მხარეთა შორის არარეგისტრირებული ქორწინება წარმოიშვა 2008 წელს. მათ შეეძინათ საერთო შვილი - ვაჟიშვილი. 2013 წელს მამაკაცმა მეუღლის სხვა ქორწინებიდან შეძენილ შვილს მისცა გვარი და დადგინდა მამობის უფლებაც. ოჯახის რჩენის ვალდებულება გააჩნდა მხოლოდ ქალბატონს, რომელიც აღმოჩნდა ბულინგის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთგზის მსხვერპლი. ძალადობის გამომწვევი მიზეზები არამხოლოდ ყოფითი შემტხვევები გახდა. ქალბატონი არაერთხელ გახდა დამცირებისა და შეურაცხყოფის ქვეშ წარმომავლობისა და სოციალური მდგომარეობის გამო. ამასთან, მამაკაცის მხრიდან ქალბატონი ძალადობის მსხვერპლი ასაკის გამოც ხდებოდა, ვინაიდან მეუღლეებს შორის 26-წლიანი სხვაობაა. იმისთვის, რომ დედას ეკონომიურად გადაერჩინა ოჯახი, 2009 წლის 10 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით, 2015 წლის 12 ნოემბრიდან 2016 წლის 21 იანვრის ჩათვლით, 2016 წლის 29 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით, 2016 წლის 6 აპრილიდან 2020 წლის 15 აპრილის ჩათვლით, ჯერ სეზონურ, ხოლო შემდეგ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, სამუშაოდ იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თურექთში ყოფნის პერიოდში, დედას მზრუნველობა არ გაუწყვეტია შვილების მიმართ, ოჯახის მიმართ გადმორიცხულია სხვადასხვა ოდენობის თანხები, გადახდილია ყოფილი მეუღლის მიერ აღებული ვალები, დაკმაყოფილებულია შვილების სწავლისა და სხვა საჭიროების ხარჯები, ბავშვების ძიძის ხარჯი და სხვა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ დედის თურქეთიდან დაბრუნებას განსაკუთრებული სიყვარულით და სიხარულით შეხვდნენ შვილები. მათ შორის არ ყოფილა არავითარი გაუცხოება. მამისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ყოფილი მეუღლის დაბრუნება იმ კუთხით, რომ ოჯახის რჩენის ვალდებულებაზე უარი განაცხადა  და ქალბატონი დაავალდებულა, რომ ეშრომა საქართველოში, ნებისმიერი ფორმით, მოეხდინა მისი და ბავშვების დაკმაყოფილება. ამასთან, ქმარმა ქალბატონს განუსაზღვრა, თუ ყოველდღიურად, რა ოდენობის თანხა უნდა დახარჯულიყო ოჯახის პროდუქტებისთვის და რაციონისთვის, რაც არ აღემატებოდა 10 (ათი) ლარს. მამაკაცმა გააგრძელა მოსარჩელის სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობა. ასევე, მამაკაცმა დაიწყო შვილებით მანიპულირება და დედის მიმართ ბავშვების ანტაგონისტურად განწყობა. მორიგი ოჯახური კონფლიქტის დროს, ქალბატონის მხრიდან გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, რომელმაც არ გამოწერა შემაკავებელი ორდერი და მამაკაცი გააფრთხილა მოსალოდნელ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. საპატრულო პოლიციას შემთხვევის დროს თან ახლდა სამედიცინო ბრიგადაც, რომლის დასკვნაშიც ქალბატონმა მოგვიანებით აღმოაჩინა ჩანაწერი, რომ თითქოსდა მას აღენიშნებოდა მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობა, რაც წარმოადგენდა სამედიცინო ჯგუფთან მამაკაცის პირადი დამოკიდებულების შედეგად მიღებულ სასურველ ინფორმაციას.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ბოლო დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საცხოვრებელი სახლი დატოვა და გადავიდა დის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ამჟამადაც ცხოვრობს, ხოლო 2020 წლის სექტემბერში სარჩელი აძღრა ყოფილი მეუღლის მიმართ და მოითხოვა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრა. მამაკაცმა აღნიშნულის საფუძვლად მიუთითა ქალბატონის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და შვილების მასთან დატოვების საფრთხე. ამასთან, სარჩელით აღნიშნა, რომ ქალბატონი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იმყოფებოდა კარანტინში და სასტუმროში ადგილი ჰქონდა სუიციდის შემთხვევას. საქმეში ჩაერთო სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომლის დასკნის თანახმად, სააშკარაოზე გამოვიდა ოჯახური ძალადობის შემთხვევები, ბავშვების რეალური პოზიციები და მამაკაცის მხრიდან განხორციელებული ქმედებების ერთობლიობა. 2020 წლის 21 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანი გოგონაოჯახური კონფლიქტის გამო დათრგუნულია და ფიქრობს სუიციდზე. ბავშვის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მამა მუდმივად განაწყობდა მას დედის წინააღმდეგ. დედამ სახლში აღმოაჩინა სათვალთვალო კამერა, რომელიც დაახლოებით ერთი წელია იყო ჩართულ მდგომარეობაში. გოგონას გადმოცემით, მას არ მოსწონდა ის ფაქტიც, რომ მათ გვერდით ოთახში ცხოვრობდნენ უცხო მამაკაცები, რომლებსაც ფართი მამის მხრიდან ჰქონდათ ნაქირავები. ქ. თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს კიდევ ერთ დასკვნაში დეტალურადაა ნაჩვენები ოჯახური კონფლიქტის შედეგები.

ორგანიზაციის ჩართულობის შედეგად, მხარემ შეძლო მამაკაცის მხრიდან წარმოდგენილი ყველა ბრალდების გაქარწყლება. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 3 თებერვლის დასკვნით, ქალბატონი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედებების მნიშვნელობა და განაგოს იგი. 2020 წლის 19 ოქტომბრის სსიპ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პრევენციის ცენტრის წერილის თანახმად, ქალბატონი არ გადიოდა მკურნალობის კურსს ცენტრის ფსიქიატრიულ სტაციონარულ განყოფილებაში. 2020 წლის 28 ნოემბრის სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წერილით, ქალბატონს სასტუმროს ტერიტორიაზე არ ჰქონია სუიციდის მცდელობა, ასევე არ ჰქონია შენობიდან გადმოხტომის მცდელობას ადგილი. შესაბამისად, ორგანიზაციამ ქალბატონის სახელით სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით და მოითხოვა მამაკაცის მიმართ ალიმენტის დაკისრება, ასევე შვილების საცხოვრებელი ადგილის დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრა, ვინაიდან საქმის მასალებით აღმოჩნდა, რომ მამაკაცს გააჩნდა საკუთარი შემოსავალი, დღემდე მუშაობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტ-პლიუსში“ და სახელფასო დანარიცხი შეადგენდა 375 ლარს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც მამაკაცმა სამართლებრივი წინააღმდეგობა იგრძნო და ქალბატონმა ვარგისი მტკიცებულებები წარუდგინა სასამართლოს, დაიგეგმა შურისძიების ახალი მიმართულება. აღმოჩნდა, რომ ჩვეული საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ოჯახი წლების განმავლობაში ცხოვრობდა, მამაკაცმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა. სახლის ახალი მესაკუთრე მამაკაცის მირონით ნათესავი და თანასოფლელი ქალბატონი აღმოჩნდა. შესაბამისად, სახლის ახალმა მესაკუთრემ, რომელიც უძრავი ნივთი თვალთმაქცური გარიგებით მიიღო, ახალი სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას - ქალბატონის და მისი არასრულწლოვანი შვილების გამოსახლებას.

2021 წლის 18 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, არასრულწლოვნების ჩვენებების მათ სრულწლოვნებამდე გასაიდუმლოების თაობაზე. ამავე სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით, უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრის სარჩელის ფარგლებში, მიღებული იქნა გადაწყვეტილება არასრულწლოვანების ინტერესების დაცვის მიზნით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის ადვოკატად დანიშვნის შესახებ. საქმეზე სამართალწარმოება გრძელდება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ დასახელებულ საქმეებს სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია. ამასთან, ფაქტები მიუთითებენ ოჯახური ძალადობის, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განგრძობით ხასიათზე. შესაბამისად, ორგანიზაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მიმართავს დაცვის არამხოლოდ განსაკუთრებულ ღონისძიებებს, არამედ ძალადობის მსხვერპლი ქალბატონის ინტერესების დაცვის მიზნით, საჩივარს შეიტანს საქართველოს გენერალურ პროკურატურაშიც. ორგანიზაცია საქმის ირგვლივ შედეგებზე საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას.  



კომენტარები