2021 წლის 30 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერდა ნოტარიუსის მიერ 2021 წლის 2 თებერვალს გაცემული აღსრულების ქვემდებარე აქტის - სააღსრულებო ფურცლის მოქმედება და სააღსრულებო წარმოება, რომლის თანახმადაც, აუქციონზე გასატანად მზადდებოდა იპოთეკით დატვირთული 113,400 ლარად შეფასებული მოქალაქის ერთადერთი საცხოვრებელი სახლი. გადაწყვეტილება საქმეზე მოსამართლე თეა ბერაიამ მიიღო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმოებაშია საქმე, რომელიც შეეხება ნოტარიუსის მიერ 2021 წლის 1 თებერვალს გაცემული სააღსრულებლო ფურცლის გაუქმებასა და სადაზღვევო კომპანია მიმართ სააღსრულებლო ფურცლის ფარგლებში გადახდილი 13,640 ლარის დაკისრების მოთხოვნას. საქმის მასალების დგინდება, რომ 2018 წლის 6 სექტემბერს, შპს-სა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება. შპს კისრულობდა ვალდებულებას ერთ-ერთი კოლეჯის სარგებლობაში არსებული შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებზე. საგარანტიო თანხამ შეადგინა 22 400 ლარი.
2018 წლის 5 სექტემბერს, სადაზღვევო კომპანიასა და მოქალაქეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, შპს-სა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოქალაქის უძრავი ქონება ქ. თბილისში, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 113,400 ლარს. კოლეჯმა წერილით მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა მის მიერ შპს -ზე 2018 წლის 06 სექტემბერს გაცემული ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის - 22400.00 ლარის საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხვა.
2019 წლის 1 ნოემბერს, სადაზღვევო კომპანიასა და კიდევ ერთ შპს-ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თავმდებმა შპს-მ ძირითად შპს-თან ერთად, სადაზღვევო კომპანიის წინაშე აიღო ვალდებულება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული დავალიანების დაფარვაზე. მთლიანობაში, თავმდები შპს-ს მხრიდან სადაზღვევო კომპანიის მიმართ რეგრესული დავალიანებიდან - 22534 ლარიდან გადახდილი იქნა 13,640 ლარი, ხოლო რეგრესულ დავალიანებას შეადგენს - 8894 ლარი.
2021 წლის 1 თებერვალს, სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნით, სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მოქალაქის უძრავ ნივთზე, ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებლო ფურცელი. 2021 წლის 8 თებერვალს, კერძო აღმასრულებელის მიერ მოვალე მოქალაქეს ეცნობა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. იქედან გამომდინარე, რომ საგარანტიო თანხის ფარგლებში ძირითად შპს-სა და კოლეჯს შორის დავას განიხილავს სხვა სასამართლო, სადაზღვევო კომპანია არ დაელოდა დასახელებულ საქმეზე შედეგის დადგომას და გადაწყვიტა 113,400 ლარის ღირებულების ქონება რეგრესული დავალიანების - 8894 ლარის გამო, გაეტანა და გაეყიდა აუქციონის გზით. სადაზღვევო კომპანიამ ვალდებულების შესრულებისთვის მხარეს დაუწესა კონკრეტული ვადა. ძირითადმა შპს-მ და ქონების მესაკუთრემ იურიდიული დახმარების აღმოჩენის მიზნით მომართეს „ახალგაზრდა ადვოკატებს“. სასამართლომ გაიზიარა მხარის მტკიცება და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერდა ნოტარიუსის მიერ 2021 წლის 2 თებერვალს გაცემული აღსრულების ქვემდებარე აქტის - სააღსრულებო ფურცლის მოქმედება და სააღსრულებო წარმოება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით საქმეზე წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და მთავარი იურისტი ნიკა მენოგნიშვილი ახორციელებენ.