სახელმწიფოს სასარგებლოდ, 2012-2021 წლებში, უსასყიდლოდ 291,432.62 კვ.მ უძრავი ქონება მიატოვეს

16 აგვისტო, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ შესწავლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, 2012-2021 წლებში უძრავი ქონებების დათმობის საკითხის მონიტორინგს შეეხება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ორგანიზაციამ შეისწავლა საკითხი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, თუ რამდენი ქონება გადაეცა სახელმწიფოს უსასყიდლოდ, ჩუქების ფორმით, მიტოვების გზით ან/და სხვა სამართლებრივი ფორმით. ამასთან, დასახელებულ პერიოდში, მოქალაქეებმა ან/და იურიდიულმა პირებმა რამდენჯერ დათმეს წილები/აქციები/ავტომანქანები სახელმწიფოს სასარგებლოდ, როგორც ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა აღმოჩნდა 2004-2012 წლების ანლოგიურ საკითხზე ორგანიზაციის მხრიდან მომზადებული შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დგინდება, რომ სახელმწიფოს სასარგებლოდ, 2012-2021 წლებში, ფიზიკურმა და იურიდულმა პირებმა უსასყიდლოდ 291,432.62 კვ.მ უძრავი ქონება დათმეს. საუბარია მიწის ნაკვეთებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შესწავლა ცხადყოფს, რომ 81 ფიზიკური პირისა და 8 იურიდიული პირის (შპს-ს) მხრიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობილია 91 უძრავი ქონება, რამაც ჯამში შეადგინა 291,432.62 კვ.მ ფართობი. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დასახელებული ქონებები სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობილია ერთი და იმავე სამართლებრივი საფუძვლით. კერძოდ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების საფუძვლით და ყველა მათგანის მესაკუთრე, დღესდღეობით - სახელმწიფოა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია არ შეიცავს მონაცემებს ჩუქების ან/და სხვა სამართლებრივი ფორმით სახელმწიფოს სასარგებლოდ სხვა ქონების დათმობის თაობაზე და განმარტებულია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში დაცულია მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც გასაჯაროვდა. შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან მიტოვებული ქონებების სიმრავლე გვხვდება შემდეგ მუნიციპალიტეტურ ერთეულებში: თბილისი - 29, ბათუმი -2, ბორჯომი -2, ტყიბული -2, თეთრიწყარო -2, შუახევი - 2, რუსთავი - 6, გორი - 5, ხულო - 8, ზუგდიდი - 4, მარნეული - 3, გურჯაანი - 5, ასპინძა - 4, ზესტაფონი, ხაშური, ქუთაისი, წყალტუბო, ამბროლაური, აბაშა, ყვარელი, დმანისი, საგარეჯო, ახალციხე, სენაკი, ხელვაჩაური, გარდაბანი, თელავი, ჭიათურა, ჩოხატაური და ქარელი - თითოეულ მათგანში 1. უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს მხრიდან წარმოდგენილ ინფორმაციაში ზუსტად არის მოცემული სტატისტიკური მაჩვენებლები, საკუთრების უფლების მიტოვების გზით გადაცემული უძრავი ქონებები, საკადასტრო კოდები და თანდართული განცხადებები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა უფლების მისატოვებლად აუცილებელია უფლებამოსილი პირის განცხადება ამ უფლების მიტოვების შესახებ, და ამ განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. განცხადება უნდა ჩაჰბარდეს რეესტრის სამსახურს. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს უფლების მიტოვების განცხადება სავალდებულო ძალას. ორგანიზაციის მიერ შესწავლილი ყველა ქონება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და რეგისტრირებულია სწორედ კანონის დასახელებული მუხლისა და საფუძვლის თანახმად.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე ანალოგიური შესწავლის შედეგები 2015 წელს 2004-2014 წლის პერიოდის მიხედვითად გამოაქვეყნეს. მაშინდელი მონიტორინგის შედეგად, 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს უსასყიდლოდ, ჩუქების ფორმით გადაეცა 369 ქონება, მიტოვების გზით და სხვა სამართლებრივი ფორმით კი - 1941. საერთო ჯამში, სახელმწიფომ მიიღო 2310 ქონების განკარგვის უფლება. ამასთან, შესწავლილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ 2004-2012 წლებში, სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქალაქეებმა წილები/აქციები დათმეს 150-ჯერ, ხოლო სახელმწიფო გახდა 864 ავტომობილის მფლობელი. მთლიანობაში, სახელმწიფომ 2004-2012 წლებში, მოქალაქეებისგან 5634 ქონება მიიღო.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ საკითხის შესწავლის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის ივნისში მიმართა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წერილზე გამოხმაურება 2021 წლის 26 ივლისს გასცა. ორგანიზაცია საკითხზე მუშაობას გააგრძელებს. 



კომენტარები