ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გელათის ტაძრის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების საქმეზე „სასამართლო მეგობრის“ სტატუსით წარდგენილი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლებრივი დასკვნა გაიზიარა და პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებისგან განსხვავებით, ძეგლის ობიექტზე კომპანია „იკორთა 2007“-ის მიერ განხორციელებული სამშენებლო ჩარევა და განხორციელებული ყველა დონის საქმიანობა კანონის დარღვევად აღიარა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ გაეცნო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის დადგენილებას, რომელიც განმარტავს შემდეგს:
„სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო მეგობრის სტატუსით სამართლებრივი დასკვნები და რეკომენდაციები იქნა წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ, საიდანაც სააპელაციო სასამართლო იზიარებს იმ თვალსაზრისს, რომ არასწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტა შპს „იკორთა 2007“-სთან მიმართებით, რადგანაც იგი სწორად იქნა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწლით. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას იმის შესახებ, რომ სანებართვო მოწმობა შპს „იკორთა 2007“-ის სახელზე ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორის განცხადებით არასწორად იქნა გაცემული, რადგან ამ უკანასკნელს აღნიშნული უფლებამოსილება არ გააჩნდა, თუმცა მიაჩნია, რომ შპს „იკორთა 2007“-თან მიმართებით უდავოდ ფაქტობრივად სახეზეა ამავე მუხლის შემადგენლობის სხვა ელემენტი - „კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა“, რომელიც „იკორთა 2007“, რაგინდ კეთილშობილური მიზნებიც არ უნდა ჰქონოდა, იმპერატიულად უკრძალავდა არათუ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის, არამედ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რაიმე სახის სამუშაოების ჩატარებას კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართალდარღვევის საქმეზე, როგორც სამუშაოების უშუალო შემსრულებელს, „იკორთა 2007“-საც უნდა დაკისრებოდა შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო მეგობრის ა/ო „ახალგაზრდა ადვოკატებისა“ და ასევე, საჩივრის ავტორის სამართლებრივ თვალსაზრისს შპს „იკორთა 2007“-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის არამართლზომიერებაზე, თუმცა რაც შეეხება მოთხოვნას შპს „იკორთა 2007“-ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში გასაჩივრებული დადგენილების გაუქმების შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება შეუძლია გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება, დაზარალებულმა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2021 წლის 16 აპრილის დადგენილება შპს „იკორთა 2007“-ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში არ გაუსაჩივრებია არც ოქმის შემდგენ ორგანოს და არც სამართალდამრღვევ შპს „იკორთა 2007“-ს“. (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 01.07.2021 დადგენილება, საქმე #4/ა-211-21).
„ახალგაზრდა ადვოკატები“ გელათის ტაძრის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასების კუთხით კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მთავარი პასუხისმგებელი სუბიექტია, რომელმაც არასათანადო კოორდინაციისა და არაჯეროვანი ქმედებების შედეგად, დაუშვა ძეგლის დაზიანება. ნაცვლად იმისა, რომ სააგენტოს დაუყონებლივ შეემოწმებინა სამუშაოები და წამოეყენებინა პრეტენზია, თითქმის ორი თვე არ გადამოწმდა ტაძრის მდგომარეობა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ადგილზე ვიზიტის შემდეგ გამოითქვა პრეტენზიები, 2021 წლის 18 იანვარს შემოწმდა ძეგლის მდგომარეობა და დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, სამუშაოების შეუსაბამოდ განხორციელების დარღვევად ჩათვლის გამო, მიღებული იქნა შპს „იკორთა 2007“-ისა და ა(ა)პ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ ფინანსური დაჯარიმების გადაწყვეტილება.
ორგანიზაცია კვლავ იზიარებს იმ შეხედულებას, რომ ადმინისტრაციული აქტი შედგენილია კანონდარღვევით და ნაჩქარევად, რასაც წინ უსწრებდა სააგენტოს მიმართ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის დასაბუთებული კრიტიკა. სამართალდარღვევის ოქმის გამოცემის შემდგომ შექმნილია კიდევ უფრო მეტი სამართლებრივი კაზუისტიკა. კერძოდ, ოქმი შედგენილია ორი დამოუკიდებელი იურიდიული პირის მიმართ, რომლებსაც ერთმანეთთან არანაირი სამართლებრივი კავშირი არ გააჩნიათ და არც რაიმე პასუხისმგებლობას იზიარებენ ერთობლივად. კერძოდ, შპს ,,იკორთა 2007’’-ის მიმართ კანონდარღვევით იქნა გაცემული ნებართვა, რადგან მას არ მიუმართავს განცხადებით სააგენტოსათვის. შესაბამისად, ვერ გახდებოდა სანებართვო პირობების დამრღვევი, ხოლო როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, დროებითი გადახურვის სამუშაოები ხორციელდებოდა ა(ა)იპ ,,საქართველოს მემკვიდრეობის’’ მიერ შედგენილი და არა ერთხელ კორექტირებული, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით. თითოეული ცვლილება შეთანხმებული იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. შესაბამისად, როდესაც სააგენტო შპს „იკორთა 2007“-თან ერთად, ა(ა)იპ ,,ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს’’ მიიჩნევს პასუხისმგებელ სუბიექტად, ასეთი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ორგანიზაციასთან მიმართებით, არ იკვეთება, ვინაიდან ა(ა)იპ ,,ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ უშუალოდ არ მონაწილებდა არც პროექტის შედგენაში, არც დამტკიცებაში და არც სამშენებლო სამუშაოებში. სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა მხოლოდ შპს „იკორთა 2007“ ა(ა)იპ ,,საქართველოს მემკვიდრეობის’’ მიერ შედგენილი და არა ერთხელ კორექტირებული პროექტის ფარგლებში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-10 მუხლის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვები არ გაიცემა, თუ სამუშაოების ჩატარებაზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, თუ „იკორთა 2007“-ის მიმართ დადგებოდა სამართალდარღვევის შემთხვევა, კომპანია ვეღარ შეძლებდა საქმიანობის გაგრძელებს ვერც ერთ შემდგომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ორგანიზაცია მიდის დასკვნამდე, რომ შესაძლებელია შპს „იკორთა 2007“-ის მიმართ სამართალდარღვევაში პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ჰქონდეს მიზანმიმართული ინტერესი, არ გამომდინარეობდეს ფაქტების ობიექტური შეფასებიდან და სახელმწიფოსთან ერთად, სასამართლოს საშუალებით, ემსახურებოდეს დაფარული გარიგებების შენარჩუნებას და მომავალი საქმიანობის დაცვას, ვინაიდან შესწავლამ აჩვენა, რომ კომპანიასა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შორის, წლების მანძილზე ჩამოყალიბებულია მტკიცე კავშირები, თანამშრომლობა და ურთიერთმფარავი ნება. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, სააგენტომ შეგნებულად არ გაასაჩივრა საქმის წარმოების შეწყვეტის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „იკორთა 2007“ ძეგლზე კანონდარღვევით და უნებართვოდ ახორციელებდა სამუშაოებს, რაც საკითხზე სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ ჩართულია მსოფლიო კულტურული მნიშვნელობის ძეგლის - გელათის ტაძრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების საზოგადოებრივ დისკუსიაში. ორგანიზაციამ არსებითად შეისწავლა ძეგლის გარშემო მიღებული გადაწყვეტილებები, მოამზადა სამართლებრივი კვლევა, ანალიზი და სარეკომენდაციო წინადადებები, რომელიც 2021 წლის აპრილში გამოქვეყნდა. საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ნანა კალანდაძემ (თავმჯდომარე), ხათუნა ხომერიკმა და შოთა სირაძემ განიხილეს.