ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სეისმური მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხზე შესწავლას აგრძელებს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორ თეა გოდოლაძის დაინტერესებისა და შესაძლო კომერციული ინტერესების საკითხზე განმარტებებს მოითხოვს. ამასთან, ორგანიზაცია განმარტებებს მოითხოვს თეა გოდოლაძის პარტნიორობით მოქმედი ორგანიზაციის მხრიდან ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს მშენებლობის პროცესში გაცემული დასკვნის გამო, რომელიც სავარაუდოდ კორუფციული დოკუმენტის შეფასებას ტოვებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დღემდე უარს ამბობს ნ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებისთვის ხელმისწავდომი გახადოს სეისმური მონაცემები და განმარტებულია, რომ მეცნიერები აღნიშნულ მონაცემებს იღებენ საერთაშორისო ბაზებიდან, სადაც განთავსებულია მწირი მონაცემები მაგნიტუდა 3-ის ზემოთ საქართველოს ტერიტორიისთვის. ორგანიზაციამ შესწავლის ფარგლებში მიიღო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის წერილი, რომელიც მეცნიერების დარგში საქართველოს მთავრობის მრჩეველ კანონის საფუძველზე მოქმედ ორგანოს წარმოადგენს, სადაც აღნიშნულია, რომ გეოფიზიკის ინსტიტუტის მოთხოვნა მისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში დაცული ე.წ. საწყისს მონაცემთა ბაზაზე ხელმისწვდომობასთან დაკავშირებით - სამართლიანია. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აღნიშნავს, რომ ილიას უნივერსიტეტის შესაბამისი ერთეულის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე, კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს ამ მონაცემების გადაცემაზე. შესაბამისად, ორგანიზაცია დამატებით დაინტერესდა ცენტრის დირექტორის მსგავსი მიდგომების იმ ფაქტობრივი საფუძვლებით, რომელიც საჯარო წყაროებით შეიძლება გამხდარიყო შეფასების საგანი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერის თანახმად, თეა გოდოლაძე ფლობს 40%-იან წილს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში - „სეისმიკ კონსალტინგ“ (ს/კ 204542021). დასახელებული კომპანიის სხვა პარტნიორებია: ზურაბ ჯავახიშვილი (30% წილის მფლობელი), მიხეილ ელაშვილი (20% წილის მფლობელი) და მალხაზ გიგიბერია (10% წილის მფლობელი). კომპანიის დამფუძნებელი და პირველი დირექტორი დასახელებულ პარტნიორებთან ერთად, სწორედ თეა გოდოლაძეა, კომპანია კი 2007 წლის ოქტომბრიდან საქმიანობს. საზოგადოების საქმიანობის ძირითადი საგანი და მიზნებია: მომსახურება გეილოგიური-გეოფიზიკური დარგის კუთხით, გრუნტის თვისებების კვლევა, ტერიტორიის სეისმური საშიშროების შეფასება, სამშენებლო უბნების ტოპოგეოდეზიური მომსახურება, ნებისმიერი მასშტაბის ნაგებობების მონიტორინგი საპროექტო, სამშენებლო და ექსპლუატაციის ეტაპებზე, საინვესტიციო პროგრამებში მონაწილეობა და სხვა.
ორგანიზაციამ შეისწავლა შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის ერთ-ერთი საყურადღებო დასკვნა, რომელიც მოწოდებული იქნა ნ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტიდან და შეეხება მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელებას ქ. ბათუმში, მსოფლიოში ცნობილი სასტუმროს ბრენდის მშენებლობის პროცესში. ანგარიშის სახელწოდებაა: „სეისმური საშიშროების ალბათური შეფასება გრუნტის ლოკალური პარამეტრების გათვალისწინებით (სეისმური მიკროდარაიონება) სასტუმრო შავი ზღვის სამშენებლო უბანზე, ქ. ბათუმში გრუნტის საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების კვლევა სეისმო-საძიებო მეთოდების გამოყენებით“ (2009 წ), რომელის მიმართაც, სახელმწიფოს მხრიდან, არ გაცემულა დადებითი რეკომენდაცია და თანხმობა.
აღმოჩნდა, რომ დოკუმენტში ადგილი ჰქონდა ისეთ შეცდომებს, როგორიცაა სქემატური რღვევითი ტექტონიკის მოდელების გამოყენება, სეისმური კერების ზონების არასწორი პარამეტრიზაცია, უზუსტობები პიკური აჩქარების დაცხრომების არჩევაში და ა.შ. რაც არ იძლეოდა ქ. ბათუმში სასტუმროს მშენებლობის მოედნის სეისმური საშიშროებოს ობიექტურ, სწორ შეფასებას. სეისმური საშიშროების სიდიდე მნიშვნელოვნად იქნა დაწეული (0.07g) და მისი გამოყენებით აგებულ მაღლივ შენობას მომავალში დაემუქრებოდა მნიშვნელოვანი საფრთხე. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება #1-1/2284 თანახმად, რომელიც შეეხება სამშენებლო ნორმებისა და წესების - „სეისმომედეგი მშენებლობა“ (პნ 01.01.09) დამტკიცებას, სეისმური საშიშროების რუკაზე, სეისმურობის უგანზომილებო კოეფიციენტი ქ. ბათუმთან მიმართებით, 7-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში, წარმოადგენს 0.09g-ს. იმისთვის, რომ ქ. ბათუმში, ასაშენებელ ობიექტზე 0.07g-ს მითითებით სეისმური კოეფიციენტი გაზიარებულიყო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ უნდა წარდგენილიყო სპეციალური კვლევა, რომელიც დაასაბუთებდა სეისმური საშიშროების რუკაზე, ქ. ბათუმთან მიმართებით დადგენილი 0.09g კოეფიციენტის უარყოფას და შეცვლის დასაშვებობას, თუმცა შეცვლილი კოეფიციენტის დამტკიცებას სჭირდებოდა მინისტრის შესაბამისი ხელმოწერა და გადაწყვეტილება.
სწორედ ამ პროცედურების გათვალისწინებით, შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის დასკვნა შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით, რეგისტრირდა სამინისტროში, თუმცა მინისტრმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. შესაბამისი შეფასების მისაღებად, დასკვნა გადაგზვანილი იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმართ, აკადემიამ კი თავის მხრივ შეფასებისთვის მიმართა მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტს. შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის დასკვნაზე მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერების მხრიდან წარმოდგენილი იქნა შეფასებები, რომლითაც გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები და უარყოფითი რეკომენდაცია გაიცა დასკვნის მიმართ (2012 წ). შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის დასკვნა, საბოლოოდ, სამინისტრომ არ დაამტკიცა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის დაწუნებული ანგარიში, კომპანიის სახელით, შესაძლოა, მომზადებულიყო ბიზნესს-ჯგუფთან ფარული გარიგების საფუძველზე, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ინვესტორი გაცილებით იაფ ხარჯს სწევს, როდესაც ობიექტის სეისმური მდგრადობა შეფასებულია დაბალი ნიშნულით. ამ დასკვნის მომზადების დროს თეა გოდოლაძე შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიუთითებს, რომ შპს „სეისმიკ კონსალტინგ“ მოქმედი, სფეროში წარმატებული კომპანიაა, რომლის 40% წილის მფლობელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძეა, მას კი გააჩნია გამოკვეთილი და კატეგორიული პოზიცია არ გასცეს ცენტრში დაცული ე.წ. საწყისს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია, რაც ბადებს ლეგიტიმურ შეკითხვებს არამხოლოდ ქცევის პროფესიულ კეთილსინდისიერებაზე, არამედ კომერციულ ინტერესებზე. ფაქტობრივად, ამ პირველად სეისმურ მონაცემებს ფლობს მხოლოდ ცენტრი და მას წარმატებით, კომერციული მიზნებისთვის იყენებს შპს „სეისმიკ კონსალტინგ“, რითაც ცენტრის დირექტორი პირადი კომპანიის საშუალებით ქმნის სფეროში ფუნქციურ მონოპოლისტს, კლავს ჯანსაღ კონკურენციას, ხოლო შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის დასკვნებისა და შეფასებების შემოწმება ვერ მოხდება თანაბარი, ალტერნატიული დასკვნებითა და შეფასებებით, რადგანაც შედარებითი ანალიზისთვის საჭირო, ავთენტური და ობიექტური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის არც ერთი მეცნიერისა და სპეციალისტისთვის. აღნიშნული კონტროლის ფუნქცია, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ნ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტს, რომელიც მრავალი წელია თეა გოდოლაძისგან უშედეგოდ მოითხოვს სეისმურ მონაცემებზე დაშვებას. შესაბამისად, საკითხის გაუმჭვირვალობა აჩენს არამხოლოდ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამატების რისკებს, არამედ ქმნის სავარაუდო ფარაული გარიგებების ალბათობას ბიზნესთან (სასურველი დასკვნების მიღების კუთხით) და სავარაუდო კორუფციულ ნიშნებს, რაც მოითხოვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებების დაინტერესებას.
ცნობისთვის: ორგანიზაცია აგრძელებს საკითხზე ადვოკატირებას, რომელმაც უკვე მიმართა საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს, ნ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტს. ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას საკითხი დასვას, მათ შორის საერთო სასამართლოების გზით, თუკი სეისმური მონაცემების ხელმისწავდომობის საკითხი არ გადაწყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.