თეა გოდოლაძის ცენტრი მაგნიტუდა 3 ქვემოთ მონაცემს არც საგანგებო სიტუაციების სამსახურს აწვდის

31 აგვისტო, 2021

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრი საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, მაგნიტუდა 3 ქვემოთ მონაცემებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ აწვდის, რაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მოვალეობის შესრულებაზე, ცენტრის მხრიდან შეგნებული მავნებლობაა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან წარმოებული კომუნიკაციის შედეგად დგინდება, რომ სახელმწიფო დაწესებულება სეისმური მონაცემების დამუშავებას უშუალოდ არ ახორციელებს, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მაგნიტუდა 3-ს ზემოთ სეისმურ მონაცემებს კი, სწრაფი შეტყობინების სისტემის მეშვეობით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრისგან იღებს. ორგანიზაციის განმარტებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებასა და სამოქალაქო უსაფრთხოების, ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას, მაგრამ იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრის შეგნებული პოლიტიკის შედეგად, არც ერთ სახელმწიფო უწყებას მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. საქართველოს მთავრობას არ გააჩნია ერთიანი ხედვა და ეროვნული სტრატეგია სეისმური უსაფრთხოების საკითხებზე, ხელმისწავდომი არ არის ინფორმაცია მიწისძვრების სრული და ზუსტი სტატისტიკის თაობაზე, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოვალეობების შესრულება და შესაბამისი მომზადება მოსახლეობას საზოგადოებრივი თავდაცვის საკითხებში, ფორმალურ ხასიათს იძენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრი დირექტორი თეა გოდოლაძე არ გასცემს ცენტრში დაცულ ე.წ. საწყისს მონაცემთა ბაზაში დაცულ ინფორმაციას. ცენტრის დირექტორის განპიროვნებული პოლიტიკა - არც სამეცნიერო წრეებსა და არც სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სამოქალაქო უსაფრთხოების, მიწისძვრების შესწავლისა და კვლევის საკითხებზე, არ გაიცეს მაგნიტუდა 3 ქვემოთ მონაცემები და გაიცეს მხოლოდ მაგნიტუდა 3-ს ზემოთ სეისმური მონაცემი, რომელიც თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში, ყოვლისმომცველი და სრულფასოვანი ინფორმაცია არ არის, წარმოადგენს შეგნებულ მავნებლობას. შესაბამისად, ორგანიზაცია მოითხოვს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრმა მიიღოს გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანგებო სიტუაციების სამსახურს სრულად მიაწოდოს მიწისძვრების შესახებ ყველა მონაცემი, რათა სახელმწიფოს დასახელებულმა უწყებამ შეძლოს რისკებისა და მოსალოდნელი საფრთხეების დროული ანალიზი.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხის სრულფასოვანი შესწავლა 2021 წლის ივლისში დაიწყო. ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას საკითხის ირგვლივ განახორციელოს სამოქალაქო ადვოკატირება, მათ შორის საერთო სასამართლოების გზით, თუკი სესიმური მონაცემების ხელმისწავდომობის საკითხი არ გადაწყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმების გზით ან/და მთავრობის ჩარევის გარეშე.



კომენტარები