სასამართლომ სამხარაულის ბიუროს უკანონო ქმედებების შემოწმება დაიწყო და კამერის ჩანაწერების ამოღება დაავალა

3 სექტემბერი, 2021

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაევალა დაუყოვნებლივ მოახდინოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერის სასამართლოში წარმოდგენა, რომელიც ასახავს საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფაქტს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ახალგაზრდა ადოკატები“ ავრცელებს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 2021 წლის 3 აგვისტოს კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი გამოცხადდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რა დროსაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ შენობის პერიმეტრზე მის დაშვებაზე, რის გამოც უკანონოდ შეეზღუდა საჯარო სერვისით სარგებლობის ხელმისაწვდომობა, დაზარალდა საქმის ინტერესები, ზიანი წარმოიშვა იურიდიული ხელშეკრულების განხორციელებაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. 2021 წლის 3 აგვისტოს საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმის მიხედვით, დგინდება, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, არჩილ კაიკაციშვილი გამოცხადდა 2021 წლის 3 აგვისტოს 17:57 საათზე, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა შენობის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, იმ მიზეზით, რომ სამუშაო საათები უკვე დასრულებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ არჩილ კაიკაციშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს აჩვენა მაჯის საათი და მობილურ ტელეფონზე დაფიქსირებული დრო, რომლებზეც ჯერ კიდევ არ ფიქსირდებოდა 18:00 საათი, მას უპასუხეს, რომ დარჩენილ დროში იგი ვერ მოასწრებდა განცხადების დაწერას. არჩილ კაიკაციშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, ასევე აჩვენა სარეგისტრაციოდ გამზადებული 3 დოკუმენტი, რომლებიც საჭიროებდა მხოლოდ ჩაბარებას. მისი დასაბუთების მიუხედავად, აღნიშნული დოკუმენტაციის რეგისტრაციის აუცილებლობის თაობაზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა მის მიმართ მოახდინეს ფიზიკური ზემოქმედება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, 2021 წლის 4 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა არ წაეშალათ და მისთვის გადაეცათ 2021 წლის 3 აგვისტოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელთა კაბინასთან - შესასვლელ კართან 17:55 საათიდან 20:00 საათის მდგომარეობით. 2021 წლის 12 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ 2021 წლის 3 აგვისტოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეიცავენ ინფორმაციას სხვა ფიზიკური პირების მიმართაც და კამერების ჩანაწერების გადმოცემის შემთხვევაში, ადგილი ექნებოდა ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების დამუშავებას. შესაბამისად, დასახელებული საფუძვლით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ინფორმაციის გაცემაზე. მხარე სადაოდ ხდის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფაქტს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების არამართლზომიერ ქმედებებს, რამაც გამოიწვია ზიანი. შესაბამისად, აქვს იურიდიული ინტერესი სასარჩელო წარმოების გზით, 2021 წლის 3 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამოცხადების დროის დადგენასა და თანმდევ შედეგებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი უთითებდა ისეთ გარემოებაზე, რაც სასამართლოს აძლევდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მტკიცებულებათა წარმოდგენა შემდგომში შეუძლებელი ან ძნელი გახდებოდა. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერები, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს, რომლებიც ამჟამად იმყოფება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. აღნიშნული ჩანაწერების შენახვის ვადას წარმოადგენს 30 დღე, ხოლო ინციდენტი მომხდარია 2021 წლის 3 აგვისტოს, შესაბამისად, მხარეს 2021 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით უნდა შეძლებოდა მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ღრმა წუხილს გამოთქვამს, როგორც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ასევე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეუფერებელი ქმედებებისა და შემდგომი დამოკიდებულებების გამო. საჯარო უწყებების მენეჯმენტში დაშვებული შეცდომები და ამ შეცდომებზე შეგნებული დუმილი, ძირს უთხრის მართველობის სისტემას, რომელიც კანონიერებასა და თანასწორუფლებიანობას უნდა ემყარებოდეს. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევას ორგანიზაციისთვის აქვს სტრატეგიული სამართალწარმოების მნიშვნელობა. ამდენად, საქმის მსვლელობის თაობაზე, ორგანიზაცია განახლებულ ინფორამციას მიაწვდის საზოგადოებას.

საქმეზე მტკიცებულების უზრუნველყოფის გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის უფლებამოსილებას 2021 წლის ივნისიდან ასრულებს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რაც მოსამართლის მხრიდან საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის ინტერესებითაა ნაკარნახევი. 



კომენტარები