"რას მოუტანს პრეზიდენტის მასშტაბური შეწყალება საზოგადოებას?!"

25 ოქტომბერი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივითა და სპეციალისტების მონაწილეობით, თემაზე: „რას მოუტანს პრეზიდენტის მასშტაბური შეწყალება საზოგადოებას?“, მრგვალი მაგიდა გაიმართა. ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში არსებულ სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის შეფასებას მიღებულ შეწყალებებისა და ამნისტიების ნაწილში. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განიხილეს პრეზიდენტის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე მასშტაბური – 2013 წლის 19 აგვისტოს განხორციელებული შეწყალება, რა დროსაც 18.000 ათასამდე მოქალაქეს პირობითი მსჯავრი და ნასამართლეობა მოეხსნათ.

ინიციატივის  მიხედვით, შეწყალება შეეხო ისეთ  პირებს, რომლებსაც  ჩადენილი აქვთ ისეთი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, როგორიცაა: გაუპატიურება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება, ყაჩაღობა,  ნარკოტიკული დანაშაულები და სხვა. ასეთ დანაშაულებისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალება, საქმეების ინდივიდუალურად შესწავლის და იმის დადგენის გარეშე, რომ მსჯავრდებული თავისი ქმედებით და ცხოვრების წესით ნამდვილად იმსახურებს შეწყალებას, შესაძლოა  მოქალაქეებმა აღიქვან, როგორც  რიგი მძიმე დანაშაულებისდმი სახელმწიფოს ლოიალური პოლიტიკის გამოხატულება. შეწყალების აქტზე საქართველოს კანონმდებლობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამნისტიისგან განსხვავებით, შეწყალება არის საქმის ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე მიღებული აქტი, რასაც წინ უნდა უძღოდეს მსჯავრდებულის საქმის დეტალური გამოკვლევა. პრეზიდენტის ინიციატივა კი აღნიშნულ პრინციპს ეწინააღმდეგება.  იმ პირობებში, როდესაც არ მოხდება საქმეების დეტალურად შესწავლა, საფიქრალია, ხომ არ მოახდენს ნასამართლობის გაქარწყლება  შემდგომი დანაშაულის ფაქტობრივ წახალისებას - რეციდივის შემთხვევაში დამნაშავისათვის შედარებით ლმობიერი სასჯელის გარანტირებით?

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ  საქართველოს პრეზიდენტი, წლების განმავლობაში, თავად იყო მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების ინიციატორი და მხარდამჭერი, ხოლო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ასეთი მასობრივი შეწყალების ინიციატივით გამოსვლა, ავტომატურად ბადებს ეჭვს, რომ პრეზიდენტის ქმედება არა უბრალოდ ჰუმანური ნაბიჯი, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანია იმის გათავისებაც, რომ კოპენჰაგენის ფუნდამენტური დოკუმენტი ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს სახელისუფლებო და პარტიული საქმიანობის გამიჯვნა და არ დაუშვას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება პარტიული მიზნებისათვის. რამდენად შეესაბამება კოპენჰაგენის ფუნდამენტური დოკუმენტის მოთხოვნებს საქართველოს პრეზიდენტის მასშტაბური შეწყალების გადაწყვეტილება? გატარებული მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის შემდეგ,  არის თუ არა  18 000 პირის შეწყალება, უბრალოდ, პრეზიდენტის ჰუმანური გადაწყვეტილება თუ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი? მრგვალი მაგიდის მოანწილეებმა, ამ თემაზე, განსხვავებული მოსაზრებები წარმოადგინეს.

ამასთან, შეხვედრაზე განხილულ იქნა პარლამენტის ამნისტიისა და პრეზიდენტის შეწყალების ინიციატივების შედარება და შესაძლო შედეგები. მრგვალი მაგიდის განხილვის ერთ–ერთი თემაა გახლდათ მასშტაბური შეწყალებების გავლენა მართლმსაჯულების ავტორიტეტსა და ეფექტურობაზე და პატიმრების ფსიქოლოგია. ამასთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლებრივი და პოლიტიკური პრაქტიკა შეწყალებებსა და ამნისტიასთან დაკავშირებით.

სადისკუსიო შეხვედრაზე მოანწილეობას იღებდა მოწვეული სპიკერები, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, უფლებადამცველები, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და თემით დაინტერესებული მედია.



კომენტარები