სასამართლომ Geosilkroad-ის წინააღმდეგ ფინანსური დირექტორის მოთხოვნა მიუღებელ ხელფასზე, სრულად დააკმაყოფილა

5 ოქტომბერი, 2021

2021 წლის 5 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ კომპანია Geosilkroad-ის (www.gsr.ge) 2020 წლის აპრილამდე ფინანსური დირექტორის სარჩელი, გადაუხდელი შრომითი ანაზღაურების - ხელფასის მოთხოვნით, სრულად დააკმაყოფილა. საქმეზე კომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორის ინტერესებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“  წარმოადგენდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოსარჩელე დასაქმებული გახლდათ მოპასუხე კომპანიის ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები დასრულდა 2020 წლის აპრილში. ფინანსური დირექტორი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, რაც გამოწვეული გახდა Geosilkroad-ის წინაშე ახალი კორონავირუსის შედეგებიდან გამოწვეული ფინანსური სირთულების გამო. მისი ყოველთვიური, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 1 500 (ათასს ხუთასი) ლარს.  კომპანიამ დირექტორთა საბჭოს ყოფილ წევრს მოთხოვნილი შრომითი ანაზღაურება არ აუნაზღაურა. Geosilkroad-მა გამოხმაურების გარეშე დატოვა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2020 წლის 5 ოქტომბრის წერილიც, რომელიც ფინანსური ვალდებულებების შესრულებას შეეხებოდა.

მოგვიანებით, სასამართლოში წარმოდგენილი კომპანიის პოზიციით ცნობილი გახდა, რომ ყოველთვიური ხელფასის ანაზღაურებაზე უარი განმარტებულია შემდეგნაირად - მოსარჩელე კომპანიაში ასრულებდა ფინანსური დირექტორის უფლებამოსილებას და მას ჰქონდა გასამსჯელო (ანაზღაურება) და არა - ხელფასი. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიას ფინანსურ დირექტორთან გაფორმებული არ ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება და შესაბამისად, არ ჰქონდა ვალდებულება ხელფასის გადახდევინების შესახებ. კომპანიაში ფინანსური დირექტორი მოქმედებდა დავალების ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა კვალიფიციური დასაბუთება ვერ იქნა წარმოდგენილი საკითხზე, თუ რატომ გაიცემოდა სხვადასხვა თვეში კომპანიის ფინანსური დირექტორის მიმართ შრომითი ანაზღაურება სწორედ ხელფასის ფორმით. ამასთან, კომპანია ამტკიცებდა, რომ მოსარჩელის მხრიდან, თითქოსდა დარღვეული იქნა ფინანსური დირექტორისთვის დადგენილი ზრუნვის ვალდებულების სტანდარტი, რაც გამოიხატა სხვადასხვა პროექტში, კომპანიის განმარტებით, არასაკმარისი ჩართულობით. კომპანია აცხადებდა, რომ ფინანსურ დირექტორს ხელშეკრულება დადებული ჰქონდა ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიასთან, რომელსაც უნდა მოეხდინა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე აუდიტორული დასკვნის წარმოდგენა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას არ ჰქონდა შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის ლიცენზია. სინამდვილეში, ხელშეკრულება გაფორმდა საკონსულტაციო მომსახურების მიზნებისთვის და მას ხელი მოაწერა კომპანიის დირექტორმა. ამასთან, მოპასუხე კომპანია განმარტავდა, რომ მიზნის მიუღწევლობის გამო, საჭირო გახდა დამატებითი კომპანიის მოძიება და ხარჯის გაწევა. ასევე, ერთ-ერთი იურიდიული ფირმის დაქირავებაც. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებით კომპანიის ძირითადი არგუმენტები არ გაიზიარა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, Geosilkroad-მა ყოფილი ფინანსური დირექტორის მიმართ დაარღვია საქართველოს შრომის სამართლის კოდექსი და კომპანიის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრის მიმართ მოიქცა არაკეთილსინდისიერად, ვინაიდან შეგნებულად არ მოახდინა ხელფასის ანაზღაურება.

ცნობისთვის: კომპანია Geosilkroad-ის მიზანია კონსულტირება გაუწიოს კომპანიებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის, რაც გულისხმობს მეწარმეთა ხელშეწყობას სხვადასხვა საჭირო ნებართვის მისაღებად, სამთავრობო და კერძო პროექტების მოზიდვას, საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და კანონიერი და ჯანსაღი კონკურენციის გზით ადგილობრივ ბაზარზე წარმატების მიღწევას. ჰოლდინგი აერთიანებს ოთხ შვილობილ კომპანიას: „ჯეოსილქ თრანსლეიშენს“ (GEOSILK Translations), „ჯეოდიზაინ & ქონსთრაქშენს“ (GEODESIGN & Constructions), „ჯეოვიზიტ“ (GEOVISIT) და „ჯეორეიტინგ“-ს (GEORATING).

კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა სასამართლოს სარჩელით 2020 წლის 22 ოქტომბერს მიმართა. საქმე მოსამართლე ია ლაბაძემ განიხილა.



კომენტარები