2021 წლის 30 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელსა და მომხმარებელს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავა მორიგების აქტის საფუძველზე დასრულდა. მისო „ბერმელი“, რომელიც კლიენტისგან დასრულებული ხელშეკრულების შემდეგაც დამატებითი თანხების მიღებას სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მოითხოვდა, არ ახდენდა იპოთეკით დატვირთული ქონების გათავისუფლებას და ვალდებულების შესრულებით აღიარებას, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ჩართულობის შედეგად, მომხმარებლის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ქცევის უკანონობა აღიარა. შედეგად, თანხმობა განაცხადა ქონების იპოთეკისგან გათავისუფლებასა და ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 09 ივლისს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელსა და მოქალაქეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქემ სესხის სახით აიღო 4000 აშშ დოლარი, რითაც აიღო ვალდებულება გადაეხადა სესხის თანხა ან/და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულების შესაბამისად. მსესხებელმა თანხა კომპანიის სალაროდან გაიტანა. იგი სრულად და ჯეროვნად ასრულებდ ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, ხელშეკრულებთ გათვალისწინებულ ვადებში, დათქმულ დროს, სრულად გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა მოქალაქემ 2018 წლის 05 დეკემბერს, კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მას პროგრამულად უფიქსირდებოდა სესხის ოდენობის გაზრდა. თავის მხრივ, კომპანიამ განმარტა, რომ სესხის ოდენობის გაზრდა განაპირობა ე.წ. ყალბი სესხების კომპანიაში დაფისირებულმა შემთხვევამ.
მოქალაქემ თბილისის N3 ფილიალის მეშვეობით, განცხადებით მიმართა კომპანიის დირექტორს და აცნობა, რომ მას გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის სახით ჰქონდა აღებული 4000 აშშ დოლარი, არსებული მდგომარეობის გადამოწმების მიზნით კი მოითხოვა სასესხო ვალდებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცემა. 2018 წლის 26 დეკემებრს, ბერმელის საკრედიტო განყოფილების უფროსმა წარმოადგინა კომპანიის პოზიცია და აღნიმა, რომ მოქალაქეს გადასახდელი ჰქონდა 4253,90$ (ძირი თანხა), 1207,54$ (პროცენტი) და 460,50$ (ჯარიმა) - კომპანიამ ცალმხრივად, კანონსაწინააღმდეგოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით მოახდინა ძირი თანხის გაზრდა. აგრეთვე, მხარეს დააკისრა იმ ჯარიმებისა და პროცენტების გადახდა, რომელიც, არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი დანაწესებით არ გამომდინარეობდა. მოქალაქე კომპანიის მოთხოვნას არ დაეთანხმა და დავა გააგრძელა სასამართლოში.
სასამართლო სხდომაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელმა“ თანხმობა განაცხადა შესრულებულად აღიარებულიყო გაფორმებული 2016 წლის 9 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შესრულებულად აღიარებულიყო ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა ფინანსური ვალდებულება, ხელშეკრულების შესრულებით შეწყვეტილად მიჩნეული იქნა მისი მოქმედება და იპოთეკისგან გათავისუფლდა მოქალაქის ქონება, რომელიც აგრეთვე, თანასაკუთრებაშია მესამე პირთან. თავის მხრივ, მოქალაქემ აიღო ვალდებულება და უარი განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელის“ მიმართ წინამდებარე დავის საგნის ირგვლივ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე. ასევე, დავის საგნის ირგვლივ და მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, საქართველოს პოლიციაში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, არბიტრაჟში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სასამართლოს განჩინება უკვე შესულია კანონიერ ძალაში. საქმე მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა განიხილა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ორგანიზაციას უკანასკნელი თვეების განმავლობაში სხვადასხვა დაზარალებულმა მოქალაქემ მომართა და მათ წინაშე მდგარი პრობლემები დეტალურად იქნა შესწავლი. ვინაიდან შესწავლილი დოკუმენტაციით იკვეთება მასშტაბური ხასიათის შესაძლო კანონდარღვევა და ადგილი შეიძლება ჰქონდეს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის სისტემურ ხასიათს, ვინაიდან მსესხებლებთან სამართლებრივი ურთიერთობის პროცესში, იკვეთება კომპანიის არაკეთილსინდისიერი და სავარაუდო დანაშაულის ნიშნები, რაც თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემთხვევებს გამოხატავს.
შესწავლილი მასალების მიხედვით დგინდება, რომ მისო „ბერმელის“ ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენს შემდეგი სახის ოპერაციების განხორციელება:
1. კომპანია სესხსს გასცემს აშშ დოლარში და გაცემულ სესხსს იბრუნებს აშშ დოლარის ვალუტაში;
2. კომპანია სესხის მომსახურე თანახას იბრუნებს სალარო მომსახურებით და არა - საბანკო ანგარიშზე შენატანის სახით;
3. კომპანია სესხის ხელშეკრულებებში არ უთითებს საბანკო რეკვიზტებს და არ ცნობს მათ გამოყებას;
4. კომპანია არ აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას თანხის შენატანის ჩეკში დააფიქსიროს თანხის შენატანის დანიშნულება, რაც მსესხებელს ართმევს უფლებამოსილებას მიუთითოს სწორი დანიშნულება, ხოლო გამსესხებელს აძლევს საშუალებას - შეცვალოს დანიშნულების შინაარსი;
5. კომპანია მომხმარებლებს მიზანმიმართულად უძვირებს სესხსს და აღნიშნულს უკავშირებს პროგრამულ ხარვეზებსა და ე.წ. ყალბი სესხების საქმეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია;
6. კომპანია, მიუხედავად სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისა, მოქალაქეების მიმართ არ გასცემს ვალდებულების დასრულების შესახებ ცნობებს და არ ახდენს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები იპოთეკისგან გათავისუფლებას;
7. კომპანია ცალკეული მომხმარებლების მიმართ გაცემულ შემოსავლის ორდერებთან მიმართებით განმარტავს, რომ ეს დოკუმენტები ყალბია და არ გასცემს ინფორმაციას დასახელებული შემოსავლის ორდერების ყალბად მიჩნევის საკითხებზე;
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე უკვე მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ კომპანია არღვევს მომხმარებელთა უფლებებს და საქართველოს ეროვნული ბანკის იმ რეგულაციებს, რომელიც მოხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპებს შეეხება. მთლიანობაში, საკითხი საჭიროებს შესწავლას და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, სამართლებრივი დასკვნების წარმოდგენას.