სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ხალიკ ბანკის“ მოთხოვნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს - 99,168 ლარი დაკისრებაზე

22 ოქტომბერი, 2021

2021 წლის 22 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, „ხალიკ ბანკი საქართველოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თუმცა სასამართლომ ბანკს უარი უთხრა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გულისხმობდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.5% თანხის დაკისრებას, რამაც 99,168 ლარი შეადგინა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოქალაქესა და ბანკს შორის 2017 წლის 16 მარტს გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. საბანკო კრედიტის ოდენობამ შეადგინა 71,568 ლარი. მოქალაქემ თანმიმდევრული გადახდის შემდეგ, ახალი კორონავირუსის შედეგად შექმნილი სირთულეების გამო, რომელიც აისახა პირად შემოსავლებზე, ვერ შეძლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება. ბანკმა 2021 წლის მარტში, სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თანხის დაკისრება. კერძოდ, 163,817 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 54,283 ლარი წარმოადგენდა საბანკო კრედიტის თანხას, 10,365 ლარი - პროცენტს და 99,168 ლარი პირგასამტეხლოს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.5% შედეგად დაანგარიშებულ თანხას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ დახმარებით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტებების თანახმად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ბანკის მოთხოვნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრებაზე და შეამცირა. კერძოდ, პირგასამტეხლოს სახით, მოქალაქეს, ნაცვლად 99,168 ლარისა, დაეკისრა 9916 ლარის გადახდა. რაც შეეხება საბანკო კრედიტის თანხას და პროცენტს, მხარემ მოთხოვნა ამ ნაწილი ცნო და ვალდებულების შესრულებას დაეთანხმა. მთლიანობაში, 163,817 ლარის ნაცვლად, მოქალაქე 74,569 ლარს გადაიხდის. ამასთან, არ გამოირიცხება დაკისრებული თანხის ნაწილში მხარეთა შორის მომდევნო ეტაპის მოლაპარაკება და გადახდის გრაფიკით ვალდებულების შესრულება.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე: მადი ჩანტლაძემ მიიღო. მოქალაქის სამართლებრივი ადვოკატირება „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფმა განახორციელა.



კომენტარები