სახელმწიფომ 185 პირი პოლიტპატიმრად, 25 პირი კი პოლიტდევნილად უკვე აღიარა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

25 ოქტომბერი, 2021

პოლიტიკური მოვლენების განხილვის დროს საზოგადოებრივი დისკუსიის პროცესში იმის უარყოფა, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირები არ არსებობდნენ ან პოლიტიკური შეფასება არ მისცემია 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, სრული სიცრუეა და იურიდიული მნიშვნელობის აქტების შეგნებულ იგნორირებას წარმოადგენს. აღნიშნულის შესახებ სპეციალურ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სახელმწიფომ 185 პირი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად და 25 პირი პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარა, ხოლო მოგვიანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2004-2012 წლებში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სამართლებრივი შეფასების, მათი განმეორებით დაუშვებლობისა და სრული პრევენციის შესახებ. საკითხზე გადაწყვეტილებები 2012 წლის 5 დეკემბერსა და 2016 წლის 10 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო, რომელიც, თავის მხრივ დაეფუძნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის #1900 რეზოლუციას. ევროსაბჭომ პოლიტიკური პატიმრების ცნება შეიმუშავა 2001 წელს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ექსპერტების დახმარებით, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ მანდატი, შეეფასებინათ სავარაუდო პოლიტიკური პატიმრების საქმეები სომხეთსა და აზერბაიჯანში, ამ ორი სახელმწიფოს ორგანიზაციასთან მიერთების კონტექსტში. საქართველომ სრულად გაიზიარა რეზოლუციის აღიარებული პრინციპები, რომელიც „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული“ პირის განსაზღვრისთვის იქნა გამოყენებული. კერძოდ, 185 პირის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად და 25 პირის პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარება მოხდა შემდეგი მდგომარეობის მხედველობაში მიღებით: 1. თუ დაკავება მოხდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციასა და მისი ოქმებში მოყვანილი ფუნდამენტური გარანტიების დარღვევით, კერძოდ აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, 2. თუ დაკავება მოხდა წმიდა პოლიტიკურ მიზნების გამო და არ იყო დაკავშირებული რაიმე დარღვევასთან, 3. თუ პოლიტიკური მოტივით, დაკავების ხანგრძლივობა და მისი პირობები იმ დანაშაულის აშკარად არაპროპორციულია, რომლის ჩადენაში პიროვნება ბრალდებულ იქნა ან ეჭვმიტანილია, 4. თუ პოლიტიკური მოტივით, განხორციელებული დაკავება დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს სხვა პირებთან შედარებით და 5. თუ დაკავება აშკარად სამართლიანობას მოკლებული სასამართლოს განხილვის შედეგია და დაკავშირებულია ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტმა წარსულში მომხდარ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს მისცა შემდეგი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება:

  1. ბრალდებულთა-მსჯავრდებულთა წამებას და მათდამი არაადამიანურ მოპრობას საყოველთაო, სისტემური ხასიათი ჰქონდა;
  2. ბრალდებულთა-მსჯავრდებულთა წამებასა და მათდამი არაადამიანურ მოპყრობას ინტენსიური ხასიათი ჰქონდა;
  3. ბრალდებულთა-მსჯავრდებულთა წამებასა და მათდამი არაადამიანური მოპყრობა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ იყო სანქციონირებული;
  4. ბრალდებულთა-მსჯავრდებულთა წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებას ემსახურებოდა;
  5. ბრალდებულთა-მსჯავრდებულთა წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა საზოგადოებაში ტოტალური შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას ემსახურებოდა;
  6. ბრალდებულთა-მსჯავრდებულთა წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი იყო;
  7. ბრალდებულთა-მსჯავრდებულთა წამებისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენების შესახებ მითითებას ხშირად პროკურატურა გასცემდა მათი გამოყენება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას ემსახურებოდა;
  8. ბრალდებულთა-მსჯავრდებულთა წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა ძალოვანი უწყებების მიერ სასურველი ჩვენების მიღების საშუალება, ქონებისა და წილების დათმობინების მარტივი გზა და საპროცესო შეთანხმების დადების იძულების ეფექტიანი მექანიზმი იყო;
  9. პროკურატურა, რომელსაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სრულყოფილად და ობიექტურად უნდა გამოეძიებინა, როგორც სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, არ ფუნქციონირებდა;
  10. სასამართლო ხელისუფლება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პროაქტიურად არ რეაგირებდა;
  11. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოვლენის და მათზე სათანადო რეაგირების თვალსაზრისით, 2009-2012 წლებში, ეფექტიანი არ იყო;
  12. ცალკეულ შემთხვევებში, ადვოკატები არ ასაჩივრებდნენ მათ მიერ დასაცავ პირთა წამების და მათდამი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, შექმნის დღიდან, აქტიურად მუშაობს სისტემური დანაშაულის საქმეებზე, მათ შორის ამჟამად წარმოებაშია არაერთი მიმდინარე საქმე, რომელიც სამართლიანობის აღდგენას ემსახურება. ამასთან, ორგანიზაციას არაერთხელ გამოუქვეყნებია კრიტიკული მოსაზრებები, სამართლიანობის აღდგენის პროცესში, როგორც საქართველოს პროკურატურის, ასევე სასამართლოს და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედებების შეუსაბამობებზე, რომელიც არ გამომდინარეობს დაზარალებული და მსხვერპლი ოჯახების ინტერესების დაცვის მიზნიდან. ორგანიზაცია ხედავს იმ ნაკლოვანებებსაც, რომელიც არ სრულდება სისტემური დანაშაულის საქმეებზე ადამიანის უფლებების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად, ჯერ კიდევ დაზარალებულად არ არის ცნობილი არაერთი ადამიანი, გაჭიანურებულია სამართალწარმოების პროცესი საერთო სასამართლოებში, შეფერხებულია ან/და საერთოდ ბუნდოვანია საგამოძიებო მოქმედებების შედეგები პროკურატურსა და სამართალდამცავ ორგანოებში, მაგრამ კატეგორიულად არასწორია მსჯელობა იმის შესახებაც, რომ სახელმწიფოს არ შეუქმნია სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძვლები სისტემური დანაშაულების დადგენისა და განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის ძალისხმევაც, რომელიც დაზარალებული ოჯახებისა და პირების საქმეებზე კანონის უზენაესობის კუთხით დადგა. შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მსჯელობს სისტემური დანაშაულის საქმეებზე, მხედველობაში იქნეს მიღებული პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების ფაქტი, როგორც ინსტიტუციური მოვლენა და მოხდეს წარსულის ადეკვატური, პირუთვნელი და ერთმნიშვნელოვანი შეფასება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მსგავსი შემთხვევების დაუშვებლობის კუთხით.



კომენტარები