მიმდინარე პოლიტიკურმა ამბებმა საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობა გადაფარა, არადა სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს, რაც 2021 წლის 4-5 ნოემბრის მოსამართლეთა ჯგუფების განცხადებებით საზოგადოებამ მოისმინა. სასამართლოში მიმდინარე ამჟამინდელ მოვლენებს და მათ გამოხატულებას მრავალი განზომილება აქვს, ინსტიტუციური ვექტორის თვალსაზრისით კი განსაკუთრებით საყურადღებო, რაც საფუძვლიან და კვალიფიციურ ანალიზს მოითხოვს - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების მთავარი მოტივაცია, მათ შორის ერთპარტიული დემოკრატიის სასამართლო ხელისუფლებაში დასრულების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, თუმცა ყველა პრობლემის სათავე, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაშიც, შესაძლებელია განპირობებული იყოს იმ ფაქტორებით, როდესაც არ მომხდარა მძიმე მემკვიდრეობის სამართლებრივი შეფასება, პასუხისმგებლობის ტვირთის გადანაწილება, სასამართლო ხელისუფლებისთვის მისი ძირითადი ფუნქციის დაბრუნება და სამართლიანობის აღქმის საზოგადოებრივი მოთხოვნების უზრუნველყოფა. ორი ისტორიული პარალელი მაინც სახეზეა: 2003-2012 წლების ხელისუფლების დროს სასამართლოს ორგანული დანიშნულება მთლიანად დაკნინებული სახით ფუნქციონირებდა, ფორმალური მხარე მიიღო მხარეთა თანასწორუფლებიანობამ, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება ფიქციად იქცა, მოსამართლეებმა, რომლებმაც სისტემის წინააღმდეგ განსახვავებული დამოკიდებულება აჩვენეს, მეამბოხეებად შერაცხეს და მართლმსაჯულება დაატოვებინეს, ბევრი უხმაუროდ გაუშვეს, სასამართლოს ზოგიერთი თავმჯდომარე უსიტყვოდ გაერიდა ახალ პოლიტიკურ ვითარებას. 2012 წლის შემდგომ, ხელისუფლების ნების, ქვეყნის ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ჩართულობით და დახმარებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის მდგრადობისთვის, რეფორმის 4-ეტაპიანი პაკეტი განხორციელდა, სასამართლოს მაჩვენებლები სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშებსა და რეიტინგებში, ნამდვილად დაწინაურდა, პროცესის თანასწორუფლებიანი მხარის არსებობა გახდა ხელშესახები და რეალური, სასამართლოსადმი მიმართვას და დარღვეული უფლების აღდგენას გაუჩნდა პერსპექტივა და სხვა. თუ გვსურს დამაჯერებელი და სარწმუნო გახდეს სასამართლოს შესახებ გამოთქმული კრიტიკული შეხედულებები, მაშინ აუცილებელია ობიექტური დამკვირვებლის თვალით შეფასდეს დადებითი ტენდენციებიც და შეფასდეს ნაკლოვანი მხარეებიც. დღეს გვაქვს მიღწევები, რასაც სჭირდება ორი ძალისხმევა: 1. დაცვა და 2. განვითარება.
მაგრამ, ხელისუფლებამ წინამორბედის მსგავსად, არ დასაჯა და სისტემიდან არ გაუშვა კონკრეტული მოსამართლეები, რომელთა მიმართაც, საზოგადოებას დღემდე აქვს დასაბუთებული პრეტენზია. რა გზით უნდა მოეხდინა ხელისუფლებას სასამართლო სისტემის გაჯანსაღება? 1. გარდამავალი საკანონმდებლო საფუძვლების ფარგლებში, ვადამდე ადრე, უფლებამოსილება შეეწყვიტა მოსამართლეებისთვის, რომლებიც ახდენდნენ პარტიული დავალებების აღსრულებას და იღებდნენ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს, არ ახორციელებდნენ რეალურ მართლმსაჯულებას. ასეთი მოსამართლეები დატოვებდნენ სისტემას, სასამართლო გაიწმინდებოდა შემსრულებელი მოსამართლეებისგან ან 2. პოლიტიკური ნების პირობებში, ხელისუფლება სასამართლოს მისცემდა დამოუკიდებლობას, გაზრდიდა ინდივიდუალური მოსამართლის როლს, პროკურატურა არაერთგზის წააგებდა მაღალი საჯარო ინტერესის საქმეებსაც, ადამიანები სასამართლოში იპოვიდნენ სამართალს, პროცესი იქნებოდა ღია და საჯარო.
სიმართლე უნდა ითქვას, ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა რადიკალური გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგრამ სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევისგან თავშეკავება არც მარტოოდენ ხელისუფლების არჩევანი გამხდარა. მთავრობამ გაიზიარა მოკავშირეების - ამერიკელებისა და ევროპელების რეკომენდაციები და რჩევები, არ მომხდარიყო სასამართლო ხელისუფლების წინაშე რადიკალური ჩარევა და დასჯის ნაცვლად დაწყებულიყო რეფორმები. 1. რადიკალური ჩარევა, ვადამდე ადრე მოსამართლეების სისტემიდან გაშვება იქნებოდა პოლიტიკური აქტი, შექმნიდა სახიფათო პრეცედენტს ყოველი მომდევნო ახალი მთავრობისთვის და გამოიწვევდა მოსამართლის დამოუკიდებლობის ხელყოფას, 2. მყიფე დემოკრატიის პირობებში, შეუძლებელი რჩებოდა გადახედილიყო თითოეული მოსამართლის თითოეული განხილული საქმის კანონიერების საკითხი. თუ ეს შეუძლებელი ხდებოდა, მაშინ შერჩევითი პრინციპით, საზოგადოებრივი აზრის საფუძველზე, უნდა დასჯილიყო კონკრეტული მოსამართლეები, რაც ყველა სხვა მოსამართლის მიმართ, დაშინების და თავისუფლების ხარისხზე, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს პირდაპირ თუ ირიბ გავლენის მოპოვებას მისცემდა საფუძველს. ამდენად, ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა სისტემის პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებაზე. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებით, სახელმწიფომ აღიარა, რომ 1. პროკურატურა, რომელსაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სრულყოფილად და ობიექტურად უნდა გამოეძიებინა, როგორც სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, არ ფუნქციონირებდა, 2. სასამართლო ხელისუფლება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პროაქტიურად არ რეაგირებდა. წარსულში მომხდარ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ჰქონდა სისტემური ხასიათი. ქვეყანაში არსებობდა სისტემური დანაშაულებები.
ამ შეფასებას დაეთანხმა ჩვენი პარტნიორები - ამერიკელები და ევროპელებიც. შესაბამისად, არჩევანი გაკეთდა რეფორმის გზაზე. სასამართლო რეფორმის მრავალ-ტალღოვანი ეტაპებისთვის ხელისუფლებამ მიიღო დასავლელი პარტნიორების პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის პროცესი წარიმართა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ვენეციის კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ პოლიტიკური დებატების პროცესში, ხელისუფლებამ ვერ შეძლო სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიებისთვის არსებული შედეგების დაცვა და საზოგადოების დარწმუნება, რომ სასამართლოს საქმეებისგან დისტანცირებული და გვერდზე მდგომი შტოა. ვერ შეძლო სრული რწმენის კონსოლიდირება, რომ სასამართლო განვითარებისა და თვითორგანიზების დამოუკიდებელ გზას დაადგა, არადა, ამ კუთხით ფაქტების დასახელება შეიძლება. უპირველესად, სასამართლოს დამოუკიდებლობის მაჩვენებელი 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომი ხელისუფლებების პირობებში სხვადასხვა კატეგორიის საქმეთა განხილვის შედეგები და სტატისტიკაა. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში, ეს უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა სასამართლოს მიმართ საყოველთაო საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. ამ პროცესში, უარყოფითი როლი შეასრულა 1. ორმაგი სტანდარტების პოლიტიკამ - სამუშაო მაგიდასთან რეფორმის მხარდამჭერების საჯარო სივრცეში სასამართლოს კრიტიკის რიტორიკამ სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ არაერთგვაროვანი შეხედულებების დამკვიდრებას შეუწყო ხელი და 2. მიდგომამ - სასამართლო ხელისუფლების დღევანდელ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა აეღოთ პირებს, რომლებიც წარსულში პოლიტიკურ სისტემასთან აფილაციაში იმყოფებოდნენ და უწევდათ დამორჩილება - მიეღოთ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები.
დღეს სასამართლო თვითგამორკვევის პროცესშია და პირობითად იყოფა მოსამართლეებად, რომლებიც 1. ახორციელებენ თავისუფალ მართლმსაჯულებას და შეუძლებელია რაიმე ფორმით ჩარევის დაშვება, 2. ახორციელებენ მართლმსაჯულებას და უწევთ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება, 3. ახორციელებენ მართლმსაჯულებას და არსებობს ანგარიშვალდებულება სასამართლოს ადმინისტრაციულ მმართველობაზე პასუხისმგებელ ჯგუფთან. დაკვირვება, პრაქტიკული გამოხატულება და პროცესის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლის თავისუფლებისა და ინდივიდუალური როლის ხარისხი დღეს უფრო მაღალია, ვიდრე 2012 წელს ან 2015 ან 2020 წელს იყო. რა თქმა უნდა, ამაზე ერთიანად მოქმედებს, როგორც სასამართლოს სისტემაში, ასევე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული მოვლენები და ტენდენციები. ისინიც კი, ვისაც წარსულში პოლიტიკურ სისტემასთან აფილაციაში იმყოფებოდნენ და უწევდათ დამორჩილება - მიეღოთ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, მართლმსაჯულების განხორციელების რეალური იდეის მხარეს დადგნენ და დარღვეული უფლებების აღდგენისთვის მათი გადაწყვეტილებები მეტყველებს, მაგრამ მათი სისტემაში დატოვება კვლავ ბევრისთვის - ნდობის და პროგნოზირების გამო - პრობლემატური და აუტანელია.
ასეთ ვითარებაში, ჩვენი დასავლელი პარტნიორები კვლავ მოითხოვენ ცვლილებებს სასამართლოს ადმინისტრაციულ მმართველობაში და მმართველი ჯგუფის ჩანაცვლებას ნეიტრალური სახეებით, მოქმედი „Leader Schiff“-ი აცხადებს, რომ ნებისმიერმა თანამდებობის პირმა თუ ორგანიზაციამ პატივი უნდა სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს, არ ჩაერიოს მის საშინაო საქმეებში და სასამართლოს ერთიან პოზიციას გამოხატავს მისი თვითმმართველობის სახით, ამ პროცესში კი თითქმის პირველად ხდება მოვლენა, როდესაც 16-ზე მეტი მოსამართლე საჯაროდ, ერთმნიშვნელოვნად და მტკიცედ აცხადებს, რომ არ იზიარებს სასამართლოს ადმინისტრაციულ მმართველობაში და მმართველი ჯგუფის რიტორიკას და ემიჯნება სასამართლოს მეგობარი დასავლელი პარტნიორების გაკიცხვის ტონს.
სინამდვილეში, 16-ზე მეტი მოსამართლის საჯაროდ გამოხატული პოზიცია წარმოადგენს ჩვეულებრივ დემარშს და კარგად გამოხატავს სასამართლოს სისტემაში მოსამართლეთა განწყობებსა და მიმართულებებს. აღნიშნული მიანიშნებს სასამართლო სისტემაში მმართველობის სტილისგან განსხვავებულ მიდგომებს და ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, 16-ზე მეტი მოსამართლის აზრს გაცილებით მეტი კოლეგის მხარდაჭერა აქვს, რომლებიც ეტიკეტის გამო, არ ახდენენ მათი ხედვების საჯარო დემონსტრირებას. ნიშნავს თუ არა მოსამართლეთა განსხვავებული პოზიციების გამოთქმა სასამართლოს ადმინისტრაციულ მმართველობაში არსებული ჯგუფის მარცხს? არა, არ ნიშნავს, მაგრამ ნიშნავს მომავალი კომპრომისების დაშვებას და გათვალისწინებას. ავტორიტეტული მოსამართლეების გამოსვლა უთუოდ ნიშნავს იმგვარი ალტერნატიული ცენტრის გაჩენას სასამართლოს სისტემაში, რომელთა შემდგომი მოსაზრებები, სასამართლოს მოწყობისა და განვითარების საკითხებთან, უკვე ხდება დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელი. მნიშვნელოვანია, მათი უშუალო მონაწილეობის დაშვება საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს მუშაობაში ან ინსტანციური წესით დაწინაურების კუთხით. როგორც ჩანს, სხვადასხვა საკითხზე, სასამართლოს ერთიანი პოზიციით წარდგენის ფორმულა, მომავალში აღარ გამოვა. ისინი, ან 1. დემონსტრაციულად დატოვებენ მოსამართლის თანამდებობას ან 2. არჩეული ფორმით განაგრძობენ წინააღმდეგობრივ მოძრაობას სასამართლო სისტემის ინსტიტუციური განვითარებისთვის.
შექმნილი ვითარება, ნებისმიერ შემთხვევაში, მოქმედი „Leader Schiff“-ის პირველი სერიოზული გამოწვევაა, რომლის ამოცანაც სისტემაში ურთიერთობების დამშვიდება და პროგნოზირება წარმოადგენს. ეს უნდა მოხერხდეს ისე, რომ არ გამოიწვიოს ხელისუფლების სხვა შტოებთან უთანხმოება, სასამართლოს სტრატეგიულ უცხოელ მოკავშირეებთან დაძაბულობა და კონფლიქტი, თან მიღწეული იქნეს საზოგადოებრივი ნდობის არსებული მანდატის შენარჩუნება და სასამართლოს „ერთიანი პოზიციის“ შენარჩუნება. სინამდვილეში, ეს მოხდა და ეს არის სიმართლე.