ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მონაწილეობით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია ჩინურ კომპანიას, რომელიც საქართველოში ქართული ღვინის შესყიდვას და ჩინურ ბაზარზე რეალიზებას ახდენდა, 20,610 აშშ დოლარს გადაუხდის. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, მხარეთა შორის ოთხწლიანი დავა მორიგებით დასრულდა. ორგანიზაცია სასამართლოში ჩინური კომპანიის ინტერესებს წარმოადგენდა.
საქმის მასალების მიხედვით, მხარეთა შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით, უკანასკნელი ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოიშვა 2018 წლის 2 აპრილს. წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, შეკვეთა გაფორმდა 8760 ცალ კერამიკის ჭურჭელში განთავსებულ ღვინოზე, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 45 369 აშშ დოლარი. ხელშეკრულების წარმოშობის ფარგლებში, მხარეთა შორის შეთანხმებულ საკომუნიკაციო ფორმას წარმოადგენდა შეტყობინებების გაცვლა ელექტრონული ფოსტით. ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა შორის, სადავო პერიოდისთვის მნიშვნელოვანი ელექტრონული მიმოწერა მოიცავს 2018 წლის 3 მაისიდან 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარებით პერიოდს. ჩინურმა კომპანიამ ქართულ კომპანიას გადაუხადა ნასყიდობის ხელშეკრულების 30%, რაც სადავო არ გამხდარა, ვინაიდან ტრანზაქცია განხორციელდა ქართული კომპანიის ქართულ საბანკო ანგარიშზე, მაგრამ ქართულმა კომპანიამ სადავოდ გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული, შემდგომი 70%-იანი ნასყიდობის თანხის ტრანზაქცია იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა ჩინური კომპანიის მიერ დარჩენილი თანხის გადარიცხვა მოხდა კომპანიის არასწორ საბანკო ანგარიშზე, მაგრამ მხარეთა შორის სასამართლოში წარდგენილი ელექტრონული მიმოწერის შედეგად, ნაჩვენებია, რომ სადავო საბანკო ანგარიში ქართული კომპანიის მიერ ჩინური კომპანიისთვის გადაგზავნილია კომპანიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელსაც ხელს კომპანიის დირექტორის აწერს და დოკუმენტზე დასმულია კომპანიის ოფიციალური ბეჭედი.
სასამართლომ ქართული კომპანიის მხრიდან მოისმინა ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ აღმოჩნდა კიბერ-დანაშაულის მსხვერპლი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში აღინიშნა, რომ ელ-ფოსტის გაგზავნილ და წაშლილ საქაღალდეებში ელ. წერილ(ებ)ის არ არსებობა არ გულისხმობს, რომ ესა თუ ის ელ. წერილი აღნიშნული ელ. ფოსტიდან გაგზვანილი არ ყოფილა (სტილი დაცულია). ექსპერტიზის დასკვნამ მიუთითა, რომ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნებოდა მომსახურე მეილ სერვერის (Yohoo.com) კვლევის საფუძველზე, რაც წარმოადგენდა ქართული კომპანიის მტკიცების ტვირთს და არ განხორციელებულა. ჩინურმა კომპანიამ სასამართლოს წარუდგინა „SWIFT”-ი, რომელიც მიუთითებდა, რომ ტრანზაქციამ განვლო სამი საბანკო დაწესებულება.
2019 წლის 3 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ჩინური კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და ქართულ კომპანიას დაეკისრა 45 369 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს წესით.
2021 წლის 11 თებერვლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, ქართული კომპანიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა ამავე ინსტანციას. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება განპირობებული გახდა პროცესუალური ხასიათის დარღვევის დადგენით. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინება, რომლითაც განუხილველი დარჩა ქართული კომპანიის მიერ საქმეზე წარმოდგენილი „კვალიფიციური“ (დაზუსტებული) შესაგებელი. მართალია, სასამართლომ მტკიცებულებების სახით საქმეს დაურთო დაზუსტებულ შესაგებელზე თანდართული მასალები, მაგრამ თავად შესაგებლის მიღებაზე საპროცესო ვადის გასვლის გამო, უარი თქვა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთის განხორციელების თვალსაზრისით, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად ჩათვალა.
მხარეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვის განახლების ეტაპზე, სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარე, დავის მორიგებით დასრულების შეთანხმებას მიაღწიეს. ქართულმა კომპანიამ სრულად დააბრუნა ხელშეკრულებით გადახდილი ნასყიდობის ღირებულების 30% და დამატებით იკისრა საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაც. ჩინური კომპანია ქართულ კომპანიასთან ურთიერთობების აღდგენის გათვალისწინებით, დავის მორიგებით დასრულებას დაეთანხმა. სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ნებაყოფლობით აღსრულდა. ორგანიზაცია ითვალისწინებს რეპუტაციულ ღირებულებებს და არ ახდენს კომპანიების დასახელებას. განახლებული სამართალწარმოება მოსამართლე ეკატერინე ბიწაძემ განიხილა.