„ახალგაზრდა ადვოკატები“ ტრეიდერისგან დაზარალებულ ინვესტორზე განცხადებას ავრცელებს

11 დეკემბერი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ტრეიდერისგან დაზარალებული ინვესტორის შესახებ განცხადებას აკეთებს და საზოგადოებას მოუწოდებს საერთაშორისო ბაზარზე ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების სამართავად და მოგების მიღების მიზნით წარმოშობილი გარიგებების სამართლებრივი დაცულობა გადამოწმდეს. ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას მეტი წინდახედულება და გარანტია მოითხოვონ, თუკი გაფორმდება ინვესტორისა და ტრეიდერის ხელშეკრულება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფულის დაკარგვის საფრთხე და სფეროში გამოირიცხოს დანაშაულებრივი ან არაკეთილსინდისიერი ჯგუფები.  

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონაწილეობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ საქმეზე, ტრეიდერს ინვესტორის სასარგებლოდ 15,360 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ორგანიზაცია სასამართლოში ინვესტორის ინტერესებს წარმოადგენდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 20 დეკემბერს, გაფორმდა ხელშეკრულება ინვესტორისა და ტრეიდერის თანამშრომლობის შესახებ. ტრედერმა ინვესტორს შეუთანხმდა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების სამართავად და მოგების მიღების მიზნით, გამოიყენებდა მიღებულ თანხას და გადაიხდიდა ყოველწლიურ პროცენტს. სწორედ ამ მიზნით, ინვესტორმა ტრეიდერს უნაღდო ანგარიშსწორებით გადასცა 10,240 აშშ დოლარი. მართალია, 2016 წლის 25 იანვარს ინვესტორს გადაეცა 1 წლის სრული პროცენტი - 2600 აშშ დოლარი (ნაცვლად 2560 აშშ დოლარისა), ხოლო 2017 წლის 18 დეკემბერს, აგრეთვე ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით ორი წლის ნამატი - 4568 აშშ დოლარი (ნაცვლად 4500 აშშ დოლარისა), მაგრამ 2018 წლიდან, მხარეთა შორის ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყდა, ტრეიდერი გაუჩინარდა და ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები არ შესრულებულა.

2021 წლის 06 იანვარს ინვესტორმა ტრეიდერს წერილობითი ფორმით შეატყობინა და აცნობა, რომ გადიოდა (წყვეტდა) მხარეთა შორის 2014 წლის 20 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას და ითხოვდა ვალდებულების შესრულებას ძირითადი თანხის - 10,240 აშშ დოლარისა და გადასახდელი ბოლო ორი წლის (2019-2020) წლიური მოგების 25% ღირებულებას 5120 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა ტრეიდერმა წერილი არ ჩაიაბარა არც ერთ ცნობილ მისამართზე. შესაბამისად, 2021 წლის 10 თებერვალს, ინვესტორმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. სარჩელისა და მასზედ თანართული მასალების ტრეიდერისთვის ჩაბარების უზრუნველყოფა მოხდა პოლიციის მეშვეობით.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მიერ სარჩელზე გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც ყადაღა დაედოს შპს „ნოლას“ საწესდებო კაპიტალში ტრეიდერის სახელზე რეგისტრირებულ 50% პროცენტ წილს და ასევე, შპს „იორის რესურსები“-ის საწესდებო კაპიტალში ტრეიდერის სახელზე რეგისტრირებულ 10% პროცენტ წილს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ტრეიდერსა დაინვესტორის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლის მიზანია საერთაშორისო ბაზარზე ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების სამართავად და მოგების მიღების მიზნით გარიგების წარმოშობა, არაერთ პრობლემურ მხარეს შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, მხედველობაშია მისაღები გადაცემული თანხის დაბრუნების რისკები. არ არსებობს მყარი სამართლებრივი გარანტიები, რომელიც დასახელებულ ბიზნესში ინვესტორის უფლებებს დაიცავს. საქართველოში, ამ სფეროს განვითარებას და თანხების მოძიებას არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირი ცდილობს, მაგრამ ინვესტორის უფლებების დაცვის გარანტიების აღება არც ერთი ვარგისი პირობით არ არის დაზღვეული და დაცული. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2021 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც,  საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორებმა, 2014 წელს დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“. აღნიშნული კომპანიების  საქმიანობის  სფეროდ  საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ფინანსური აქტივებით ვაჭრობა განისაზღვრა. ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს კომპანიის ფილიალები, რომელთა წარმომადგენლებიც, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით, ხვდებოდნენ და  არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობით შეეძლოთ მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება. ატყუებდნენ, რომ კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი იქნებოდნენ უცხოელი პარტნიორები - შვეიცარული ბანკი და ბრიტანული კომპანია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს ყველას მეტი წინდახედულება და გარანტია მოითხოვონ, თუკი გაფორმდება ინვესტორისა და ტრეიდერის ხელშეკრულება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფულის დაკარგვის საფრთხე და სფეროში გამოირიცხოს დანაშაულებრივი ან არაკეთილსინდისიერი ჯგუფები.  



კომენტარები