„ახალგაზრდა ადვოკატები” „ნომინანტები და ნომინაციები 2021“-ის გამარჯვებულებს გამოავლენს

25 დეკემბერი, 2021

2021 წლის 26 დეკემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „ნომინანტები და ნომინაციები 2021“-ის გამარჯვებულებს გამოავლენს. ორგანიზაცია, ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვებისა და ცხოვრების განსაკუთრებული რეჟიმის გამო, საზოგადებას წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ახალ ფორმატში სთავაზობს. კერძოდ, საქმიანობის შესახებ მომზადდება სპეციალური გადაცემა, ვიდეო-რგოლი და ბეჭდვური სახით ანგარიში ოფიციალური არხებით მიეწოდება საზოგადოებას. ცვლილება შევიდა დაჯილდოვების ფორმატში და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის გათვალისწინებით, ნომინანტებს ჯილდო ინდივიდუალურ რეჟიმში, ორგანიზაციის სამუშაო გარემოში გადაეცემა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს. 2021 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 9 ჟურნალისტი დაჯილდოვდება.



კომენტარები