ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2021 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს და წლის ბოლოს, „ნომინანტები და ნომინაციები 2021“-ის გამარჯვებულები გამოავლინეს. ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვებისა და ცხოვრების განსაკუთრებული რეჟიმის გამო, საზოგადებას ანგარიში გადაცემის სახით წარუდგინა. ამასთან, ცვლილება შევიდა დაჯილდოვების ფორმატში და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის გათვალისწინებით, ნომინანტებს ჯილდო ინდივიდუალურ რეჟიმში, ორგანიზაციის სამუშაო გარემოში გადაეცა, ნაწილს კი, ვინ საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო ღონისძიებას, ჯილდო ადგილსამყოფელის მიხედვით გაეგზვანა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს. 2021 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 9 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. ჯილდო გადაეცათ შემდეგ ინსტიტუციებს, კერძო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტურ კორპუსს:
- „ღია სასამართლო ინსტანცია“ – ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
- „ყველაზე ღია საჯარო უწყება“ – სსიპ შემოსავლების სამსახური
- „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
- „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“ – სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური
- „წლის საუკეთესო მომსახურებისათვის“ – სასტუმრო: „Shota Rustaveli Boutique Hotel“
- „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“ – გადაცემა: „ტელესკოლა“, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
- „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ – გადაცემა „საქმიანი დილა“, ტელეკომპანია „პირველი“
- „საზოგადოების ხმა“ – გადაცემა: „თავისუფალი ხედვა“, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
- „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“ – რადიო „კომერსანტი“
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროფესიული მოვალეობების მაღალი სტანდარტით შესრულების გამო, ნომინაცია: „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2021“ გადასცეს ტელეკომპანიებისა და მედიის შემდეგ წარმომადგენლებს. სწორედ დასახელებული ჟურნალისტების მეშვეობით, 2021 წელს გაშუქდა ორგანიზაციის ინიციატივები, ცნობილი სასამართლო საქმეები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემები.
- გიორგი კობერიძე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა „მოამბე“
- სალომე უერთაშვილი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“
- ლიზა ციციშვილი, ტელეკომპანია „ფორმულა“, საინფორმაციო გამოშვება: „ფორმულაNews“
- თათია არაბიძე, ტელეკომპანია „ობიექტივი“, საინფორმაციო გამოშვება: „ნამდვილი ამბები“
- ნინი კიკალიშვილი, სამაუწყებლო კომპანია „ჯორჯიან თაიმსი“
- მარიამ ურუშაძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
- ჯაბა ანანიძე, გაზეთი „ბათუმელები“
- თამთა ასანიძე, დამოუკიდებელი ჟურნალისტი
- სოფო რატიშვილი, მედია-ჰოლდინგი „კვირა“
„ახალგაზრდა ადვოკატების“ წლის საპატიო ჯილდო და ნომინაცია - „ორგანიზაციის მეგობარი“, 2021 წელს გადაეცა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსს, იურიდიული საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენელს, მაია თორდიას გადასცა. ორგანიზაციასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პროცესში, მაია თორდიამ აჩვენა საერთო პროფესიული ღირებულებების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა, ქომაგობა და დამოკიდებილება.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2021 წელი მნიშვნელოვანი წარმატებით დაასრულეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია საგრანტო პროგრამის („საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება, ინოვაციური სერვისების დანერგვა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია“) ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარდგენილი პროექტის: „ბავშვთა უფლებების დაცვა საქართელოში ჰააგის კონვენციის მიხედვით“ გამარჯვებულად გამოცხადდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტის მიზანია, მოახდინოს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის პოპულარიზაცია, რაც გამოიხატება სამი კომპონენტის ერთობლიობით: 1. პროფესიული ტრენინგის მომზადება და ჩატარება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატებისთვის, 2. ეროვნულ დონეზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება კონვენციით მოცული უფლებების შესახებ, 3. უფასო ადვოკატირება კონვენციის ფარგლებში ქართულ სასამართლოებში წარმოებულ დავებზე. შესაბამისად, პროექტი ეროვნულ დონეზე წარმოადგენს პირველ შესაძლებლობას და მექანიზმს, რომელიც ორიენტირებულია იურიდიულად მოწესრიგებული გარემოს შექმნასა და ცნობიერების ამაღლებაზე, რაც საქართველოს, როგორც რეფორმატორ ქვეყანას, მნიშვნელოვან ღირსებას სძენს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობდა კვლევით საქმიანობაზე. შესწავლის საგანი და მონიტორინგები განხორციელდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი შენობის აგების თემა, გელათის ტაძრის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილებები, სახელმწიფოს მიერ მიტაცებული საკუთრების საკითხი - მრეწვრკინიგზას საქმე. გამოხმაურებები ეხებოდა ყველა აქტუალურ საკითხს. მათ შორის ისეთ თემებს, რომელზედაც ორგანიზაციამ ვრცელი შეფასებები გააკეთა: პოლარიზაცია, შარლ მიშელის დოკუმენტი, ნინოწმინდის პანსიონის საკითხი, 5 ივლისის ძალადობას ჟურნალისტებზე, ჰესების საკითხის გადაწყვეტას პლებისცისტის გზით, სეისმური მონაცემების უსაფრთხოების საკითხს, ტაქსების სატარიფო პოლიტიკის ცვლილებას, მთავრობის მუშაობის შეფასებას შრომით სფეროში დარღვეული უფლებების აღდგენის მიმართულებით გადახდილ კომპენსაციებს, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდოლოდ დათმობილ უძრავ ქონებებს და სხვა. 2020 წელს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, საერთო სასამართლოებში, არაერთი დავა აწარმოეს, მათ შორის შრომით-სამართლებრივი კუთხით და სამართალწარმოების პროცესი გრძელდება.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2022 წელი განათლების უფლებებზე მუშაობის წლად გამოცხადეს. ორგანიზაციის განმარტებით, არჩევანი განპირობებული არ არის მხოლოდ იმ გარემოებებით, რომ გაიზარდა სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილე ნიჭიერი ახალგაზრდების ჩვენდამი მომართვა დარღვეული უფლებების აღდგენის კუთხით, სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება საგრანტო პროგრამებში თანაბარი მოპყრობა და შეფასება, არსებობს ნეპოტიზმის ცდუნებით მიღებული გადაწყვეტილებები, სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩვენს დამსახურებულ პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს აღარ აძლევენ გამოცხადებულ კონკურსებში წარმატების საშუალებას, არამედ დასახელებულ ფაქტორებთან ერთად, არსებობს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია - განათლება, განათლების უფლება და ცოდნის პოპულარიზაცია, ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ღონისძიებები, სკოლამდელ ასაკსა თუ საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებში, ქმნის საუკეთესო შესაძლებლობას ინფორმირებული საზოგადოებისთვის. საქართველო თავისუფალი საზოგადოების ქვეყანაა და პოლიტიკური პლურალიზმისა და ჩატეხილი ხიდის მიუხედავად, არსებობს საერთო მისწრაფებები და პირობების ერთობლიობა. მათ შორის, განათლება არის მთავარი და განმსაზღვრელი მიმართულება. ამიტომაც, როგორც ერთი ორგანიზაცია, ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ კუთხით სათანადო ადვოკატირებას და ხელს შევუწყობთ ინიციატივების გაჩენას, რომელიც ამ კუთხით საქმიანობის განხორციელებას მოიცავს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გამოსცეს წლის საქმიანობის შესახებ ტრადიციული ჟურნალიც, რომლის პრეზენტაციაც საქმიანობის შემაჯამებელ გადაცემაში მოხდა და უკვე ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებ-გვერდის მეშვეობით. ჟურნალის პირველი გვერდის თემატიკა ხიდჩატეხილობა და დიალოგი, წინასიტყვაობა კი საზოგადოების მიმართ მოწოდებას შეეხება - გავხდეთ დემოკრატიული პროცესების არა - დამკვირვებელი, არამედ - მონაწილე.
ამასთან, ორგანიზაციამ 2021 წლის საქმიანობის შესახებ საზოგადოებას შესთავაზა ტრადიცული ვიდეო-რგოლიც. წლის ბოლოს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განცხადება გააკეთა ორ ინიციატივაზეც, რომლის თანახმადაც, 2022 წელს, ახალი პერიოდიკით, სახეცვლილი რედაქციით, პროფესიულ საზოგადოებისთვის განაახლებს სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას და ორგანიზაციაში სტაჟირების პროგრამა ახალ მიდგომებს შესთავაზებს დაინტერესებულ ახალგაზრდებს.