არჩილ კაიკაციშვილი - სამართლიანობა მთავარი ფასეულობაა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ორგანიზაციას და ჩვენს გუნდს

31 დეკემბერი, 2021

ჩვენ ჯერ ერთმანეთის მიმართ უნდა ვიყოთ სამართლიანები, რომ შემდეგ სხვისი სამართალი დავადგინოთ. ეს არის ის მთავარი ღირებულება, რომელიც ჩვენს გუნდს გამოარჩევს. ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა, არის ის ფასეულობები, რომელიც ამ გუნდს აერთიანებს და აერთიანდებდა ყველა იმ გუნდის წევრს, რომელიც ორგანიზაციში საქმიანობდა. ამ ღირებულებების დაცვა იქნება შეუქცევადი და იქნება უპირობო - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წლის საქმიანობის შემაჯამებელი გადაცემის ჩაწერის დროს განაცხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის არსებობს, ეს არის - ადვოკატი, მისი მაღალი როლი, სტატუსი და დანიშნულება საზოგადოებაში. ადვოკატი უნდა იყოს კოლეგიალობისა და ეთიკურობის მაგალითი, ყველა იმ სტანდარტის დაცვის, რომელიც საზოგადოებას ამ პროფესიის მიმართ ნდობას აღუდგენს, ან დაუბრუნებს ან განუმტკიცებს. ვფიქრობ, რომ ჩვენი ორგანიზაციის გუნდი უპირობოდ იცავს, როგორც კოლეგიალობის, ასევე ეთიკურობის მაღალ სტანდარტს. ჩვენთვის, ეს იმდენად ღირებული და პრინციპული ფასეულობებია, ზოგერ, როდესაც საკითხი დგება, კლიენტის ინტერესები თუ საქმის ინტერესები, ჩვენ შეიძლება კლიენტს ავუხსნათ და უპირატესობა მივანიჭოთ საქმის ინტერესების დაცვას და ჩვენს მარწმუნებლებს ავუხსნათ, რომ საქმის ინტერესები შეიძლება გადაწონიდეს კლიენტის ინტერესებს“ - განმარტა არჩილ კაიკაციშვილმა.  

მისი თქმით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ იყოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია. იყოს ორგანიზაცია, რომლის თითოეულ წევრს ხელფასს უხდის კლიენტი.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2021 წელი რთული იყო საზოგადოებისთვის და მესამე სექტორისთვის. პანდემიით გამოწვეული შედეგები თანაბრად რთული და დაუნდობელი აღმოჩნდა. ორგანიზაცია ამ პროცესში სოლიდარული იყო საყოველთაო ვაქცინაციის მიმართ. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პანდემიის დასრულებისა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნების ერთადერთი გზა ვაქცინირებული მოქალაქეებია, რაც პანდემიის დამარცხების, ასევე, ერთადერთი საფუძველია.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობდა კვლევით საქმიანობაზე. შესწავლის საგანი და მონიტორინგები განხორციელდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი შენობის აგების თემა, გელათის ტაძრის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილებები, სახელმწიფოს მიერ მიტაცებული საკუთრების საკითხი - მრეწვრკინიგზას საქმე. გამოხმაურებები ეხებოდა ყველა აქტუალურ საკითხს. მათ შორის ისეთ თემებს, რომელზედაც ორგანიზაციამ ვრცელი შეფასებები გააკეთა: პოლარიზაცია, შარლ მიშელის დოკუმენტი, ნინოწმინდის პანსიონის საკითხი, 5 ივლისის ძალადობას ჟურნალისტებზე, ჰესების საკითხის გადაწყვეტას პლებისცისტის გზით, სეისმური მონაცემების უსაფრთხოების საკითხს, ტაქსების სატარიფო პოლიტიკის ცვლილებას, მთავრობის მუშაობის შეფასებას შრომით სფეროში დარღვეული უფლებების აღდგენის მიმართულებით გადახდილ კომპენსაციებს, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდოლოდ დათმობილ უძრავ ქონებებს და სხვა. 2021 წელს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, საერთო სასამართლოებში, არაერთი დავა აწარმოეს, მათ შორის შრომით-სამართლებრივი კუთხით და სამართალწარმოების პროცესი გრძელდება.

 

 

 



კომენტარები