მოქმედი პროკურორისა და ორი სოციალური მუშაკის საქმე - ორგანიზაციის ოფიციალური განცხადება

24 იანვარი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო -სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის მარიამ ცხვედიანისა და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის, ნინო იობაშვილის უკანონო ქმედებების, ფარული გარიგებების, ინტერესთა კონფლიქტისა და სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს. ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს, რომ სოციალური მუშაკების უკანონო საქმიანობას და თვითნებობებს მოქმედ პროკურორ ზაზა კვირკველიას მფარველობამდე მივყავართ, რომელმაც საკუთარი სახლი სიძეს ბებიისგან ბავშვების განცალკევების გამოყენებისთვის დაუთმო.

ორგანიზაციის განცხადების ოფიციალურ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ გვსურს მივმართოთ საქართველოს გენერალურ პროკურორს ბატონ ირაკლი შოთაძეს და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ ზურაბ აზარაშვილს, რათა დაიწყოს შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებები და ამ მოქმედებებს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება და გადაწყვეტილებები სისტემაში ნეპოტიზმის, სავარაუდო კორუფციული გარიგებების აღმოფხვრისა და ფარული შეთანხმებების წახალისების, გამოვლენისა და დასჯის მიმართულებით, ვინაიდან თითოეული შემთხვევის გამოვლენა და მასზედ მკაცრი რეაგირება წარმოადგენს სახელმწიფო უწყებების მიმართ საზოგადოების ნდობის საფუძველს, თითოეული გახმაურებული შემთხვევის მიმართ დუმილი კიდევ უფრო მეტი დარღვევისა და უკანონობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ჩვენ გვესმის, რომ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საფუძვლები შეიქმნა, მაგრამ სოციალური მუშაობის სფერო სრულ კოლაფსს განიცდის.

ჩვენ, პრაქტიკოსს ადვოკატებსა და იურისტებს ყოველდღიური ბრძოლა და შრომა გვიწევს იმისთვის, რომ სოციალური მუშაკები რეალურად გამოხატავდნენ  ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, იყვნენ მიუკერძოებლები, აკმაყოფილებდნენ ზოგადი განათლების დონეს, არ გამოხატავდნენ რომელიმე მხარის ინტერესებს, არ მონაწილეობდნენ ფარულ და კორუფციულ შეთანხმებებში, ასრულებდნენ მხოლოდ კანონით დაკისრებულ მოვალეობებს, მაგრამ საგამონაკლისო შემთხვევები ისევ უმძიმესია.

ეს ფაქტები უნდა დასახელდეს. უნდა დასახელდეს კონკრეტული ადამიანები. უნდა მოხდეს მხილება და შესწავლა, სისტემა, მის სრულ რეფორმამდე, უნდა გაიწმინდოს უღირსი, არაკომპეტენტური, კანონდამრღვევი და ფარულ გარიგებებში მონაწილე სოციალური მუშაკებისგან. ამ ფაქტებზე თავად ზემდგომმა თანამდებობის პირებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები.

ვასაჯაროვებთ ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის მარიამ ცხვედიანისა და ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკის, ნინო იობაშვილის სახელებს, ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს.

ბენეფიციარებმა და ადვოკატებმა, ძალიან კარგად ვიცით მარიამ ცხვედიანისა და ნინო იობაშვილის საქმიანობა, მათი დაბალი კომპეტენცია, ბავშვებთან და მხარეებთან ცინიზმითა და არაკომპეტენტურობით გამორჩეული დამოკიდებულებები, სოციალური მუშაობის შესახებ კანონით გათვალისწინებული ყველა სტანდარტის დარღვევით შედგენილი დასკვნები, ამ ფაქტების გამო პროკურატურაში დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები, რაც კიდევ უფრო მეტი სიმწვავით ვლინდება, როდესაც სახეზეა გაყალბებული დასკვნები, ფარული გარიგებების შედეგად შედგენილი მხოლოდ დავალებული მხარის სასარგებლოდ განხორციელებული მოქმედებები, რაც არამხოლოდ დისციპლინარული წესით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს ატარებს.

საზოგადოების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს წარმოებაშია ორი არასრულწლოვანის საქმე, რომლებიც დაბადებიდანვე და დედის გარდაცვალების შემდგომ იზრდებიან, ვითარდებიან და ცხოვრობენ ბებიასთან.

ერთ-ერთი არასრულწლოვანი ცნობილი ქართველი კომპოზიტორია.

ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვსურს ამ ეტაპზე დავასახელოთ ვინაობები, მაგრამ ვასახელებთ ფაქტებს, რომელიც მიუთითებს მარიამ ცხვედიანისა და ნინო იობაშვილის უკანონო ქმედებებზე.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ბავშვების მამამ გადაწყვიტა შვილების ბებიისგან განცალკევება, წართმევა და საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე გადაყვანა. მამის განზრახვები ცდება მშობლის კანონიერი ინტერესის განხორციელებას და განპიროვნებულია შურისძიებით, ასევე კომერციული ინტერესებით.

კერძოდ, მან მოითხოვა ახალგაზრდა კომპოზიტორი შვილის შემოქმედებით კარიერაში ჩარევა და არსებულ გარიგებებზე ხელმოწერის უფლება, რაზეც სასამართლომ უარი უთხრა.

სასამართლომ ნინო იობაშვილსა და მარიამ ცხვედიანს დაავალა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შესწავლა. ეს დასკვნები, თავდაპირველად, სრულად ასახავდნენ რეალობას, ასევე ბავშვების ერთმნიშვნელოვან თავისუფალ ნებას, რომ არ სურდათ მამასთან საცხოვრებლად გადასვლა.

ამ დასკვნის შემდეგ, მამა უშურველი სიტყვებით თავს დაესხა სოციალურ მუშაკ მარიამ ცხვედიანს და მოითხოვა მისი დასჯა.

ასევე დაუპირისპირდა საქმის განმხილველ მოსამართლეს, რომელმაც საქმეზე მიიღო აცილების გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლომ სწორად შეაფასა ვითარება და საქმეზე ფსიქოლოგიური კვლევის მომზადება დაავალა არა სოციალური სამსახურის ამ მუშაკებს, არამედ დამოუკიდებელ ორგანიზაციას.

ამ დასკვნით, ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ ბავშვებს არ სურთ მამასთან ცხოვრება, მათ ცხოვრებაში მთავარი ცენტრი - ბებიაა, რამაც მამის დამატებითი აგრესია და უკუქმედებები გამოიწვია.

ნინო იობაშვილმა და მარიამ ცხვედიანმა, 2021 წლის მარტიდან, სასამართლოს დავალების გარეშე, მიზანმიმართულად დაიწყეს ფსიქოლოგიური დასკვნების მომზადება და 71 წლის ბავშვების აღმზრდელი ბებია შეაფასეს მოძალადედ.

როგორც იობაშვილმა, ასევე ცხვედიანმა, არაერთი ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელის მიზანს ბავშვების მამასთან გაყვანის სტრატეგია და ამ გეგმისთვის იურიდიული საფუძვლების მომზადება წარმოადგენდა.

ნინო იობაშვილის მითითებით, მამამ შეცვალა წარმომადგენელი და მინდობილობა გაუფორმა დასახელებულ სოციალურ მუშაკებთან პირად ურთიერთობაში მყოფ ადვოკატს.

ნინო იობაშვილმა და მარიამ ცხვედიანმა გააყალბეს ფაქტები, გარემოებები, ბავშვების მოსაზრებები, სხვადასხვა საკითხზე მოსმენილი აზრი და ყველა დასკვნას ბავშვების ინტერესების უგულვებელყოფით მოაწერეს ხელი.

ამ დასკვნების გაყალბების მასშტაბით აღშფოთებული არასრულწლოვნები - 11 წლის ც.ზ. და 9 წლის ნ.ზ. ადვოკატთან ერთად გამოცხადნენ ნინო იობაშვილთან და მარიამ ცხვედიანთან სამსახურეობრივ მისამართზე, მოითხოვეს მათი აზრის მოსმენა.

არსებობს ამ შეხვედრის კანონიერი აუდიო ჩანაწერი, სადაც ნინო იობაშვილი და მარიამ ცხვედიანი, ვერც ერთ გაყალბებულ ფაქტზე განმარტებას ვერ აკეთებს, ბავშვების ვერც ერთ შეკითხვას, თუ რატომ ცდილობენ სოციალური მუშაკები პოზიციად წარმოაჩინონ ის გარემოებები, რომელზედაც საუბარი ბავშვების მხრიდან არასოდეს შემდგარა, პასუხი გაცემული არ აქვს.

ამ არსებით ეპიზოდზე ნინო იობაშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა დასკვნების მომზადებისთვის ბავშვებთან შეხვედრის ამსახველი ფირები ჩაწერილიყო, მაგრამ იგი ასე შეგნებულად არ მოიქცა

სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ნინო იობაშვილისა და მარიამ ცხვედიანის გაყალბებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე სარჩელი დაჩქარებული წესით განიხილოს, რადგანაც საქმე შეეხება ბავშვების ინტერესებს. შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი იქნა სასამართლოში 2022 წლის 17 იანვარს, სასამართლო სხდომა კი დანიშნულია 2 თებერვალს.

ასევე, სასამართლომ, გასულ კვირას, მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება მარიამ ცხვედიანისა და ნინო იობაშვილის ბავშვებთან გასაუბრების პროცესში აცილების შესახებ.

სასამართლომ მოისმინა რა ბავშვების შეხედულებები მარიამ ცხვედიანისა და ნინო იობაშვილის ქცევებზე, დამოკიდებულებებზე, მოსაზრებებსა და მიდგომებზე, დააკმაყოფილა ბავშვების შუამდგომლობა და ცხვედიანი იობაშვილთან ერთად, ბავშვების გასაუბრების პროცესში, დარბაზიდან გააძევა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა უნდობლობას სოციალური მუშაკების მიმართ, რაც მათი აცილების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

თუმცა, ამ ორი სოციალური მუშაკის ფარული შეთანხმებები, პროცესის მონაწილე მამის მხარესთან, ამით არ სრულდება.

ნინო იობაშვილისა და მარიამ ცხვედიანის ახალი დასკვნებით, ისე, რომ სასამართლო ამას მათ არ ავალებს, პირდაპირ გაიცა რეკომენდაცია ბებიის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემისა და ბავშვების მამასთან 9 თვით გადაყვანის მოთხოვნით.

ვიდრე ამ საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო გამოიტანს, სკანდალური ფაქტები ხდება ცნობილი.

ისევ ბებიის არარსებულ ძალადობაზე მითითებით, მამას სურს ბავშვები წაიყვანოს თავისი დის სახლში, რომელიც ცნობილი პროკურორის ზაზა კვირკველიას ოჯახია.

მარიამ ცხვედიანი მიდის მოქმედი პროკურორის ზაზა კვირკველიას ოჯახში, იღებს თანხმობას და ამზადებს ახალ დასკვნას, რომლითაც პირდაპირ რეკომენდაციას იძლევა პროკურორის ოჯახმა შეიფაროს ბავშვები.

ზაზა კვირკველია პირველად არ ჩნდება ამ საქმეში. ბავშვების მამის ბებიაზე თავდასხმის დროს, იგი ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა კანონდარღვევაზე არავითარი რეაგირება არ მოუხდენია.

ასევე, საეჭვოდ იბლოკება მარიამ ცხვედიანისა და ნინო იობაშვილის ქმედებების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში წარდგენილი საჩივრების ბედი.

მამა, რომელიც წარსულში მარიამ ცხვედიანის დასჯას მოითხოვდა, დღეს ცხვედიანთან და იობაშვილთან ფამილარულ დამოკიდებულებებშია.

ნინო იობაშვილმა 2021 წლის აპრილში, ღიად განაცხადა, რომ მოქმედებს მფარველის ქვეშ. შესაბამისად, სოციალური მუშაკები წარმოდგენილი დასკვნების მომზადების დროს მოქმედებენ არა კანონიერების, მართლზომიერებისა და თანასწორუფლებიანობის სავალდებულო წესებით, არამედ ისინი დავალებული მხარეა. ადგილი აქვს ფარულ და სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებებს.

კორუფცია მხოლოდ ფულის აღებას არ ნიშნავს. კორუფციაა შედეგები და ქმედებები.

იმ პირობებში, როდესაც არც ერთ არასრულწლოვანს არ სურს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სახეზე არ არის ძალადობის ნიშანიც კი, ბავშვების განვითარება მიმდინარეობს შეუქცევადი პროცესით, ნინო იობაშვილისა და მარიამ ცხვედიანის დასკვნები ყოველგვარ ლოგიკას, დასაბუთებას, მორალს, პროფესიულ ეთიკასა და ფაქტობრივ რეალობას მოწყვეტილია.

კანონის გვერდის ავლით, ნათელია ამ ორი ე.წ. სოციალური მუშაკის ინტერესები.

ეს ინტერესები არ გამომდინარეობს ბავშვების ინტერესებიდან.

ეს ინტერესები მხოლოდ მოქმედი პროკურორის ოჯახის ინტერესებს ეთანხმება. მით უფრო, როდესაც ბავშვების მამა ღია საუბრებში აცხადებს, რომ სიძე პროკურორია და 71 წლის ქალბატონს ციხეშიც ჩასვამს.

მეტიც, პროკურორი საეჭვოდ სდუმს, როდესაც თავისი ცოლის ძმა აცხადებს, რომ დაატრიალებს ტრაგედიას. ამ საშიშროებაზე კიდევ ერთხელ მიუთითეს 71 წლის ქალბატონს გასულ კვირას ოჯახურ შეხვედრაზეც, სადაც პროკურორის ოჯახმა ქალბატონს გარკვეული პირობების გავლის მიზნით, ბავშვების ნათლია, თუმცა ქალაქში ცნობილი სუპერმარკეტების ქსელის დირექტორი და ცნობილი ბიზნესმენი მიუგზავნა.

ვფიქრობ, ამ გარემოებებით უნდა დაინტერესდეს გამოძიება. მით უფრო, როდესაც სასამართლო დროებითი განკარგულებით, ბავშვებთან ურთიერთობის დღეებში, მამის გარდა, ამ ურთიერთობებს პროკურორი კვირკველიას ოჯახის წევრები და თავად დასახელებული ბიზნესმენიც მუდმივად ესწრებოდნენ. სასამართლომ უკვე ამოიღო ამ შეხვედრების ამსახველი აუდიო და ვიდეო მასალა.

ქართული და არამხოლოდ ქართული ფაილები, მიუთითებს ერთადერთზე, რომ ნინო იობაშვილი და მარიამ ცხვედიანი უკანონო ქმედებების, ფარული გარიგებების, ინტერესთა კონფლიქტისა და სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე დაინტერესებული, ჩართული და მოქმედი შემსრულებელი პირები არიან.

ამაზე უკვე მეტყველებს მათი ქმედებები, გადაწყვეტილებები, მიზნები და ცოცხალ ურთიერთობებში, ქცევის ყველა მანერა.

მოვლენები ტოვებს საფუძვლიანი დასკვნების ანალიზს, რომ მოქმედი პროკურორი სოციალური მუშაკების უკანონო საქმიანობას მფარველობს, რადგანაც მისი თანხმობით იობაშვილმა და ცხვედიანმა გაბედეს პირდაპირი დასკვნის ხელმოწერა, სადაც ბავშვების გაყვანა ბავშვების სურვილების საწინააღმდეგოდ, საჭირო ღონისძიებად იქნა მიჩნეული. დღეს იმის თქმა, რომ პროკურორი ინფორმირებული არ იყო ოჯახის თანხმობაზე, უხერხული და თავის მართლების ტოლფასია.

გაუგებარია, რატომ სდუმს პროკურატურა და ჯანდაცვის სამინისტრო.

ჩვენ მივმართავთ მათ, დაიწყოს აქტიური მოქმედებები დასახელებული ფარული გარიგებების გამოვლენის მიზნით.

ნინო იობაშვილმა და მარიამ ცხვედიანმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობა, ვინაიდან შესასწავლია მათი კრიმინალური საქმიანობა.

მივმართავთ პროკურატურას, პროკურორ ზაზა კვირკველიას ქმედებებზე დაიწყოს მოკვლევა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მზად არის ითანამშრომლოს ყველა უწყებასთან და წარმოადგინოს სრული მტკიცებულებები.

ასევე, ჩვენ უახლოესს დღეებში კიდევ ერთი განცხადებით მივმართავთ საზოგადოებას. საქმე, რომელზედაც ვსაუბრობთ, არის უაღრესად პრინციპული და ორგანიზაცია გააგრძელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას“ - ნათქვამია განცხადებაში.



კომენტარები