„ახალგაზრდა ადვოკატები“ ე.წ. ზრუნვის სააგენტოში ჩადენილ დანაშაულზე ხმაურიან ბრიფინგს გამართავს

10 თებერვალი, 2022

2022 წლის 11 თებერვალს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, ბიზნესმენი სტანისლავ საჟინი, ბიზნესმენის ადვოკატი ილია მახარაძე, ერთობლივ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ და სკანდალურ ფაილებს წარმოადგენენ - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ და კონკრეტული დეპარტამენტის ადმინისტრაციულმა მოხელემ სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გააყალბა, დავის მონაწილე მეორე მხარესთან ფარული გარიგების გამო, ბიზნესმენის დაპატიმრების პროცედურები წამოიწყო, საქართველოს უზენაესმა სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით კი, აღსრულების პროცესი შეჩერდა. საქმე ამჟამად პროკურატურაშია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ დაუჯერებელს უწოდებს ფაქტებს, რომელიც საზოგადოებისთვის პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი. სასამართლო აღშფოთებულია ე.წ. ზრუნვის სააგენტოს დანაშაულებრივი ქმედებით. კერძოდ, სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ: „პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოები გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოს სახელით და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განუხრელად დაცვისა და შესრულების ვალდებულება, საქართველოს მთელს ტერიტორიაზეა უზრუნველყოფილი. სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს“. სავარაუდო კრიმინალის შესახებ დეტალური მასალა, გამყალბებლების დასახელება და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

მედიასთან შეხვედრა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, 11:30 საათზე გაიმართება.



კომენტარები