ჰააგის ბავშვთა კონვენციის ფარგლებში, ქართველი ადვოკატები და იურისტები გადამზადნენ - „ახალგაზრდა ადვოკატები“

27 ივნისი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამით  გამარჯვებული პროექტ: „ბავშვთა უფლებების დაცვა საქართელოში ჰააგის კონვენციის მიხედვით“ ფარგლებში, პროფესიული გადამზადების ტრენიგი ჩაატარეს. ტრენინგის თემას წარმოადგენდა: „როგორ წარვმართოთ საქართველოს სასამართლოში კონვენციის ფარგლებში არსებული დავები: ტექნიკა და პრაქტიკა", რომელშიც მონაწილეობა ადვოკატებმა და იურისტებმა მიიღეს. შეხვედრაზე გაზიარებული იქნა გამოცდილება, რომელიც არსებობს კონვენციის დავების წარმართვასთან საქართველოში, ასევე გაცნობილი იქნა საკანონმდებლო ჩარჩო და კონვენციის მოქმედების ფარგლები, საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ევროსასამართლოს პრაქტიკა.

ტრენინგის ბოლოს გაიცა სერთიფიკატი და ტრენინგში მონაწილე პირების შესახებ სია გადაგზავნილი იქნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, როგორც კონვენციის განსაზღვრულ ცენტრალურ ორგანოსთან საქართველოში, რათა ფორმირდეს ბაზა საქართველოში კონვენციიდან წარმოშობილი დავებში გადამზადებული ადვოკატების/იურისტების არსებობის შესახებ. ტრენინგზე მონაწილეობის სურვილი იურიდიული პროფესიის 20 წარმომადგენელმა გამოთქვა. ორგანიზაციამ რეგისტრაციის პროცესი გახადა სრულიად გამჭვირვალე და 2 კვირის განმავლობაში, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო შესაბამისი ანკეტა შეევსო.

როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საგრანტო პროგრამის („საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება, ინოვაციური სერვისების დანერგვა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია“) ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარდგენილი პროექტის: „ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში ჰააგის კონვენციის მიხედვით“ გამარჯვებულად გამოცხადდა. პროექტი 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ივნისის ბოლომდე მიმდინარეობს, რომლის შემადგენელი ნაწილიც ტრენინგის მომზადება გახლდათ. ასევე, პროექტის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო კამპანიაც და ორგანიზაციის აღმასრულებელმა გუნდმა, საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს სპეციალური საინფორმაციო ცნობარი გადასცეს, სადაც დეტალურად იქნა აღწერილი კონვენციის მიზნები და ამოცანები.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველო წარმოადგენს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კი, სრულად განისაზღვრა ის საკანონმდებლო საფუძვლები და ინსტრუმენტები, რომლითაც არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან და კავშირებულ საკითხებზე ქართულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელის განხილვა უკავშირდება.

ქართულ სასამართლოში, ჰააგის კონვენციის ფარგლებში სარჩელების განხილვის დროს, მხარეები, უმეტესს შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუმცა ბოლო წლების სასამართლო დავების ტენდენციაც აჩვენებს, რომ დავის მონაწილე ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქები არიან, რომლებიც ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ და თანაცხოვრების მანძილზე ოჯახური უთანხმოებების გამო, განსაკუთრებით COVID19-ის პირობებში, დატოვეს ჩვეული საცხოვრებელი ადგილი, არასრულწლოვნებთან ერთად მოახდინეს საქართველოში გადმოსვლა ან დაბრუნება, ბავშვის მეორე კანონიერმა წარმომადგენელმა - მშობელმა კი სარჩელით მომართა საქართველოს და მოითხოვა შვილის/შვილების ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება.

ასეთ დროს, მხარეები არაერთ პრაქტიკულ და არსებით პრობლემას აწყდებიან - არაკვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას, ვინაიდან ქართველი ადვოკატები არ ფლობენ ინფორმაციას ჰააგის კონვენციის მიზნებსა და ამოცანებზე, კონვენციის ფარგლებში წარმოებული დავების დასაბუთება გააზრებულია მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით საოჯახო დავების გადაწყვეტისთვის დადგენილი წესებით, არ არის ცნობილი ეროვნულ და საზღვარგარეთის ქვეყნის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი, საერთო სასამართლოებში საქმის წარმართვის, მტკიცებულებების შეგროვებისა და დაცვის სტრატეგიის სათანადოობა, არსებობს იურიდიული მომსახურების არაგონივრული ხარჯი, საქმის მასალების ქართულ ენაზე შედგენისა და ნოტარიული წესით დამოწმების ხარჯი, სასამართლოსთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან სახელმწიფო ენაზე კომუნიკაციის პრობლემა. ამასთან, პრობლემა მოდავე მხარეებსა და წარმომადგენელს შორის ენობრივი ბარიერის თაობაზე და სხვა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტის მიზანია, მოახდინოს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის პოპულარიზაცია, რაც გამოიხატება სამი კომპონენტის ერთობლიობით: ა) პროფესიული ტრენინგის მომზადება და ჩატარება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატებისთვის, ბ) ეროვნულ დონეზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება კონვენციით მოცული უფლებების შესახებ და გ) უფასო ადვოკატირება კონვენციის ფარგლებში ქართულ სასამართლოებში წარმოებულ დავებზე.

პროექტის მდგრადობას წარმოადგენს საქართველოს ორგანული ინტერესი ჰააგის კონვენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული საქმეების პროცესში, სახელმწიფოს მხრიდან არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის შეთავაზებული იქნეს დაცვის განსაკუთრებული გარემო. ერთის მხრივ, ეროვნულ დონეზე მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მეორეს მხრივ იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა - ადვოკატების შესაბამისი გადამზადება კონვენციით გათვალისწინებულ მომავალ დავებში მონაწილეობის მისაღებად და მესამე მხრივ - უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის მდგრადობის შექმნა. შესაბამისად, პროექტი ეროვნულ დონეზე წარმოადგენს პირველ შესაძლებლობას და მექანიზმს, რომელიც ორიენტირებულია იურიდიულად მოწესრიგებული გარემოს შექმნასა და ცნობიერების ამაღლებაზე, რაც საქართველოს, როგორც რეფორმატორ ქვეყანას, მნიშვნელოვან ღირსებას სძენს.



კომენტარები