სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითებს ბავშვების მამას, რომ შეწყვიტოს შვილებზე ძალადობა

6 ივლისი, 2022

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს ბავშვების მამას, რომ შეწყვიტოს შვილებზე ძალადობა, შეწყვიტოს შვილებზე მბრძანებლობა და შეწყვიტოს პირადი ინტერესებით ბავშვების აღმზრდელი ბებიის წინააღმდეგ ბრძოლა - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმღვანელმა, არასრულწლოვნების ბებიის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.

2022 წლის 6 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე კანონიერი წარმომადგენლის - მამის განცხადება ბებიის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის, შვილების 9 თვის განმავლობაში ბებიის საცხოვრებელი სახლიდან განცალკევების, მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას ოჯახში განთავსებისა და ბავშვების ბებიასთან კომუნიკაციის შეზღუდვის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებას უცვლელად ვავრცელებთ:

„მინდა ბავშვების, ოჯახის და საზოგადოების სახელით მადლობა გადავუხადო სამართლიან სასამართლოს, რომელმაც შეძლო ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვა.

სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს რაიმე ფორმით კრიტიკის საფუძველს, რადგანაც სარწმუნო გახდა მტკიცებულებები და სარწმუნო გახდა ბავშვების მტკიცე პოზიცია, რომ არ სურდათ ბებიის საცხოვრებელი ადგილისგან სხვა საცხოვრებელ ადგილას გადასვლა, მით უფრო, პროკურორის ოჯახში.

ჩვენ კიდევ ერთხელ, სასამართლო წესით ვამტკიცებთ, რომ გაუგებარია მამის ქცევა და დამოკიდებულებები. მშობლის ინტერესები უპირატესი არ არის, თუკი ეს ინტერესები ღიად უპირისპირდება ბავშვების ჭეშმარიტ ინტერესებს. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს ბავშვების მამას, რომ შეწყვიტოს შვილებზე ძალადობა, შეწყვიტოს შვილებზე მბრძანებლობა და შეწყვიტოს პირადი ინტერესებით ბავშვების აღმზრდელი ბებიის წინააღმდეგ ბრძოლა.

დღევანდელი გადაწყვეტილებით გაიმარჯვეს არასრულწლოვნებმა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც, სასამართლო თავისი ღირსეული მოსამართლეებით, ყოველთვის ბავშვების მხარეს დადგება.

ვულოცავ საზოგადოებას, ვულოცავ მუსიკალურ საზოგადოებას, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით. ვულოცავ ცოტნეს და ნინიკოს მოსამართლე ირინა გოგოლაძის ამ ბრწყინვალე გადაწყვეტილებას“ - ნათქვამია განცხადებაში.

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და არასრულწლოვანთა გამოკითხვის შედეგების მხედველობაში მიღებით, მამის მოთხოვნა ბებიის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე იყო უსაფუძვლო და ადგილი არ ჰქონია ფსიქოლოგიურ ძალადობას, იძულებას ან ბავშვების ინტერესების უგულვებელყოფას. ამასთან, სასამართლოს წარმოებაშია კიდევ ერთი საქმე, რომელიც ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღრავს შეეხება, რაზეც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სასამართლოს განმარტებით, ბავშვები მიჯაჭვულია ბებიას და ბებიის საცხოვრებელ გარემოს. მათ აქვთ სასტიკი უარყოფა შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი და გარემო. ერთ-ერთი არასრულწლოვნის შემთხვევაში, რომელიც ცნობილი პიანისტი და კომპოზიტორია, გარემოს ცვლილება გამოიწვევს შემოქმედებითი და პიროვნული განვითარებისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას. ბებია ბავშვის შემოქმედებით ცხოვრებაში ასრულებს უმთავრესს ფუნქციას - არის მუსიკალური პედაგოგი, 9 თვით მასთან განშორება კი, ყოველგვარ რაციონალურ საფუძვლებსაა მოწყვეტილი. მიღებული გადაწყვეტილება ემსაუხრება არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას და არ გამოხატავს ურთიერთ -დაპირისპირებულ მოდავე მხარეთა ინტერესებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ჩაფლავდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო - სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკ მარიამ ცხვედიანის, ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკ ნინო იობაშვილის და სააგენტოს ფსიქოლოგ ხატია ნადარეიშვილის ოპერაცია, რომლის მიზანს უმძიმესი გამონათქვამებით, როგორც წარმოდგენილ დასკვნებში, ასევე სასამართლოში მიცემული განმარტებების დროს, ბავშვების ბებიის დისკრედიტაცია, დემორალიზაცია და უარყოფით პერსონად წარმოჩენა გახლდათ. სამწუხაროდ, დასახელებული მოხელეები თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პირობებში, ახორციელებდნენ დაკვეთას, რაც მომდინარეობდა მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას ხელდასხმით, რომელიც ბავშვების მამის  სიძე, დის ქმარია.

საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, მოქმედი პროკურორი ზაზა კვირკველია თანხმობას გამოთქვამდა ბავშვების მიღებისთვის. 2022 წლის 24 იანვარს, მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, ფარული და კორუფციული შეთანხმებების ზედაპირზე გამოვლენის გამო, საზოგადოებამ მოისმინა ბავშვების ბებიის ოჯახისა და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც ორი სოციალური მუშაკი მოქმედი პროკურორის მფარველობაში იქნა მხილებული. სწორედ ამ დღეს, საჯარო განცხადებიდან რამდენიმე საათში, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ მიიღო სამართალდამრღვევის ოქმი, რომლითაც ბებია დაისაჯა და დაჯარიმდა 500 ლარით. სამართალდამრღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ შემთხვევა შეეხება „ზეგავლენაში მამასთან ურთიერთობის საკითხს“ (სტილი დაცულია) და რომ აღნიშნული გამოვლინდა 2021 წლის 30 ნოემბერს. 

სინამდვილეში, 2021 წლის 30 ნოემბერს ახალგაზრდა კომპოზიტორი მუსიკალურ პედაგოგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში. ამასთან, 2021 წლის 30 ნოემბერი კალენდარულად გახლდათ სამშაბათი დღე, ხოლო სასამართლოს დროებითი განკარგულებით, მამას ბავშვების მონახულების უფლება გააჩნია პარასკევსა და კვირას. ამდენად, სამართალდარღვევის ოქმის იურიდიული საფუძვლები, არც ფაქტობრივი მოცემულობა, ბუნებაში არ არსებობდა, რაც კიდევ ერთხელ ტოვებს მყარ საფუძველს, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტომ 71 წლის ქალბატონი დასაჯა. მხილებისა და სკანდალის შემდეგ, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ სამართალდარღვევის ოქმის ფარგლებში საქმისწარმოება თავისივე ინიციატივით შეწყვიტა. 

სასამართლომ საქმის მასალებისა და არასრულწლოვნების შუამდგომლობის საფუძველზე, 2022 წლის 18 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება და სოციალური მუშაკები: ნინო იობაშვილი და მარიამ ცხვედიანი ბავშვებთან გასაუბრების პროცესიდან დარბაზიდან გააძევა, რითაც მათი აცილების თაობაზე, ბავშვების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მარიამ ცხვედიანმა და ნინო იობაშვილმა მიზანმიმართულად გააყალბებს დოკუმენტებში აღწერილი ფაქტები, რათა შეექმნათ სამართლებრივი საფუძვლები ბავშვების ბებიისგან განცალკევების მოთხოვნის დასმისთვის. საქმის მასალებით დგინდება, რომ ორი სოცილური მუშაკი ფარულ გარიგებებში იმყოფება ბავშვების მამასთან, დასკვნები კი მომზადებული იქნა არასრულწლოვანთა სპეციალიზაციით მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ.  

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ დასახელებული ავანტიურისტული დავის ფარგლებში, რაც მამამ ფარული შეთანხმებების შედეგად წამოიწყო, მოხდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მასშტაბური მხილება. ორგანიზაციამ აჩვენა ბავშვის ინტერესების დაცვის საუკეთესო მაგალითი. შედეგად, ფარულ გარიგებებში მხილებული სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კუპრეიშვილმა და ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსმა, ნინო ბუჩუკურმა საჩივრებით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას და მოითხოვეს ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბავშვების ბებიის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილისთვის საადვოკატო საქმიანობის ჩამორთმევა. სააგენტოს დასახელებულმა პირებმა ცილისწამებლურ კამპანიაში ჩართეს სააგენტოს სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული 10-ზე მეტი თანამშრომელი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ გიორგი კუპრეიშვილისა და ნინო ბუჩუკურის საჩივრები, დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო, არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ბავშვების კანონიერი ინტერესების წარმომადგენელ მამას შეუძლია, ერთჯერადი წესით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. საქმე მოსამართლე ირინა გოგოლაძემ განიხილა.  



კომენტარები