ბოლო 15 თვის განმავლობაში, რეგისტრირებული 4472 მოთხოვნიდან 3978 ბინადრობის ნებართვა გაიცა

17 აგვისტო, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მუდმივი, დროებითი, უვადო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემის / გაცემაზე უარის თქმის, ბინადრობის ნებართვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრებისა და მისი შედეგების თაობაზე შესწავლის შედეგებს აქვეყნებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინტერესს წარმოადგენდა, რამდენი განცხადება დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე და სააგენტოს მხრიდან რამდენ შემთხვევაში იქნა მიღებული გადაწყვეტილება მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმისა და დაკმაყოფილების შესახებ, რამდენი განცხადება დარეგისტრირდა დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე, რამდენი განცხადება დარეგისტრირდა უვადო ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე, რამდენი განცხადება დარეგისტრირდა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე, არსებული საქმეებიდან, რომელიც შეეხებოდა ზემოთ მითითებული ბინადრობის ნებართვების მინიჭებას, რამდენ მათგანი გასაჩივრდა საქართველოს საერთო სასამართლოების წესით და რამდენ შემთხვევაში დასრულდა საქმე სააგენტოს სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ. ორგანიზაციის მიერ შესწავლილი ინფორმაცია შეეხება 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შესწავლის შედეგების მიხედვით დგინდება, რომ დროის მითითებულ პერიოდში, მთლიანობაში, სხვადასხვა სახის ბინადრობის მოთხოვნისთვის სულ დარეგისტრირდა 4472 განცხადება. აქედან, სახელმწიფომ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა 3978 მოთხოვნა, ხოლო 439 განცხადებას უარი ეთქვა. შესწავლილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დგინდება შემდეგი:

1. ბინადრობის ნებართვა საქართველოს ყოფილი მოქალაქისათვის - სულ დარეგისტრირდა 17 განცხადება, დაკმაყოფილდა 16, არ დაკმაყოფილდა - 1;

2. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - სულ დარეგისტრირდა 970 განცხადება, დაკმაყოფილდა 628, არ დაკმაყოფილდა - 303;

3. მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის გაგრძელება - სულ დარეგისტრირდა 13 განცხადება, დაკმაყოფილდა 13, არ დაკმაყოფილდა - 0;

4. ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა - სულ დარეგისტრირდა 415 განცხადება, დაკმაყოფილდა 324, არ დაკმაყოფილდა -16;

5. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა - სულ დარეგისტრირდა 36 განცხადება, დაკმაყოფილდა 13, არ დაკმაყოფილდა - 14;

6. სასწავლო ბინადრობის ნებართვა - სულ დარეგისტრირდა 1 598 განცხადება, დაკმაყოფილდა 1 263, არ დაკმაყოფილდა - 35;

7. სპეციალური ბინადრობის ნებართვა - სულ დარეგისტრირდა 114 განცხადება, დაკმაყოფილდა 105, არ დაკმაყოფილდა 2;

8. შრომითი ბინადრობის ნებართვა - სულ დარეგისტრირდა 1 309 განცხადება, დაკმაყოფილდა 597, არ დაკმაყოფილდა - 123.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეისწავლა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბინადრობის მოწმობის გაცემასთან განცხადებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოებში არსებული წარმოებაც. დგინდება, რომ ბოლო, 15 თვის განმავლობაში, მოკლევადიანი ბინადრობის მინიჭების გადაწყვეტილება საქართველოს საერთო სასამართლოების წესით გასაჩივრდა 81 შემთხვევაში. მუდმივი ბინადრობის ნებართვა 22 შემთხვევაში, ხოლო დროებით და უვადო ბინადრობის ნებართვა არ გასაჩივრებულა. შედეგად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ დავა დასრულდა 29 შემთხვევაში, ხოლო  განმცხადებელთა სასარგებლოდ, მოთხოვნა დაკმაყოფილდა 47 საქმესთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: ბინადრობის ნებართვების გაცემის სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვარს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი. უცხოელის საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, ტრანზიტით გავლა და საქართველოდან გასვლა რეგულირდება შემდეგი პრინციპებით: ა) ნაცვალგების პრინციპი, ბ) ოჯახის ერთიანობის პრინციპი, გ) დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი, დ) არგაძევების პრინციპი, ე) ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპი. საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას უცხოელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი). საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა, ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა, გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა, დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. კანონის მიზნებიდან გამომდინარე, 2014 წლის 1 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ინფორმაციის მიღების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილს მიმართა. ინფორმაცია 2022 წლის 17 ივნისს გაიცა, რომლის ანალიზის საფუძველზეც, ორგანიზაციამ შესწავლა განახორციელა.



კომენტარები