„ახალგაზრდა ადვოკატები“, ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე, სასამართლოს შემაჯემებელ დასკვნებს აქვეყნებს

13 ნოემბერი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, 2022 წლის 11 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაზე განცხადებას ავრცელებს, რომელიც ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე მიღებულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას შეეხება. სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლის - მამა გიორგი ზედგინიძის სააპელაციო საჩივარი ამღზრდელი ბებიის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის, შვილების 9 თვის განმავლობაში ბებიის საცხოვრებელი სახლიდან განცალკევების, მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას ოჯახში განთავსებისა და ბავშვების ბებიასთან კომუნიკაციის შეზღუდვის მოთხოვნით. შესაბამისად, უცვლელი დარჩა საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ორი ინსტანციის სასამართლომ წარდგენილი ფაქტებისა და გარემოებების შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების ამოსავალ საფუძვლად მიიჩნია ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვა, ბავშვების ხედვა და ნება მამის მოთხოვნებთან მიმართებით. ცალსახად განიმარტა, რომ სოციალური სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებები არასაკმარისი და არაეფექტური იყო. ორგანიზაცია, საზოგადოებას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან იმ დასკვნებსა და ამონარიდებს შესთავაზებს, რომელიც ყველაზე მეტად ასახავს დავის პრობლემურ მხარეებზე გამოხმაურებებსა და შეფასებებს:

1 სასამართლო მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მშობლიური გარემოდან და აღმზრდელი ბებიისგან განცალკევება, რადგან ეს ბავშვების საუკეთესო ინტერსებს, მათ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას შეუქცევად ზიანს მიაყენებს. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, სასამართლო ასევე იზიარებს ფსიქოლოგის განმარტებას, იმის შესახებ, რომ ბავშვების მამიდასთან ურთიერთობაც მათთვის მოსამზადებელ ეტაპს საჭიროებს.

2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბავშვებთან გასაუბრებაზე, საიდანაც გამოიკვეთა, რომ ისინი თბილად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე საუბრობდნენ იმ გარემოზე (ბებიის ოჯახზე), სადაც ისინი ცხოვრობენ, განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენიებენ ბებიას, კატეგორიულ უარს აცხადებენ მამასთან საცხოვრებლად წასვლაზე, მის მიმართ აქვთ წყენა და უნდობლობა. ნინო ზ. და ცოტნე ზ. აღიქვამენ და აცნობიერებენ მამასა და ბებიას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას, შესწევთ უნარი დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევის, ზეგავლენის გარეშე შეაფასონ და გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება უფროსებს შორი არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით, მკაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და სურვილი. მართალია სასამართლო გადაწყვეტილებაში ვერ ასახავს ბავშვებთან გასაუბრების შინაარსს, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, თუმცა სწორედ მათ მიერ გამოხატული მოსაზრებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამცავი ორდერის გამოცემა მიზანშეუწონელია და ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს.

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაძლოა ნინო მამრაძის განწყობები გიორგი ზედგინიძის მიმართ, გარკვეულწილად გააზრებულად თუ გაუაზრებლად გაზიარებული იქნეს არასრულწლოვნების მხრიდან მათი ასაკობრივი მოწყვლადობის გათვალისწინებით, თუმცა აღნიშნული არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბებიის - ნინო მამრაძის მხრიდან ბავშვების მიმართ ფსიქოლოგიურ ან/და ფიზიკურ ძალადობად, იძულებად, მათი ინტერესების უგულებელყოფად დაკვალიფიცირდეს.

წარმოდგენილი განცხადებისა და საქმის განხილვისას გამოკვლეული გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს არცერთი საკმარისად მყარი და მკაფიო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ნინო მამრაძის მხრიდან არასრულწლოვნების ნინო ზედგინიძის და ცოტნე ზედგინიძის მიმართ ფსიქოლოგიური ან/და ფიზიკური ძალადობის, იძულების, მათი ინტერესების უგულებელყოფის ფაქტის არსებობა ან მომავალში ასეთი ძალადობის განხორციელების რეალური საშიშროება, შესაბამისად არ არის გამოკვეთილი დამცავი ორდერის გამოცემის უპირატესობა.

4. სასამართლო მიუთითებს მხარეებს, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვა უპირველეს ყოვლისა მათზე პასუხისმგებელი პირების კანონისმიერი და მორალური ვალდებულებაა, ბავშვების სურვილი, მათი ნება უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა უფროსებს შორის არსებული დაპირისპირება ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორია მათი ჰარმონიული განვითარებისთვის, დაპირისპირების თანმდევი ნეგატიური ქმედებები/ შედეგები არ ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რამდენადაც ასეთ ინტერესს არ წარმოადგენს არასრულწლოვნის სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა, მისი დათრგუნვა, შიში და მოლოდინი იმისა, რომ მისაღები, ჩვეული, სასურველი გარემოდან სხვა მოცემულობაში აღმოჩნდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს კონფლიქტურ სიტუაციებში უდიდესი როლი ეკისრება სოციალურ სამსახურს, სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, სოციალური სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებები არასაკმარისი და არაეფექტური იყო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არასრულწლოვანების ბებიის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ სასამართლომ ზუსტად შეაფასა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები და არ მიიღო ბავშვების ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. მით უფრო, როდესაც 10 თვის განმავლობაში წარმოებული საქმის მამის სასარგებლოდ დასრულებისთვის, არავითარი სარწმუნო მტკიცებულება არ არსებობა. აღნიშნული პროცესი წარმოადგენდა ყოფილი სიძის შურისძიებას ბავშვების დაბრუნების საბაბით. განსაკუთრებით სააპელაციო ეტაპზე გამჟღავნებული ქცევისა და ქმედებების ერთობლიობით, სასამართლოს წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლისა და აშკარა უპატივცემულობის პირობებში, რასაც გიორგი ზედგინიძე და მისი წარმომადგენელი ახორციელებდნენ, თვალსაჩინო გახდა, რომ ადგილი ჰქონდა შვილების ინტერესების წინააღმდეგ უფლების ბოროტად გამოყენებას.

დამცავი ორდერის გამოცემის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი გარემოებები არ არსებობდა, მაგრამ ბავშვების მამამ აღნიშნული დავის წარმოებისთვის მოქმედება და მომზადება 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყო, ხელი შეუშალა ერთ-ერთ შვილს საზღვარგარეთ გამგზვარების თანხმობებში, მოისყიდა ე.წ. ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და სასურველი დასკვნების მომზადებით, ასევე სასამართლო სხდომებზე ღია მხარდაჭერის პირობებში, შეეცადა ე.წ. ფსიქოლოგიური ძალადობის, ე.წ. იძულებისა და ე.წ. ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფის მტკიცებას, რაც საბოლოოდ, კრახით დასრულდა.

სამწუხაროდ, დასახელებული დავის ფარგლებში, მთელი 10 თვის განმავლობაში, ბავშვებმა დამატებითი ტანჯვა და სტრესი მიიღეს, რადგანაც ჩამოყალიბდა ნეგატიური მოლოდინი, რომ შესაძლებელი იქნებოდა 9 თვით შვილებს საცხოვრებელი გარემო შეეცვალათ. დავის ფარგლებში, მამამ არაერთი საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც შეეხებოდა ბავშვების ბებიის დემორალიზაციას, შეურაცხყოფას, მოძალადედ წარმოჩენას. ამასთან, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ნინო მამრაძის ადვოკატის წინააღმდეგ საჩივრების წარდგენა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის საბჭოში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არსებული დასკვნა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ჩაფლავდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო - სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკ მარიამ ცხვედიანის, ამავე განყოფილების უფროსი სოციალური მუშაკ ნინო იობაშვილის და სააგენტოს ფსიქოლოგ ხატია ნადარეიშვილის ოპერაცია, რომლის მიზანს უმძიმესი გამონათქვამებით, როგორც წარმოდგენილ დასკვნებში, ასევე სასამართლოში მიცემული განმარტებების დროს, ბავშვების ბებიის დისკრედიტაცია, დემორალიზაცია და უარყოფით პერსონად წარმოჩენა გახლდათ. სამწუხაროდ, დასახელებული მოხელეები თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პირობებში, ახორციელებდნენ დაკვეთას, რაც მომდინარეობდა მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას ხელდასხმით, რომელიც ბავშვების მამის  სიძე, დის ქმარია.

საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, მოქმედი პროკურორი ზაზა კვირკველია თანხმობას გამოთქვამდა ბავშვების მიღებისთვის. 2022 წლის 24 იანვარს, მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, ფარული და კორუფციული შეთანხმებების ზედაპირზე გამოვლენის გამო, საზოგადოებამ მოისმინა ბავშვების ბებიის ოჯახისა და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც ორი სოციალური მუშაკი მოქმედი პროკურორის მფარველობაში იქნა მხილებული. სწორედ ამ დღეს, საჯარო განცხადებიდან რამდენიმე საათში, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ მიიღო სამართალდამრღვევის ოქმი, რომლითაც ბებია დაისაჯა და დაჯარიმდა 500 ლარით. სამართალდამრღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ შემთხვევა შეეხება „ზეგავლენაში მამასთან ურთიერთობის საკითხს“ (სტილი დაცულია) და რომ აღნიშნული გამოვლინდა 2021 წლის 30 ნოემბერს. 

სინამდვილეში, 2021 წლის 30 ნოემბერს ახალგაზრდა კომპოზიტორი მუსიკალურ პედაგოგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში. ამასთან, 2021 წლის 30 ნოემბერი კალენდარულად გახლდათ სამშაბათი დღე, ხოლო სასამართლოს დროებითი განკარგულებით, მამას ბავშვების მონახულების უფლება გააჩნია პარასკევსა და კვირას. ამდენად, სამართალდარღვევის ოქმის იურიდიული საფუძვლები, არც ფაქტობრივი მოცემულობა, ბუნებაში არ არსებობდა, რაც კიდევ ერთხელ ტოვებს მყარ საფუძველს, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტომ 71 წლის ქალბატონი დასაჯა. მხილებისა და სკანდალის შემდეგ, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ სამართალდარღვევის ოქმის ფარგლებში საქმისწარმოება თავისივე ინიციატივით შეწყვიტა, გაყალბებული ოქმის ავტორი იურისტი ლევან სესიაშვილი კი - სამსახურიდან წავიდა.

სასამართლომ საქმის მასალებისა და არასრულწლოვნების შუამდგომლობის საფუძველზე, 2022 წლის 18 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება და სოციალური მუშაკები: ნინო იობაშვილი და მარიამ ცხვედიანი ბავშვებთან გასაუბრების პროცესიდან დარბაზიდან გააძევა, რითაც მათი აცილების თაობაზე, ბავშვების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მარიამ ცხვედიანმა და ნინო იობაშვილმა მიზანმიმართულად გააყალბებს დოკუმენტებში აღწერილი ფაქტები, რათა შეექმნათ სამართლებრივი საფუძვლები ბავშვების ბებიისგან განცალკევების მოთხოვნის დასმისთვის. ისინი სააპელაციო ეტაპზეც ცდილობდნენ მიღებული გადაწყვეტილებების დაცვას, თუმცა უშედეგოდ. საქმის მასალებით დგინდება, რომ ორი სოცილური მუშაკი ფარულ გარიგებებში იმყოფება ბავშვების მამასთან, დასკვნები კი მომზადებული იქნა არასრულწლოვანთა სპეციალიზაციით მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ.  

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ დასახელებული ავანტიურისტული დავის ფარგლებში, რაც მამამ ფარული შეთანხმებების შედეგად წამოიწყო, მოხდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მასშტაბური მხილება. ორგანიზაციამ აჩვენა ბავშვის ინტერესების დაცვის საუკეთესო მაგალითი. შედეგად, ფარულ გარიგებებში მხილებული სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კუპრეიშვილმა და ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსმა, ნინო ბუჩუკურმა საჩივრებით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას და მოითხოვეს ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბავშვების ბებიის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილისთვის საადვოკატო საქმიანობის ჩამორთმევა. სააგენტოს დასახელებულმა პირებმა ცილისწამებლურ კამპანიაში ჩართეს სააგენტოს სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული 10-ზე მეტი თანამშრომელი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ გიორგი კუპრეიშვილისა და ნინო ბუჩუკურის საჩივრები, დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო, არ დააკმაყოფილა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, დამცავი ორდერის საქმეზე არსებული მოვლენების მიმართ გააგრძელებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმის პროცესს და გააგრძელებს მხილების პროცესს. დასრულებული სამართალწარმოების შემდეგ, გასაჯაროვდება ფაქტები, რომელიც დეტალურად წარმოაჩენს ფარული გარიგებების ფარგლებსა და ჩართულ პირებს. დასახელებულ საქმეს სისტემური დასკვნებისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია.

ცნობისთვის: საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა განიხილა (რომლის აცილებასაც მოითხოვდა გიორგი ზედგინიძე, მაგრამ მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში კი - მოსამართლე ირინა გოგოლაძემ.



კომენტარები