არჩილ კაიკაციშვილმა გერმანიის სასამართლო დაარწმუნა - ქართველმა ქალმა შვილზე მეურვეობა დაიბრუნა

25 ნოემბერი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის სამართლებრივი წარმომადგენლობის ფარგლებში, გერმანიის სააპელაციო სასამართლოს ინსტანციამ საქართველოს მოქალაქე ქალბატონის მოთხოვნა დააკმაყოფილა და შვილზე დაკარგული მეურვეობა სრულად დაიბრუნა. 2022 წლის 18 ნოემბრის კობლენცის უმაღლესი რეგიონალური სასამართლოს მე-11 სამოქალაქო სენატმა გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად გააუქმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე მამის შვილზე მოპოვებული სრული მეურვეობა და გაიზიარა საქართველოდან წარდგენილი მტკიცებულებები მეურვეობის უფლების შეცვლის მტკიცების თაობაზე. არჩილ კაიკაციშვილი გერმანულ სასამართლოში, ბოლო 10 თვის განმავლობაში აწარმოებდა კომუნიკაციას. განცხადებას აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გერმანული სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ შეცვლილი გადაწყვეტილება და ქართველი ქალის სასარგებლო პოზიცია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით დასაბუთდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მშობლები 2015 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ 2016 წელს შეეძინათ ქალიშვილი. მამამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში ჩაიდინა ქმედება - შვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაერთგზის ძალმომრეობის აქტს. ამასთან, 2019 წლის 30 დეკემბერს, მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა დედას. ბავშვის თანდასწრებით, სახეში სცემდა ქალბატონს, რამაც გამოიწვია მსხვერპლის დაზიანებები. 2020 წლის 3 იანვარს ინგელჰაიმის საპოლიციო ინსპქციამ მამაკაცის მიმართ მიიღო შემაკავებელი ორდერი, რითაც 6 თვის ვადით აეკრძალა მას ქალბატონთან არათუ ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია, არამედ მიახლოებაც კი. მშობელმა ბავშვზე ძალადობის ფაქტებზე 2020 წლის 7 იანვარს განცხადებით მიმართა „ვილდვასერ ვისბადენს", ძალადობის წინააღმდეგ დარგობრივი კონსულტაციების დაწესებულებას გერმანიაში, რომელმაც საკითხზე კვლევა მთელი 4 თვის განმავლობაში განახორციელა, რომლის დასკვნითაც დგინდება, რომ ბავშვმა მამის მხრიდან ძალადობა განიცადა.

ბავშვის და პირადი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დედამ გერმანია დატოვა და 2020 წლის სექტემბერში საქართველოში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი და მისი გარემოცვა ინფორმირებული იყო საქართველოში გამგზავრების შესახებ, მამამ განცხადებით მიმართა გერმანიის იუსტიციის სამინისტროს და ბავშვის უნებართოდ გადაადგილების საფუძვლით, საქმისწარმოების დაწყება მოითხოვა. დედის არასრულწლოვანთან ერთად საქართველოში გამომგზავრება დაემთხვა იმ პროცესს, რა დროსაც გერმანიის სასამართლო განიხილავდა ბავშვზე მეურვეობის საკითხს. მამამ გერმანიის სასამართლოს პირველი ინსტანცია დაარწმუნა, რომ ბავშვის ჩვეული საცოხვრებელი ადგილიდან გადაადგილება არ ემსახურებოდა ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს და გამოიწვევდა მისი მომავლისთვის ნეგატიურ შედეგებს. სასამართლომ მეურვეობის უფლება ჩამოართვა დედას და სრულად გადასცა არასრულწლოვანის მამას, რაც უკვე გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, 2020 წლის ოქტომბრის თვიდან, არჩილ კაიკაციშვილის წარმომადგენლობით საქართველოს სასამართლოში ქალბატონმა სარჩელი აღძრა და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად, მის სრულწლოვანებამდე, საქართველოს განსაზღვრა მოითხოვა. ამასთან, მამის უფლების შეზღუდვის მოთხოვნით, განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. დასახელებული საქმეების წარმოება შეჩერდა, ვინაიდან მამაკაცმა არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვანის გერმანიის ფედრაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების მოთხოვნით განცხადების მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც საქმეში ცენტრალური ორგანოა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ამასთან, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის მიხედვით, ეროვნული დონის სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას სავარაუდოდ არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ: ბავშვის ასაკი, მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გათვალისწინებულ იქნეს მისი აზრი, და იგი ცალსახად უარს აცხადებს დაბრუნებაზე და არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის ანდა სხვაგვარად ჩააყენებს აუტანელ მდგომარეობაში. დავის წარმოების ფარგლებში, ორგანიზაციამ შეძლო საქართველოს სასამართლოსთვის თვალნათელი ყოფილიყო ის რისკები, რომელიც ბავშვის გერმანიაში დაბრუნების შემთხვევაში მას ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას მოუტანდა. შესაბამისად, ქართულმა სასამართლომ უარი თქვა ბავშვის გერმანიაში დაბრუნებაზე.

თავის მხრივ, არჩილ კაიკაციშვილმა სამართლებრივი კომუნიკაცია აწარმოა გერმანიის სასამართლოსთან და წარადგინა ვარგისი მტკიცებულებები, მათ შორის საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებები და ბავშვის მდგომარეობის თაობაზე დასკვნები. გერმანიის სააპელაციო ინსტანციის განმარტებით, მეურვეობის საკითხი არ შეიძლება განხილულიყო ტერიტორიული ცვალებადობის პრინციპზე დაყრდნობით, არამედ ამოსავალ საფუძვლად უნდა მიჩნეულიყო დედა-შვილს შორის არსებული კონტაქტები, ურთიერთობა და ფაქტორი, როდესაც ბავშვი დაბადებიდან იზრდებოდა დედასთან. გერმანიის სასამართლომ მეურვეობის საკითხის დროს, უპირატესობა მიანიჭა უფლებრივ მდგომარეობას და ბავშვის საქართველოში ადაპტირების ხარისხსს.

სასამართლო დაეყრდნო საქართველოს სასამართლოების მსჯელობას და მიღებული გადაწყვეტილებების შინაარს და აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია არასრულწლოვანი არ დაბრუნებულიყო გერმანიაში არ არღვევდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ბავშვის მამა ამტკიცებდა, რომ საქართველოს სასამართლოებს არ ჰქონდათ სათანადო იურისდიქცია უარი ეთქვა ბავშვის დაბრუნების მოთხოვნაზე, რაც გერმანიის სასამართლომ უარყო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გერმანიის სააპელაციო სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებაში მოიხმობს საქართველოს მთავრობის იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის 30 ივნისის ანგარიშს, რომელიც ადასტურებს ბავშვის საქართველოში ინტეგრაციას და სოციალურ გარემოს.



კომენტარები