ხუთი კლინიკის დასკვნით, „ტოტალ შარმის“ და ექიმ კონსტანტინე სულამანიძის სამედიცინო შეცდომა დგინდება

8 დეკემბერი, 2022

პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის საერთაშორისო კლინიკების ქსელის საქართველოს წარმომადგენლობის - „ტოტალ შარმისა“ და კლინიკის ექიმ კონსტანტინე სულამანიძის წინააღმდეგ პრეტენზიებს კიდევ ერთი მოქალაქე გამოთქვამს, რომელსაც კლინიკაში კონსტანტინე სულამანიძის მიერ გაუკეთდა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, პაციენტს არასწორად ჩატარებული ოპერაციის შედეგად განუვითარდა მძიმე სუნთქვითი პრობლემები, ჩამოუყალიბდა მეორადი კეხი. კლინიკამ დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით, პაციენტს ხელახალი ოპერაცია უსასყიდლოდ შესთავაზა, რამაც პირევლი ოპერაციის დროს დაშვებული შედეგები ვერ აღმოფხვრა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც დაზარალებული მოქალაქე თეონა გობაძის მომართვის შემდეგ საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთო.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თეონა გობაძემ კლინიკა „ტოტალ შარმში“ ექიმ კონსტანტინე სულამანიძესთან 2020 წლის 23 იანვარს ჩაიტარა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია. ოპერაციის მიზანს ცხვირის ფორმის შეცვლა წარმოადგენდა. პაციენტს ოპერაციის ჩატარებამდე სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია, რაც არსებული დოკუმენტებით დასტურდება, თუმცა ოპერაციის შემდეგ პაციენტი აღმოჩნდა ცხვირის გასავლების შევიწროვების, ძგიდის გამრუდების, ვაზომოტორული რინიტის, ცხვირის სინუსების დაზიანების წინაშე. საქმის მასალებით დგინდება, რომ ოპერაციის შედეგად ჩამოყალიბდა მეორადი კეხი, მთლიანობაში, შედეგებმა გამოიწვია სუნთქვის დარღვევა. პლასტიკურმა ოპერაციამ მნიშვნელოვნად გააუარესა პაციენტის ჯანმრთელობის მდომარეობა. ყველაზე გამოკვეთილი გახდა სუნთქვის პრობლემები, რაც იწვევს თავის გაუსაძლისს ტკივილს, უღონობას, უძილობას, გამოხატულია სხეულის დისმორფული აშლილობა. 2020 წლის 23 იანვრის ოპერაციის შემდეგ კლინიკამ და ექიმმა გააცნობიერეს მცდარი სამედიცინო მოქმდების არსებობა და დაშვებული შეცდომის გამოსწორობის მიზნით, დაჩქარებული წესით, 4 თვეში, თეონა გობაძისთვის შეთავაზებული იქნა ხელახალი ოპერაციის ჩატარება. კლინიკამ არსებული სამართლებრივი პასუხიმგებლობის ფარგლებში, ხელახალი ოპერაციის ხარჯების მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა არც უსასყიდლოდ და განმეორებითი ოპერაცია აღმოჩნდა შედეგის მომტანი. პაციენტის შედეგები და გართულებები - უცვლელია, თეონა გობაძემ კი კლინიკისგან მესამე ოპერაციული და სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებაზე კი, უნდობლობის გამო, უარი განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პაციენტმა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევის მიზნით, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჩაიტარა შემოწმება. საქმეზე წარმოდგენილი 5 სამედიცინო ცენტრის (ევექსის კლინიკა, ფრანგულ-გერმანული ხუჯაძე-გოგინაშვილის ყელ-ყურ ცხვირის კლინიკა, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი - საუნივერსიტეტო კლინიკა) დასკვნის თანახმად, პაციენტს ოპერაციების შემდეგ აღენიშნება ცხვირის გასავლების შევიწროვება, ძგიდის გამრუდება, ვაზომოტრული რინიტი, ცხვირისა და ცხვირის სინუსების დაზიანება. 2020 წლის 23 იანვრისა და 2020 წლის 28 მაისის ჩატარებული ოპერაციების და მკურნალობის შედეგი არის უარყოფითი. მოცემული კვლევებიდან და ჩვენებიდან გამომდინარე, მას ესაჭიროება მეორადი ესთეტიკური სეპტორინოპლასტიკა, ტურბინების რედაქცია, რაც დროის მოკლე მონაკვეთში უნდა გაკეთდეს, თუმცა დაკავშირებულია მნიშვნელოვან, დამატებით დანახარჯთან, რომლის დამოუკიდებელი საშუალებებით მოძიების შესაძლებლობა, თეონა გობოძეს, არ გააჩნია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თეონა გობოძის სარჩელს კლინიკა „ტოტალ შარმის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია განიხილავს. მხარე კლინიკისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, რაც მომავალი საოპერაციო ხარჯების დაფარვას უნდა მოხმარდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი პაციენტი გამოთქვამს უკმაყოფილებას კლინიკა „ტოტალ შარმისა“ და ამავე კლინიკის ექიმ კონსტანტინე სულამანიძის მიმართ, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ საჯარო ადვოკატირების პროცესში საზოგადოებისთვის დაზარალებული მომხმარებლების ისტორიები და წარმოებული დავების თაობაზე განცხადება გააკეთა. ორგანიზაცია არაერთი მომხმარებელი დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ სამედიცინო შეცდომების შემდგომ, კომპანიამ უზრუნველყო გადახდილი თანხების უკან დაბრუნება, რითაც სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაზე უარი იქნა ნათქვამი. ორგანიზაცია, მკაცრი და სავალალო ფაქტების მიუხედავად, კვლავ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ პატივს სცემს კლინიკის საქმიანობას და ამ კლინიკაში დასაქმებულ თითოეულ ექიმს, გვაქვს რწმენა, რომ როგორც კლინიკას, ასევე ბატონ კონსტანტინე სულამანიძეს ჰყავს მადლიერი პაციენტები, მაგრამ თითოეული შემთხვევა, რომელიც პრეტენზიის სახით იარსებებს, რომელიც დოკუმენტურად წარმოდგენილია, მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას და არა საზოგადოებრივი განხილვების ფორმატში დარჩენას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თეონა გობოძის საქმის ადვოკატირებაც და განსაკუთრებული ყურადღება.

ცნობისთვის: თეონა გობოძის სარჩელი სასამართლოში 2022 წლის 25 მარტს რეგისტრირდა. საქმეზე უკანასკნელი სხდომა 2022 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა. დავას მოსამართლე თეა კალანდაძე განიხილავს. ორგანიზაცია, დაზარალებული მოქალაქეების სამოქალაქო ადვოკატირებას გააგრძელებს.   



კომენტარები