ჩვენი მომავალი მშვიდობაზე დგას, მშვიდობა უკრაინას და საქართველოს - არჩილ კაიკაციშვილი

30 დეკემბერი, 2022

ჩვენი ისტორიისა და ყოველდღიურობის გათვალისწინებით, დღეს მშვიდობას, თანადგომას და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას, ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ ვერ ვიარსებებთ ცივილიზებული სამყაროსთან ინტეგრაციის გარეშე და ვერ გადავარჩენთ ეროვნულ სუვერენიტეტს კარჩაკეტილობით. დაუნდობელმა ომმა უკრაინაში არამხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის გახდა ცხადი, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დემოკრატიული წესრიგი, არამედ პატარა ქვეყნები და მათი მოსახლეობა. საქართველოც ასეთი გამოწვევის წინაშეა. ამ გამოწვევებს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ქვეყნის შიგნით პოლარიზაცია, პოლიტიკური რყევები, ვარიაციები სტრატეგიულ პარტნიორებთან, ომსა და მშვიდობას შორის გაუთავებელი პარალელები, არადა ომის, ნგრევის, ადამიანური მსხვერპლის შედეგები, შეუძლებელია ჩვენი მეხსიერებიდან გაქრეს და მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოს ანაბარად დარჩეს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წლის შემაჯამებელ გამოცემაში წერს.

უკრაინაში მიმდინარე ომი თავისუფალი სამყაროსთვის, დემოკრატიისთვის და ბოროტების წინააღმდეგ ომია. საქართველო, თავისი შეწირული გმირებით, ამ ბრძოლის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი სოლიდარობაც დასაფასებელია და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის ფარგლებიც. კარგად უნდა დავფიქრდეთ, ჩვეული ემოციებისა და ზედაპირული მსჯელობების ნაცვლად, თუ რას ნიშნავს და რა შედეგების მომტანია, არამხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახისთვის - „ომში წასვლა“ და „ომში მონაწილეობა“. ამიტომაც, უკრაინის მიმართ პოლიტიკური, სამართლებრივი, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები უნდა დარწმუნდნენ, რომ განვითარება, შესაძლებლობები და მომავალი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაშია, საიდანაც გზა გეოგრაფიულადაც დასავლური და ევროპულია. ამ შანსს ისევ ომით ვერ მივაღწევთ - ნათქვამია წერილში.

ჩვენც, თავისუფალი პროფესიის ადამიანები, თავისუფალი საზოგადოების წევრები, ამიტომაც მეტს ვითხოვთ ჩვენი პოლიტიკოსებისგან, პარტიებისგან, ქვეყნის საშინაო და საგარეო მიმართულებებზე პასუხისმგებელი სუბიექტებისგან. ბოლო წლებმა, განსაკუთრებით კი ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხებზე წარმართულმა დისკუსიებმა თვალსაჩინო გახადა, რომ საზოგადოება პოლიტიკაში ახალი სახეების მოლოდინშია, პოლიტიკური კლასი შესაცვლელია, ანტიპარტიული განწყობები აფერხებს დემოკრატიულ პროცესს და არ ქმნის პოლიტიკური კონკურენციის შესაძლებლობას. არ არსებობს თავისუფალი ფული, რომელიც ახალი პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების სარბიელზე შემოსვლას მოემსახურება. საზოგადოებაც, ამ წრეში, ალბათ დიდხანს იმოძრავებს და თუკი მოქალაქეების უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ დინამიური განვითარება სჯობს რადიკალურ ცვლილებებს, ასეც იქნება.

ჯერ პანდემიით, შემდეგ უკრაინაში სასტიკი ომის შედეგები ერთიანად მძიმეა და თანაგრძნობის გამომწვევი თითოეული ჩვენთაგანისთვის. ჩვენი ფიქრები, ჩვენი თანადგომა და ჩვენი მხარდაჭერა ამიტომაც ორგანული და ერთადერთია - ნათქვამია წერილში.



კომენტარები