„ახალგაზრდა ადვოკატები“ გათავისუფლებულ მზარეულს უფლებების დასცვას სთავაზობს

15 ნოემბერი, 2013

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები“ ოსიაურის საწვრთნელი ბანაკიდან გათავისუფლებულ მზარეულს უფლებების დასცვას სთავაზობს და მიუთითებს, რომ სამხედრო სფეროში, ლოჯისტიკის მიმარულებით არსებული პრობლემები, ბოლო სამი თვის მანძილზე სხვადასხვა საჯარისო ნაწილებში ჯარსკაცების მოწამვლის ფაქტები, მხოლოდ ჰიგიენური ნორმების დაუცველობის დაუსაბუთებლობით არ უნდა მივიღოთ, რადგანაც პრობლემას გააჩნია სამართლებრივი და სისტემური ხარვეზების სახე.

როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში 2013 წლის 15 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, ოსიაურის საწვრთნელი ბანაკიდან დათხოვნილი მზარეულის უფლებები კანონმდებლობით დადგენილი ყველა ფორმით დაიცვას. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, არსებობს პრეზუმცია ნებისმიერი ქმედების მიმართ, ვიდრე რომელიმე ბრალეული ქმედება არ დადასტურდება სასამართლო გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ცალსახად მზარეულის დადანაშაულება ჯარისკაცების მოწამვლის საქმეში, ვიდრე არ იქნება ფაქტები და გარემოებები შესწავლილი და დასაბუთებული, საზოგადოებას სინამდვილის დადგენაში ვერ დაეხმარება. „შესაძლებელია, მზარეულმა მართლაც დაუშვა შეცდომები. შესაძლებელია, მზარეული მხოლოდ დაბალი რგოლი იყოს, ვისზეც სურთ პასუხისმგებლობის გადაკისრება. სინამდვილეში, რა მოხდა, უნდა დაიწყოს გამოძიება და გვეცნობოს უტყუარი მტკიცებულებები. ცალსახად, ლინჩის წესით მზარეულის გასამართლება, ყველაფერში მის ბრალეულ ქმედებაზე მითითება, ისე, რომ არავინ იცის რა მოხდა, სარწმუნო არ არის“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

“ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთი ხელმძღვანელის შეფასებით, ყველაფრის მიუხედავად, არსებული ვითარება შემდეგნაირად უნდა შეფასდეს: თავდაცვის სამინისტრომ მომხდარზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მიუთითა, რომ შესაძლებელია, „ქართული კვების კომპანიასთან“ გაწყვიტოს ხელშეკრულება, ხოლო შპს „ქართული კვების კომპანიამ“, თუნდაც მზარეულის დათხოვნით მიღებული გადაწყვეტილებით აღიარა ის შეცდომა, რომელიც არსებობდა მენეჯმენტში და რომელიც ვერ შეცვლილმა ახალმა მენეჯმენტმა მოაგვარა. „როგორც სამინისტრომ, ასევე კომპანიამ მიღებული გადაწყვეტილებებით მიუთითა, რომ თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის სფეროში არსებობს სისტემური და სამართლებრივი პრობლემები“– განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

არჩილ კაიკაციშვილის აზრით, საქართველოს მთავარ პროკურატურასი უნდა დაჩქარდეს გამოძიება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცნობილი გახდეს სხვადასხვა დროს ჯარისკაცების მოწავლის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების შესახებ ინფორმაცია. „თავდაცვის სამინისტრომ განმარტოს, ისევ ადევს თუ არა ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებს გრიფით საიდუმლო?! რამდენად მოხდა პრემიერის მოთხოვნის გათვალისწინება?“ – განაცახდა არჩილ კაიკაციშვილმა.

“ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, „ქართული კვების კომპანიამ“ არასამთავრობო სექტორთან დიალოგი ტყუილით დაიწყო, როდესაც ორგანიზაციის კითხვაზე: მოხდა თუ არა სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების მოწამვლა, უპასუხა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, არასამტავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, ორგანიზაციამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო წერილი, რომელიც სენაკის სამხედრო ბაზაზე მოწამვლის ფაქტს ადასტურებდა, რაც, მესამე სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, დიდი ალბათობით, „ქართული კვების კომპანიას“ უნდა სცოდნოდა და არ გაახმაურა. 



კომენტარები