ცოტნე ზედგინიძე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ დახმარებით, შვეიცარიასა და გერმანიაში გაემგზავრა

18 ივლისი, 2023

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურიდიული დახმარების ფარგლებში, ცნობილი კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად, მომდევნო 1 თვის განმავლობაში, შვეიცარიასა და გერმანიაში გაემგზავრა. სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის დროებითი განკარგულება (განჩინება) დაუყოვნებლივ მიექცა აღსასრულებლად და ამჯერადაც, ცოტნე ზედგინიძემ მუსიკალურ პედაგოგთან და ამღზრდელ ბებიასთან, ნინო მამრაძესთან ერთად, ასევე არასრულწლოვან დასთან ერთად, კანონიერი წარმომადგენლის - მამის თანხმობის გარეშე, გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

ცოტნე ზედგინიძე, საერთაშორისო მოწვევების ფარგლებში, 2023 წლის 19-31 ივლისის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს შვეიცარიის სათხილამურო კურორტ ვერბიერში დაგეგმილ Verbierfestival-ში, ხოლო 2023 წლის 1 აგვისტოდან 18 აგვისტოს შუალედში, გერმანიის ქალაქ ელმაუში დაგეგმილ ფესტივალში. შეხვედრების ფარგლებში, დაგეგმილია მუსიკალური საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები და მასტერკლასები. ის ფაქტი, რომ გაჩნდა ახალი კონტაქტებისა და მუსიკალურ საზოგადოებაში ცოტნეს მიმართ შეუქცევადი ინტერესი, ახალგაზრდა პიანისტის წარმატებული მუსიკალური კარიერის მნიშვნელობაზე მეტყველებს. ორგანიზაცია ამაყობს ამ პროცესში ხელშეწყობის წვლილით და სრულ წარმატებას უსურვებს ცოტნე ზედგინიძეს პროფესიულ განვითარებაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სასამართლოს წარმოებაშია არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, ალიმენტის დაკისრებისა და ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის უფლებაზე სარჩელი. ერთ-ერთი არასრულწლოვანი - ცოტნე ზედგინიძე ცნობილი კომპოზიტორი და პიანისტია. სასამართლოს ცხრაჯერ - 2021 წლის 20 სექტემბერს, 2021 წლის 8 ნოემბერს, 2022 წლის 31 მაისს, 2022 წლის 28 ივნისს, 2023 წლის 23 თებერვალს, 2023 წლის 17 მარტს, 2023 წლის 4 მაისს, 2023 წლის 13 ივნისსა და 2023 წლის 13 ივლისს მოუხდა ცოტნე ზედგინიძის საერთაშორისო ღონისძიებებში გამგზავრებასთან დაკავშირებით მამის თანხმობის (მონაწილეობის) გარეშე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და ნინო მამრაძის მიმართ ნებართვის მიცემა ასეთი გადაადგილებების უზრუნველსაყოფად.

სწორედ ჰუმანური მოსამართლის დამსახურებაა ცოტნეს საერთაშორისო აღიარებები და წარმატებების მიღწევა, ვინაიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესების სწორად განსაზღვრამ შესაძლებლობა გააჩენა ახალგაზრდა კომპოზიტორი და პიანისტი მსოფლიოს გაეცნო. შესაბამისად, გაეცნო საქართველო და მისი კულტურის ახალი თაობის წარმომადგენელი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აგრძელებს არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების დაცვას და მიესალმება ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე მორგებულ მართლმსაჯულებას. საქმეზე გადაწყვეტილება კვლავ მოსამართლე ლელა ჭინჭარაულმა მიიღო. არასრულწლოვანთა ინტერესებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.



კომენტარები