ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გათავისუფლება სააპელაციო სასამართლომაც უკანონოდ ცნო

16 იანვარი, 2024

2024 წლის 16 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ (მოსამართლე: ოთარ სიჭინავა) არ დააკმაყოფილა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი და ბრძანება ამავე ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის სპეციალისტის (II კატეგორია) ელენე კაპანაძის გათავისუფლების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მსგავსად, უკანონოდ ცნო. ამასთან, სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, სრულად გაიზიარა ბიუროს მიმართ ფაქტობრივად გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების გადახდის მოთხოვნა და იმ პირობებშიც კი, როდესაც გათავისუფლებული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება PRO-BONO პრინციპის საფუძველზე ხდება, ევროპული სასამართლოს პრეცედენტების გამოყენებით, სასამართლომ უფლების სასრგებლოდ დადგენილი სტანდარტი შემოგვთავაზა.  

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ელენე კაპალანიძის საქმეს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა მუშაკის ხანგრძლივი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს. სასამართლომ უარყო დასაქმებულის ხანგრძლივი შრომისუუნარობის არსებობა და გაიზიარა მომჩივანის პოზიცია, რომ კანონის ჩანაწერი - შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ნორმის არსიდან გამომდინარე, უნდა განიმარტებულიყო არა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, არამედ, გაგებულ იქნას, როგორც სამუშაო დღეები.

ელენე კაპანაძესა და მოპასუხე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შორის არსებობდა უვადო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოსარჩელე მოპასუხე დაწესებულებაში დასაქმებული გახლდათ 2003 წლიდან, 2021 წლის 31 დეკემბერს კი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბიურომ მიღებული გადაწყვეტილება დააფუძნა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ი“ ქვეპუნტქს, რა დროსაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლია ხანგრძლივი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს. გათავისუფლების ბრძანებაში აღინიშნა, რომ 2020 და 2021 წლებში, დაფიქსირებული იქნა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობა, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არაერთგზის, რამაც, ბიუროს განმარტებით, გამოიწვია საქმისწარმოების ფუნქციათა დროულად და ეფექტიანად შესრულების შეფერხება. დასაქმებულს ანაზღაურების გარეშე შვებულებით 2021 და 2020 წლების განმავლობაში, გამოყენებული ჰქონდა შვებულება 2020 წლის 7 დეკემბრიდან - 2021 წლის 7 ივნისის ჩათვლით, ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე, 23 აგვისტოდან - 3 სექტემბრის ჩათვლით დასაქმებული იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ასევე, საავადმყოფო ფურცლით შრომისუუნარობის მოტივით 2021 წლის 17 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით და 2021 წლის 21 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით და 2021 წლის 15 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით (43 კალენდარული დღე).

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ მოსარჩელე ელენე კაპანაძემ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულბებით და საქმის დეტალური შესწავლის შედეგად, უარყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მტკიცება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში, ყველა საჭირო დღე ელენე კაპანაძემ საკუთარი სოცოცხლის გადასაჩენად და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გამოიყენა. დასაქმებულმა გულზე რამდენიმე მძიმე ოპერაცია გაიკეთა. ამას დაემატა პანდემია და მისგან გამომდინარე გართულებული ჯანმრთელობა. სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეუძლებლობის ყველა შემთხვევა, მათ შორის კანონით არსებული შვებულებით სარგებლობა, სრულად იყო დოკუმენტურად შეთანხმებული დამსაქმებელ ორგანიზაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ ელენე კაპანაძე ირიცხებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში, გააჩნდა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისგან გამოწვეული სირთულეები, სახელმწიფოს ხარჯზე სარგებლობდა დაქირავებული საცხოვრებლით, გახლდათ მარტოხელა მშობელი, სახეზე იყო სხვადასხვა საბანკო მიმდინარე ვალდებულება, მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო გახლდათ ხელფასი, მისი სიცოცხლის გადასარჩენად ბიუროს თანამშრომლებმა არაერთხელ გამოხატეს სოლიდარობა და ფინანსური მხარდაჭერა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მუშაკის გათავისუფლების ბრძანებამ არსებითად წარმოაჩინა სამსახურის არაკოლეგიალობა, სიხისტე და კოროპრატიული პასუხისმგებლობის იდეის უგულვებელყოფა. კვალიფიციური თანამშრომლის ქუჩაში გაგდებით, იურიდიულად დაუსაბუთებელმა, დასაქმებულის თავიდან მოშორების სურვილით განზრახ მიღებულმა გათავისუფლების გადაწყვეტილებამ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საზოგადოებრივი ნდობა მნიშვნელოვნად შეარყია, რაც ელენე კაპანაძის საქმეზე წარმოებული სასამართლო განხილვების პროცესში, კიდევ უფრო მეტად გახდა თვალსაჩინო.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ სასამართლომ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი დავით მაღრაძე და ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტი (II კატეგორია) მაია ჯალაღანია, რომელიც ბიუროს გადაწყვეტილებით, შრომითი ხელშეკრულებიდან ელენე კაპანაძის გათავისუფლების შემდეგ, გამოთავისებულ საშტატო ერთეულში დაინიშნა. ორგანიზაცია შეწუხებულია დავით მაღრაძისა და მაია ჯალაღანიას მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით, რომელიც ელენე კაპანაძის დისკრედიატაციას ისახავდა მიზნად, თუმცა დაცვის მხარემ შესძლო ასეთ ვითარებაშიც, სასამართლოსთვის თვალნათელი გამხდარიყო დეპარტამენტში არსებული ურთიერთობები, კარიერული ზრდის არაფორმალური მხარე, არა ცოდნაზე ან გამოცდილებაზე, არამედ - პირადზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რაც საჯარო სამსახურის საქმიანობის უმთავრესს პრინციპს - გამჭვირვალობას აზიანებს.

ორი ინსტანციის სასამართლოს წინაშე ობიექტურად წარმოჩნდა დავით მაღრაძისა და მაია ჯალაღანიას ახსნა-განმარტებების მცდარი და ობიექტური მხარეები. ამასთან, ყველასთვის მოულოდნელად, დავით მაღრაძემ გამოკითხვის დასრულების შემდგომ, დარბაზიდან გასვლისას და დარბაზის ღია კართან დგომით, შეურაცმხყოფელი, შეუფერებელი და ცინიზმით აღსავსე გამონათქვამებით მიმართა, როგორც ელენე კაპანაძეს, ასევე მის წარმომადგენელს. ორგანიზაცია, აგრეთვე, შეშფოთებულია ბიუროს იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილის სოფიო ჩიხრაძის მხრიდან ელენე კაპანაძესთან დამოკიდებულებების ხარისხით, ტონით, რომელიც ეფუძნებოდა სიძულვილის ენას, რაც ცდება პროფესიული ეთიკის ჩარჩოს და არ წარმოადგენდა განსხვავებული პროცესუალური აზრის ფარგლებში დაფიქსირებულ პოზიციებს. სწორედ სოფიო ჩიხრაძე და ბიუროს იურიდიული სამმართველოა პასუხისმგებელი ელენე კაპანაძის უკანონო გათავისუფლების მიღებასა და შემდგომ ხელოვნურ გადაწყვეტილებებში, რაც სასამართლოს მომავალი აქტის აღსრულებისთვის დაბრკოლებების შექმნას ისახავდა მიზნად.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იურიდიულმა სამმართველომ ყველაფერი გააკეთა ელენე კაპანაძის გათავისუფლებულ თანამდებობასა და ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობის სამართლებრივი მოსპობით. კერძოდ, ერთის მხრივ, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) თანამდებობაზე დანიშნა მაია ჯალაღანია, მეორეს მხრივ კი, მას შემდეგ, რაც სასამართლოში დაზუსტდა ტოლფასი თანამდებობა და მიეთითა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) პოზიცია, ბიუროს უფროსის ბრძანებით, ამ თანამდებობაზე, 2022 წლის 29 აგვისტოდან, 6 თვის გამოსაცდელი ვადით, დაინიშნა ხატია ბუგიანიშვილი. აღსანიშნავია, რომ III კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობა, როგორც ტოლფასი თანამდებობა, მისი სასამართლოსთვის მითითების პერიოდში, იყო ვაკანტური და მხოლოდ 2022 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტით აღმოჩნდა, რომ 2023 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, ვაკანტური თანამდებობა დაიკავა ხატია ბუგიანიშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2022 წლის 12 სექტემბერს, ელენე კაპანაძის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) თანამდებობაზე, გარდა გამოსაცდელი ვადისა, აკრძალვოდა შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა წესით თანამშრომლის განუსაზღვრელი ვადით დანიშნვა. სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, მხარეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ განმარტა, რომ ტოლფას პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა წესით თანამშრომლის განუსაზღვრელი ვადით დანიშვნის აკრძალვა, თანამდებობათა ფუნქციური კვლევა-შეფასებამდე, იქნებოდა არამართებული და ვერ მიჩნეოდა ადეკვატურ, თანაზომიერ და პროპორციულ უზრუნველყოფის ღონისძიებად. მხარემ, სასამართლოს მოტივაციის გაცნობის შემდეგ, არ გაასაჩივრა მიღებული განჩინება სააპელაციო წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, რაც გაზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც, ელენე კაპანაძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის 2021 წლის 31 დეკემბრის #160-1 ბრძანება ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის სპეციალისტის (II კატეგორია) თანამდებობიდან ელენე კაპანაძის გათავისუფლების შესახებ. ბიუროს დაევალა ელენე კაპანაძის სასარგებლოდ იძულებითი შრომითი განაცდუნის ანაზღაურება გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ამასთან, ბიუროს დაევალა უკანონო გათავისუფლების გამო ერთჯერადი კომპენსაციის გადახდა-ანაზღაურება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა ელენე კაპანაძის ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. ამ ნაწილში, მხარე დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, იმსჯელებს სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობაზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ ყველაფერი გააკეთა, რათა ელენე კაპანაძის არც პირვანდელ და არც ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენა არ მომხდარიყო.

რაც მთავარია, სასამართლომ არ გაიზიარა გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული საფუძვლები ელენე კაპანაძის ხანგრძლივი შრომისუუნარობის თაობაზე. მხარემ წარადგინა არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ შრომისუუნარობა აღემატებოდა არათუ 40 დღეს და შეადგენდა 43 კალენდარულ დღეს, არამედ მთლიანობაში სახეზე იყო 35-დღიანი სამსახურში გამოუცხადებლობა, რასაც გააჩნდა ობიექტური მიზეზი და დამსაქმებელთან შეთანხმება, რასაც არ გამოუწვევია საქმიანობის შეფერხება ან სამსახურის მიმართ ზიანი. შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ნორმის არსიდან გამომდინარე, უნდა განიმარტებულიყო არა სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, არამედ, უნდა შეფასებულიყო, როგორც სამუშაო დღეები.

ცნობისთვის: ელენე კაპანაძემ სასამართლოს სარჩელით 2022 წლის იანვარში მიმართა. ორგანიზაციამ აღნიშნული დავა პრობონო პრინციპის საფუძველზე აწარმოა. დაზარალებულის ინტერესები ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა. თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია მარშანიამ მიიღო, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმე ერთპიროვნულად მოსამართლე ოთარ სიჭინავამ განიხილა.



კომენტარები