სასამართლო სტუდია „რაკურსის“ წართმეული ქონების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

26 იანვარი, 2025

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია დოკუმენტური და სამეცნიერო პოპულარული ფილმების სტუდია „რაკურსისთვის“ 2011 წელს წართმეული უძრავი ქონების საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სასამართლომ 2022/სექტემბრიდან წარმოებული დავაზე განხილვა დაასრულა და გადაწყვეტილება 2025 წლის 6 თებერვალს გახდება ცნობილი.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, სტუდია „რაკურსის“ ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას შემოქმედებითი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი - კინოეჟისორები, დოკუმენტალისტები, მსახიობები ელოდებიან. წარმოებული დავა სისტემური დანაშაულის შედეგს წარმოადგენს, რა დროსაც სახელმწიფომ დოკუმენტალისტების დასჯა გადაწყვიტა და სტუდიას საკუთარი სახსრებით აშენებული შენობა-ნაგებობა დაუნგრია. აღნიშნულის მიზეზი გახდა სტუდიის მიერ მომზადებული საგამოძიებო-დოკუმენტური ფილმი: „გიფსოკარდონი: თბილისის დანაშაულებრივი რეაბილიტაციის ქრონიკა“, რომელიც შეეხებოდა დ. აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში არსებულ კორუფციას. მაშინდელი ხელისუფლების უკანონო ჩარევით, სტუდიის საქმიანობა შეჩერდა, ხელოვანი ადამიანები დაისაჯა და 2011 წლის 1 აგვისტოს, სახელმწიფომ ძალის გამოყენებით მოახდინა შენობის დარბევა. შედეგად, სახელმწიფომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის და კომპენსაციის გარეშე მიისაკუთრა სტუდიის შენობა-ნაგებობა, თბილისის ცენტრში, მარჯანიშვილის N9 ნომერში მდებარე 211.40 კვ.მ ფართი, რომელიც ჯერ გადავიდა თბილისის განვითარების ფონდის, შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და დღევანდელი მდგომარეობით, მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში.

საქმის მასალებით დგინდება, რომ სამეცნიერო პოპულაური ფილმების სტუდია „რაკურსმა“ საკუთარი საქმიანობის წარმოების მიზნით, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით და სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქ. თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე შენობა-ნაგებობის მშენებლობის დოკუმენტური უფლებები მოიპოვა 1993-1998 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც. 1999 წლის 26 მარტის ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის საწარმო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობის თანახმად, სამსართულიანი შენობა-ნაგებობა უკვე ირიცხება სტუდია „რაკურსის“ სახელზე. იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამსართულიანი შენობის ერთ ნაწილზე - ავტოფარეხის ნაწილში 1998 წლის 10 მარტს გაფორმებული იქნა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც ავტოფარეხის ნაწილში მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობის უფლებით, 5 წლის ვადით გადაეცა სტუდია „რაკურსს“. უძრავი ქონება აღრიცხული იქნა ორ საკადასტრო კოდზე, ერთი საკადასტრო კოდი კი მოიცავდა სწორედ საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ არსებულ უძრავ ქონებას. 2011 წლის 8 ივნისს, სტუდიის მიერ გამოქვეყნებული მამხილებელი ფილმის შემდგომ, სახელმწიფომ საიჯარო ურთიერთობების ვადის გასვლის საფუძვლით, იჯარის ხელშეკრულების ჩანაწერი გააუქმა და სტუდიის შენობა-ნაგებობა დაანგრია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საიჯარო ვალდებულებების არსებობის თაობაზე მარეგისტრირებელ ორგანოში ჩანაწერი არ შეცვლილა 1998 წლის მარტიდან 2011 წლის ივნისამდე, თითქმის 12 წლის განმავლობაში. სტუდიის მიერ აშენებულ სამსართულიანი შენობის ერთ ნაწილზე თვითმმართველობასთან წარსულში წარმოქმნილი სამართლებრივი ურთიერთობა დროის არც ერთ მონაკვეთში შეწყვეტის ან გადახედვის საფუძველი არ გამხდარა. ცხადია, საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლა წარმოადგენდა სამართლებრივ მიზეზს მთლიანი შენობის დემონტაჟისთვის. სახელმწიფოს უფლება არ ჰქონდა სტუდიის მიერ აშენებული სამსართულიანი შენობის დანგრევისთვის, რომელიც აღრიცხული იყო სხვა მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდზე. სინამდვილეში, სახელმწიფომ ავტოფარეხის მიწის საკადასტრო კოდზე, რომელზედაც საიჯარო ვალდებულება არსებობდა, მთლიანი შენობის მიტაცების საფუძვლად გამოიყენა, ხოლო სამსართულიანი შენობა-ნაგებობის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი უსაფუძვლოდ აისახა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში გადაცემული ქონებების ნუსხაში. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილია მუნიციპალური ინსპექციის წერილი, რომელიც სტუდიას თითქოსდა უნებართვოდ აგებული სამსართულიანი ფართის ნებაყოფლობით დემონტაჟისკენ მოუწოდებს, როდესაც შენობა-ნაგებობა, წინ დღეებში, უკვე დანგრეული იყო. „რაკურსს“ გადაღებული აქვს ფართის ნგრევის სრული ფოტო-და ვიდეო მასალა, რაც წარდგენილია სასამართლოსთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულების მოქმედების და უკანონოდ შეწყვეტის აღიარება, უძრავ ქონებაზე მართლზომიერ მფლობელად აღიარება, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადმოცემა. დგინდება, რომ სტუდიის მიერ ფაქტობრივად დაკავებული და დოკუმენტურად დადგენილი მიწის ნაკვეთი და სარგებლობის ფართი, სულ - 211.40 კვ.მ, მოექცა ორი საკადასტრო კოდის, ასევე სხვა უძრავი ქონებების შემდგომში გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ ახალი საკდასტრო კოდის ქვეშ, რომელიც ამჟამად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაშია. სტუდია, დღესდღეობით, სწორად დასახელებული ახალი, ერთი საკადასტრიო ქვეშ მოითხოვს ამონაწერით მითითებული 587.00 კვ.მ ფართიდან 211.40 კვ.მ ფართზე კუთვნილი უფლებრივი მდგომარეობის აღდგენას.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართალწარმოების პროცესში 2022 წლის აგვისტოდან ჩაერთო. სტუდიას 2011 წლიდან დღემდე, არ დაუტოვებია არც ერთი უწყება, სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანო, სასამართლო, პროკურატურა, სადაც არ ყოფილიყოს დასმული ქონებრივ უფლებებში აღდგენის საკითხი. სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდგომ დავის მორიგებით დასრულების საკითხებზე, წარმოებული იქნა მოლაპარაკება აღმასრულებელ და საკანონმდბელო ხელისუფლებასთან. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ 2025 წლის იანვრის წერილით დააფიქსირა პოზიცია, რომ მიიღებს და დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას. სტუდია „რაკურსის“ სამართლებრივი პრობლემა შეისწავლა და განიხილა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა კომისიამაც, რომელსაც სახელმწიფო უწყებების მიმართ მიღებული აქვს სამართლიანობის აღდგენის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი რეკომენდაციები. ორგანიზაციამ, სამართალწარმოების პროცესში გასწია ყოვლისმომცველი წარმომადგენლობაც და წარმოადგინა შეფასება, რომ სტუდიის წინაშე კანონიერი გადაწყვეტილებების მიღებას აფერხებდნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი პირები. აღსანიშნავია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინა ხელმძღვანელის პირობებში წარმოდგენილი დაჟინებული მოთხოვნა, რომ სტუდია „რაკურსის“ სარჩელი განუხილველად დარჩენილიყო, სასამართლომ უარყო. მეტიც, სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, სააგენტოს აეკრძალა სტუდია რაკურსის სადავო ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რაც გაასაჩივრა და სააგენტოს საჩივარი არ დააკმაყოფილა თბილისის სააპელაიცო სასამართლომ.

საქმეს თავდაპირველად მოსამართლე გოჩა დიდავა განიხილავდა, რომელმაც 2024 წლის ივლისში სხვა სასამართლო ინსტანციაში გააგრძელა საქმიანობა. შესაბამისად, საქმის განმხილველი თავმჯდომარე მოსამართლე, ამჟამად არჩილ კოჭლამაზაშვილია. გადაწყვეტილება 06.02.2025 – 11:00 საათზე გამოცხადდება.



კომენტარები