საკასაციო სასამართლომ განათლების საერთ. ცენტრის მოთხოვნა 53,379,36 ლარის დაბრუნებაზე, უკანონოდ ცნო

22 თებერვალი, 2025

საქართველოს უზენაესი სასამართლომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულის მიმართ სახელმწიფო გრანტის სახით გაცემული 53,379,36 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნა, უკანონოდ მიიჩნია, აპლიკანტის განცხადება გადავადებულიყო სამშობლოში დაბრუნება - ჩაითვალა კანონიერად და ცენტრს დაევალა ახალი აქტი გამოცემა აპლიკანტის მიმართ უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თაობაზე. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელმაც საერთო სასამართლოებში კურსდამთავრებულის საქმეს 5 წლის განმავლობაში უძღვებოდა.

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნინო ც.-მა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017“-ის ფარგლებში მოიპოვა სახელმწიფო გრანტი იაპონიაში, იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საჯარო მმართველობის მიმართულების საჯარო მართვისა და პოლიტიკის ანალიზის პროგრამაზე 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლებისთვის სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. ნინო ც.-მ წარმატებით დაასრულა იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შესაბამისი სპეციალიზაციით და იაპონიაში ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში დასაქმდა, სადაც საქმიანობას ამჟამადაც აგრძელებს.

2018 წლის 16 ოქტომბერს, ნინო ც.-მა განცხადებით მიმართა ცენტრს და მოითხოვა საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით 1 წლით დარჩენა. 2018 წლის 9 ნოემბერს, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, ცენტრმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. კომისიის აზრით, ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ იკვეთებოდა სამსახურეობრივი პოზიცია და ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისობა დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამის მიმართულებასთან, რაც საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით დარჩენის უფლების მინიჭების წინაპირობას წარმოადგენდა.

2018 წლის 18 დეკემბერს, განცხადებით კვლავ მიემართა ცენტრს და წარედგინა სრული დოკუმენტაცია და მოთხოვნილ იქნა ხელთავიდან მათზე მსჯელობა. 26 დეკემბერის ცენტრის წერილში საუბარია, რომ ნინო ც.-ის განცხადება განხილვის მიზნით წარმოებაში იქნა მიღებული და იმავდროულად, მხარეს მოეთხოვა იმ ობიექტურ გარემოებებზე მითითება, თუ რატომ არ იქნა დოკუმენტაცია წარდგენილი პირველ ეტაპზე. 

2019 წლის 3 იანვარს, ცენტრს კვლავ წარედგინა დაზუსტებული მოსაზრებები სამუშაო აღწერისა და შესაბამისობების თაობაზე, ასევე ობიექტური გარემოებების თაობაზე, თუმცა 9 იანვარს, ნინო ც.-მა ცენტრისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თითქოსდა: ა) ვერც დადგენილ და ვერც დამატებით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში ვერ მოხერხდა ცენტრის ინფორმირება და ობიექტური გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენა და ბ) ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა ვერ ადასტურებდა 18/12/18 განცხადებაში მითითებული შემაფერხებელი ობიექტური გარემოების არსებობას. შესაბამისად, გრანტის მიმღებს მოეთხოვა თანხის სრული მოცულობით დაბრუნება.

საქმის მასალების თანახმად, ცენტრის დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის №10-16 ბრძანება, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 28 ივლისის, აგრეთვე 2017 წლის 25 სექტემბრის „გრანტის შესახებ" ხელშეკრულება ცალსახად აწესრიგებდა შემდეგს - გრანტის მიმღებს უფლება აქვს, მიმართოს საკონკურსო კომისიას სწავლის დასრულებიდან არა უმეტეს ერთი წლის ვადით ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თხოვნით. გრანტის მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების ოფიციალური დოკუმენტი. საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭება ჩაითვლება გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის მინიჭებული უცხო ქვეყანაში დასაქმების უფლების ვადის ამოწურვისთანავე. აპლიკანტის მოთხოვნა სწორედ ამ სამართლებრივ საფუძვლეს ეყრდნობოდა.

2020 წლის 21 დეკემბრის თბილისის საქალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ნინო ც.-ს შეგებებული სარჩელი და დაკმაყოფილდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელი. აპლიკანტს დაევალა გრანტის სახით გაცემული 53,379,36 ლარის უკან დაბრუნება. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით (მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი).

2022 წლის 20 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.12.2020 გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ნინო ც.-ს შეგებებული სარჩელი და არ დაკმაყოფილდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელი გრანტის სახით გაცემული 53,379,36 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ცენტრის დირექტორის 09.01.2019 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნინო ც.-ს 24.12.2018 განცხადებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თაობაზე. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით (მოსამართლე: ინგა კვაჭანტირაძე).

2025 წლის 20 იანვრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.10.2022 გადაწყვეტილება (მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე), ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი).

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება პრეცედენტულია, ვინაიდან აპლიკანტებს, რომელსაც საქართველო ვერ ასაქმებს, ასაქმებს სხვა ქვეყნები და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი დღესაც მავნებლური პოლიტიკის შედეგად ,დახმარებისა და მხარდაჭერის, ადგილზე დასაქმების ხელშეწყობის სანაცვლოდ, დაკავებულია აპლიკანტების ცოდნის შეძენისთვის გადახდილი თანხების უკან დაბრუნებით, რაც პირდაპირ არყევს კურსდამთავრებულებსა და სახელმწიფოს შორის ნდობას. ორგანიზაციის წარმოებაში მსგავსი არაერთი სხვა საქმეცაა.

ცნობისთვის: სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ნინო ც.-ს მიმართ სარჩელი სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბერს წარუდგინა, ხოლო ნინო ც.-მა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შეგებებული სარჩელით 2020 წლის 9 იანვარს მიმართა. აპლიკანტის ინტერესი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა.



კომენტარები