"ახალგაზრდა ადვოკატები" GBA–ის არჩევნებს გამოეხმაურა

9 დეკემბერი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიაში, 2013 წლის 8 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და მიუთითებს, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში, კენჭრისყრის პროცედურა კი აბსოლუტური გამჭვირვალობით ჩატარდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, საერთო კრების გადაწყვეტილება და ასოციაციის სხვადასხვა მმართველ ორგანოებში, ზაზა ხატიაშვილის და კოალიციური გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება, ადვოკატთა კორპუსის წინაშე, დამდეგი 4 წლის მანძილზე, ახალ რეალობას და შესაძლებლობას აჩენს, რადგანაც არსებობს მაღალი მოლოდინი, გაძლიერდეს ადვოკატთა კორპუსი, შეიქმნას მისი საქმიანობისთვის მყარი საკანონმდებლო გარანტიები, საქმიანობა დაეფუძნოს ეფექტურ და გამჭვირვალე მმართველობის სისტემას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ზაზა ხატიაშვილს გულითადად მიულოცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევას, ხოლო დავით ასათიანს, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ მაღალ ნდობას.

ორგანიზაცია მიუთითებს, ასოციაციის საერთო კრებამ არჩევანი ორ ძლიერ კანდიდატსა და მათ განსხვავებულ საარჩევნო პროგრამებს შორის გააკეთა, თუმცა ვფიქრობთ, რომ არჩევნებს, ერთ–ერთი ძლიერი კანდიდატის, მამუკა მდინარაძისა და მისი ალტერნატიული გუნდის სახით, დამარცხებული არ ჰყავს. მამუკა მდინარაძემ, წინასაარჩევნო და საარჩევნო დღეს აჩვენა პროფესიული და პიროვნული ღირსების მაგალითი, კვალიფიციური და ზომიერი პაექრობით, ადვოკატთა კორპუსს მიუთითა სტანდარტებზე, რომლითაც ევროპის მრავალი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კამპანიები ხასიათდება.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 2013 წლის 8 დეკემბრის ასოციაციის არჩევნებს დამარცხებული მხოლოდ წინა აღმასრულებელი საბჭოს ნომინირებული კანდიდატების სახით ჰყავს. საერთო კრებამ უნდობლობა გამოუცხადა იმ გუნდს, რომლის მიმართაც, გასული 4 წლის მანძილზე, არაეფექტური საქმიანობის გამო, ადვოკატთა კორპუსში, უფრო მეტი კრიტიკა სჭარბობდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, 2013 წლის 8 დეკემბრის ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურება და მიუთითებს, რომ თავმჯდომარეობის ზოგიერთი კანდიდატის მხრიდან აშკარა ხასიათს ატარებდა არჩევნების დისკრედიტაციის მიმართულებით გამოთქმული განცხადებები. ხმაური ასოციაციის არჩევნებზე ემსახურებოდა უკვე არჩეულ გუნდთან პიროვნულ შეუთავსებლობას და ნაკლებად სამართლიან მოთხოვნებს, ვინაიდან 2013 წლის 8 დეკემბრის ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება, პროცედურული დემოკრატიის ყველა პრინციპის დაცვით ჩატარდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ მმართველ გუნდთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და საარჩევნო პროგრამის განხორციელების დაწყებას, ასოციაციის ახალი უფლებამოსილების დაწყებიდან მოითხოვს. ამ მიმართულებით, ორგანიზაცია გამოდის წინადადებით, რათა ობიექტურად შეფასდეს ადვოკატთა კორპუსში მიმდინარე პროცესები და მომავალი არჩევნების მზადებისთვის, დღიდან დაიწყოს სერიოზული მუშაობა. 8 დეკემბრის ასოციაციის საერთო კრებამ მკაფიოდ მოიტანა შემდეგი მიმართულებებით წესდებაში ცვლილებების ინიცირების აუცილებლობა. კერძოდ:

1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატურის წამოყენების პროცედურები მოითხოვს ახალ და მკაცრ რეგულაციებს. უნდა დაწესდეს შეზღუდვები და გამკაცრდეს კანდიდატად რეგისტრირების პროცედურა. მიგვაჩნია, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატად დასახელება უნდა შეეძლოს პირს, რომელიც 100–ზე მეტი ადვოკატის მხარდაჭრის სიას წარმოადგენს.

2.  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ უნდა დაიწყოს მსჯელობა ასოციაციის არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით, ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონების ადვოკატების არჩევნებში ჩართულობას და ასოციაციის ინსტიტუციურ გაძლიერებას.

3. „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახლადარჩეულ კოალიციურ გუნდთან დიალოგს ასაკით ახალგაზრდა ადვოკატების უფლებების დაცვის დროებითი კომისიის შექმნაზე, ორგანიზაციის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში შეთავაზებულ ინიციატივაზე მსჯელობით დაიწყებს. ორგანიზაციამ ინიციატივაზე მხარდაჭერა ზაზა ხატიაშვილისგან 2013 წლის 27 ნოემბრის შეხვედრაზე მიიღო.

ცნობისთვის: 2013 წლის 8 დეკემბრის საერთო კრებაზე, ზაზა ხატიაშვილს მხარი დაუჭირა 994 ადვოკატმა. მამუკა მდინარაძემ მიიღო 292 ხმა, ლევან ჯოხაძემ - 10 ხმა, ხოლო ვასილ ოსეფაშვილმა - 6 ხმა. ბათილად იქნა ცნობილი 87 ბიულეტენი.



კომენტარები