"პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნეს ინტერესები"

27 იანვარი, 2014

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე: „პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნეს ინტერესები“, განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტის ანალიზშია ნათქვამი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღის წესრიგში მთელი სიცხადით დადგა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა და კანონთან შესაბამისობის დადგენა. საქართველოს კანონი თანამდებობის პირს საგანგებოდ ავალდებულებს, არ გამოიყენოს თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა პირადი ინტერესების სასარგებლოდ და ამით ზიანი არ მიაყენოს საჯარო ინტერესებს, თუმცა ბოლო წლების პრაქტიკამ ცხადყო, საჯარო სამსახურში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირები, ცნობილი პოლიტიკოსები მიმართავენ სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივ განხორციელებას, რაც გამოიხატება მათი ბიზნეს ინტერესების ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებზე გადაფორმებითა და მოწილეობით.

„ახალგაზრდა ადვოკატების” თანადამფუძნებლისა და ხელმზღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით, მონიტორინგის პროცესში ყურადღება დაეთმო საქართველოს პარლამენტის წევრების ქონებრივ დეკლარაციებსა და მათ ბიზნეს ინტერესებს, აგრეთვე, საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე პოლიტიკოსების ქონებრივ მდგომარეობას და ბიზნესით მათ დაინტერესებას. მოცემულ ეტაპზე, ორგანიზაციის სამართლის ჯგუფმა მუშაობა დაასრულა თბილისის უფლებაშეჩერებული მერის, გიგი უგულავას, პარლამენტის წევრ გივი თარგამაძისა და საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას ქონებრივი დეკლარაციის შესწავლაზე. მონიტორინგით გამოიკვეთა მათი ფარული ბიზნეს ინტერესები და ოჯახის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა ეკონომიკურად მომგებიან გარიგებებში.

განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ცნობილი ხდება, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ფირმებს, 13 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ მიღებული, ხოლო გივი თარგამაძესთან დაკავშირებულ ფირმებს 85 მლნ ლარამდე შემოსავალი. გიგი უგულავას შემთხვევაში, საუბარია ძმის, ბიძის, სიდედრის, ქვისლის, მამიდისა და სხვა ახლობლების ბიზნესში საქმიანობაზე და მათ შემდეგ კომპანიებზე: „მანი“, „ჯეოლენდი“, „თ.ფ“, „ლთ ჯგუფი“. მაგალითად, ყოფილი მერის ძმის, ირაკლი უგულავას კომპანია: „ჯეოლენდი“ გამარჯვებულია 38 სახელმწიფო ტენდერში, ერთ პირთან მოლაპარაკებით, სახელმწიფოს მასთან დადებული აქვს 114 ხელშეკრულება, გიგი უგულავას ბიძის, თამაზ გოგიაშვილის კომპანია „თ.ფ“–გამარჯვებულია 13 სახელმწიფო ტენდერში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, მასთან სახელმწიფოს დადებული აქვს  28 ხელშეკრულება. კომპანია საქმიანობს ფეირვერკების ბიზნესში.

მონიტორინგი ყურადღებას მიაქცევს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძის კავშირებზე ბიზნესთან. დეპუტატის ოჯახი და ოჯახთან დაახლოებული პირები აქტიურად საქმიანობენ მომგებიან კომპანიებში და იღებენ მაღალ მოგებას. მაგალითად, შპს  „პაულ შულერ უნდ ირაო გრუპი“, რომლის თანადამფუძნებელი და წილის მფლობელია პარლამენტის წევრის ძმა ზაზა თარგამაძე, 2005-2012 წლებში, მისი ერთობლივი შემოსავალი წარმოადგენდა 60 მლნ ლარზე მეტს.  შევნიშნავთ, რომ აღნიშნულ კომპანიის "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან" გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, საერთო ჯამში მიღებული აქვს 12 840 051 ლარი. ამასთან, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, საერთო ჯამში მიღებული აქვს 2 324 780 ლარი. კომპანიას, 2010-2013 წლებში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ეროვნული ბანკისთვის შესრულებული აქვს 22 მლნ ლარზე მეტის სამუშაოები. კომპანიას, კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2012 წელს, შესრულებული აქვს კახეთში სტიქიის დროს დაზიანებული სახლების სახურავების სარემონტო სამუშაოები საერთო ღირებულებით 300 556 ლარი. ამასთან, მონიტორინგის დროს, ორგანიზაციის ყურადღება მიიპყრო კომპანიებმა: შპს „მილკ ვეი“ (ს/ნ404384910), შპს „ირაო არტ“ (ს/ნ204536010) და შპს  „კალანდა“ (ს/ნ204874790), რომელთა ხელმძღვანელები/დამფუძნებლები პარლამენტარის ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები არიან.

მონიტორინგის თანახმად, გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ ფირმებს, არსებული მასალების მიხედვით, 45 მლნ ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. კერძოდ, საჯარო ინფორმაციის თანახმად, გიგა ბოკერიას ფარული ბიზნეს ინტერესები უნდა დავინახოთ მამის, მეუღლის, მეუღლის დისა და სიძის ბიზნეს საქმიანობაში.

გიგა ბოკერიას მამა, ლევან ბოკერია წარმოადგენს სამშენებლო ფირმა  შპს „ლებოს“ (ს/ნ 205172999), რომლის კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელიცაა. კომპანიის შემოსავალი შეადგენს 2 363 606 ლარს. ლევან ბოკერია, აგრეთვე ფლობს 20%-იანი წილს სამშენებლო ფირმა შპს „არქსტუდიაში“ (ს/ნ 211326867), რომლის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს  26 523 662 ლარს.

მონიტორინგმა ცხადყო, რომ გიგა ბოკერიას ცოლის და რუსუდან ჩერგოლეიშვილი წარმოადგენს სარემონტო ფირმა შპს „ოლივდიზაინის“ დამფუძნებელს (ს/ნ 202351383), რომელიც ფლობს 50%–იან წილს. ორგანიზაციის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 14 621 734 ლარს. რუსუდან ჩერგოლეიშვილი, აგრეთვე ფლობს 50%-იან წილს გალერეა შპს „ახალი გალერეაში“ (ს/ნ 404399593), რომლის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს  161 474 ლარს.

ამასთან, ყურადღებას მივაქცევთ რუსუდან ჩერგოლეიშვილის მეუღლის, კახაბერ ნინუა საქმიანობასაც, რომელიც დამფუძნებელია შემდეგ ორგანიზაციებში:

  • შპს „გალფ რეისინგი“, რომლის ერთობლივი შემოსავალია: 324 487 ლარი (ს/ნ 404915320, წილი - 100%, საქმიანობა: ავტომობილებით მომსახურება)
  • ააიპ „სამხედრო ოპერაციებში გარდაცვლილი მოსამსახურეთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდი „თანადგომა,“ რომლის ერთობლივი შემოსავალი იყო 1 552 873 ლარი. კომპანია 2012 წლის აპრილში იქნა ლიკვიდირებული. (ს/ნ 204559245)

კახაბერ ნინუას 2011 წლის 8 დეკემბერს შეძენილი აქვს 3 025კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი წყნეთში (ნაკ. 111/033) ქ. თბილისის თვითთმმართველი ერთეულისგან. აგრეთვე, 2011 წლის სექტემბერში, 1000კვ.მ სასოფლო-სამეურნეო ნაკვთი წყნეთის სატყეო ტერიტორიაზე. შესყიდული ქონებების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 400 000 ლარს.

რაც შეეხება საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიორგი ბოკერიას მიერ წარმოდგენილ ოფიციალურ დეკლარაციას. გიგა ბოკერიას სახელზეა გაფორმებული უძრავი ქონება - ბინა  პეკინის გამზირზე N2, ფართობი - 60.00 კვ.მ, ხოლო მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის სახელზე გაფორმებულია მსუბუქი ავტომანქანა BMW 120. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან, მას ხელფასის სახით მიღებული აქვს 85790.00 ლარი, ხოლო მეუღლეს, თამარ ჩერგოლეიშვილს, ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან, 132000.00 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, თამარ ჩერგოლეიშვილი აღნიშნული ჟურნალის აქციონერია. გიგა ბოკერიას არ გააჩნია ფასიანი ქაღალდები.

დეკარაციის მიხედვით, გიორგი ბოკერიას სესხის სახით აღებული აქვს 27 000.00 ლარი, ხოლო მეუღლეს, თამარ ჩერგოლეიშვილს 52500.00 ლარი. მეუღლეს ეკუთვნის კიდევ ორი სასესხო ვალდებულების აღება, ერთგან 23 500.00 ლარის, ხოლო მეორე შემთხვევაში –  25 000 ლარის ოდენობით. აგრეთვე, თამარ ჩერგოლეიშვილის სახელზე, ფრანგულ ბანკში, საბანკო ანგარიშზეა 119 000.00 ევრო, ხოლო საქართველოს ბანკებში შემდეგი ფულადი დანაზოგი: 1403.70 აშშ დოლარი („თიბისი ბანკი“) და 6681.00 ლარი („ლიბერთი ბანკი“). თავად გიგა ბოკერიას ანგარიშზე, დეკლარაციის მიხედვით,  7799.56 ლარი გააჩნია. („თიბისი“ ბანკი).

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან და საერთაშორისო ნორმატიული ვალდებულებებიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ თანამდებობის პირის ვალდებულება – შორს დაიჭიროს თავი ინტერესთა კონფლიქტისაგან, წარმოადგენს მის არამარტო სამართლებრივ, არამედ ეთიკურ–ზნეობრივ ვალდებულებასაც, რაც მისი საქმიანობის განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარეობს. საჯარო სამსახური ავალდებულებს პიროვნებას, აცნობიერებდეს აღნიშნული ვალდებულების არსს და მოქმედებდეს მის შესაბამისად. აღნიშნული ვალდებულება თანაბრად ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრებზეც – სახელისუფლებო სისტემაში მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება მომეტებულადაც კი. გაეროს „სახელმწიფო თანამდებობის პირთა ქცევის საერთაშორისო კოდექსის“ მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობის პირმა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობა არ უნდა გამოიყენოს შეუფერებელი პირადი ან ოჯახური ან/და ფინანსური სარგებლის მისაღებად“. საქართველოს სინამდვილეში, სამწუხაროდ, ადგილი აქვს კანონის ფორმალურ დაცვას, ხოლო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების რეალური ბიზნეს ინტერესები გადანაწილებულია ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავების მიმართ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, მიღებული შედეგების თვალსაზრისით, საჭიროდ მიიჩნევენ დაცული იქნეს კანონის მოთხოვნები, მათ შორის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამ მიმართულებით, საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს მოკვლევა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა, მათი შესაძლო კავშირები ბიზნესთან, ელიტური ბიზნესის კანონიერება, განისაზღვროს, თუ რას ნიშნავს საჯარო მოხელის „ოჯახური ბიზნეს–ინტერესები“ საქართველოში.



კომენტარები