თამარ ჩერგოლეიშვილს საზოგადოება შეცდომაში ისევ შეჰყავს

10 თებერვალი, 2014

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საზოგადოებრივი აზრის პატივისცემის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნევთ განმარტება გავაკეთოთ ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორის, ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ საჯარო სივრცეში, 2014 წლის 10 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც ორგანიზაციას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ გაერთიანებად. ამჯერად, ქალბატონმა თამარ ჩერგოლეიშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე ორგანიზაციის დამფუძნებლის, თინათინ ნიბლოშვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ტრიბუნასთან ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას და მიუთითა, რომ „ქართული ოცნების აქტივისტად მივიჩნიე ახალგაზრდა ადვოკატების დამფუძნებელი - აგერ ტრიბუნასთან დამდგარა.“ (სტილი დაცულია)

„ახალგაზრდა ადვოკატები“, მათ შორის ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილის საყურადღებოდ, რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებს:

1. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, 2012 წლის 9 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამოაზრეებმა, უფლებადაცვით სფეროში აქტიურმა პირებმა, თინათინ ნიბლოშვილთან ერთად დააფუძნეს. ორგანიზაციის მართველობით ორგანოდ განისაზღვრა სადამფუძნებლო საბჭო. თანადამფუძნებლებმა ორგანიზაციის განვითარების სხვადასხვა სფეროზე აიღეს პასუხისმგებლობა.

2. ორგანიზაციის თანადამფუძნებლები: თინათინ ნიბლოშვილთან ერთად, 2012 წლის 9 ივლისამდე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ დაფუძნებამდე, მუშაობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციაში და ეწეოდნენ საადვოკატო საქმიანობას.

3. თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული თინათინ ნიბლოშვილის ფოტო, რომელიც ტრიბუნასთან ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას, გადაღებულია 2012 წლის 21 აპრილს, პარტია „ქრთული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ყრილობაზე. 2012 წლის 21 აპრილს „ახალგაზრდა ადვოკატები“ დაფუძნებული არ იყო, ხოლო თინათინ ნიბლოშვილი საქმიანობდა ერთ–ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

4. თინათინ ნიბლოშვილი არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ არც პარტიის, არც საინიციატივო ჯგუფის, არც სადამფუძნებლო ჯგუფის წევრი. თინათინ ნიბლოშვილი 2012 წლის 21 აპრილს, პარტიის ყრილობაზე მიწვეული იყო სტუმრის სტატუსით, როგორც სამოქალაქო სექტორში აქტიური ახალგაზრდა. თინათინ ნიბლოშვილი ყრილობის დასასრულ სიტყვით გამოვიდა, როგორც მომავალი დედა (ის ამ დროს ოთხი თვის ორსული იყო) და მხოლოდ მიესალმა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების საჭიროებას. თინათინ ნიბლოშვილი საზოგადობის წინაშე არ წარმსდგარა პარტიის სახელით. ფოტოზე, მისი ჩამოცმულობაც მიუთითებს, რომ სიტყვით გამოსვლა პოლიტიკური ვალდებულებებით არ არის ნაკარნახევი.

5. თინათინ ნიბლოშვილი, 2013 წლის 12 მარტიდან, აღარ მონაწილეობს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობის განხორციელებაში, რადგანაც საქმიანობას აგრძელებს ა(ა)იპ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ სახელით. შესაბამისად, თინათინ ნიბლოშვილს „ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით არ მოუმზადებია არც ერთი ბრიფინგი, არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ საჯარო გამოსვლაში, სამოქალაქო კამპანიაში, არც ერთ დონორ ორგანიზაციასთან წარდგენილ პროექტში, თინათინ ნიბლოშვილი არ სარგებლობს დაკისრებული პასუხისმგებლობით. თინათინ ნიბლოშვილი მონაწილეობას არ იღებს ორგანიზაციის სხდომებსა და გადაწყვეტილებებში. მეტიც, 2013 წლის მარტიდან, თინათინ ნიბლოშვილი არ ღებულობს შრომით ანაზღაურებას „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“, რასაც ცხადყოფს უნაღდო ანგარიშსწორების ამონაწერიც.

ბოლოს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საზოგადოებას, რათა კრიტიკულად შეფასდეს ორგანიზაციის მიმართ ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან წარმოებული კამპანია, რომლის მიზანია, დისკრედიტაცია გაუკეთდეს „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობას.

ორგანიზაციამ გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით, ასევე ერთ–ერთი თანადამფუძნებლის შესახებ ყველა ის ინფორმაცია გადმოგცათ, რომლის სინამდვილეს, ჩვენს პროფესიულ და პიროვნულ ღირსებასთან მივყავართ.

ვადასტურებთ, ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2014 წლის 6 თებერვალს, ოფიციალური წერილი მართლაც მივწერეთ და ხელისუფლებასთან ვალდებულებების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გამოქვეყნება ვთხოვეთ.

დასანანია, მეტი თვალსაჩინოებისთვის, თინათინ ნიბლოშვილის ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოს მეტი, რომ ვერ მოინახა. სამწუხაროა, როცა გამოცდილ ჟურნალისტს, ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილს, საზოგადოება ისევ შეცდომაში შეჰყავს. 



კომენტარები