სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში, „ხუდონჰესის“ საქმეზე ცალკეული მსჯელობა შეუსაბამოა

2 აპრილი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის 31 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშს „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ეთანხმება, თუმცა არ იზიარებს „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების“ თავში, „ხუდონჰესის“ საქმესთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან შესაბამისი ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის პროცედურების მიმართ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, მარიამ ნეფარიძის განცხადებით, ხარვეზის შეცველია შეფასება, თითქოსდა საქართველოს მთავრობასა და „ხუდონჰესის“ მშენებარე კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.  სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილია „ხუდონჰესის“ მშენებელ კომპანიასა და მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად (28/04/2011, მუხლი 4.12 (a) (d)), თუ  „კომპანია“, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, განაცხადს გააკეთებს ნებართვაზე/ლიცენზიაზე, მაგრამ ნებართვა/ლიცენზია არ გაიცემა სახელმწიფო უწყებების მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მთავრობა ვალდებულია შემსრულებელ კომპანიას მისცეს დამატებითი დრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ხელშეკრულების აღნიშნული დებულება ეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად გათვალისწინებული ვადის გახანგრძლივებას, სახალხო დამცველის ანგარიშში კი, აღნიშნული ინფორმაცია, სხვაგვარი ინტერპრეტაციით არის წარმოჩენილი. კერძოდ, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ თითქოსდა ხელშეკრულების დებულება ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ნორმებს, (მე-5 მუხლი, ნაწ. 1; მუხ. 12, ნაწ. 2), რომლის თანახმადაც, ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილება და ასევე ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელებისა თუ ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებები, უნდა მიიღოს ნებართვის გამცემმა ორგანომ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მთავრობის კომპეტენციაში არ შედის ინვესტორთათვის ნებართვის მისაღებად საჭირო კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება. (იხ. ანგარიში. გვ. 433-436).

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ანგარიშში მოცემული ჩანაწერი მთავრობის არამართლზომიერად დადანაშაულების მცდელობად შეიძლება შეფასდეს, რადგანაც „ხუდონჰესთან“ დაკავშირებული ხელშეკრულების, ანგარიშში მოყვანილი ნორმა, არა კანონით ნებართვის გაცემისთვის საჭირო ვადის გახანგრძლივებას, არამედ თავად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელებას გულისხმობს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული დებულების ჩადება, არათუ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „კომპანიის“ ინტერესების დაცვის მიზნით და ხელშეკრულების მდგრადობის განსაზღვრისთვის, შემდგომ აუცილებელ კომპონენტსაც წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, აგრეთვე, ვერ გაიზიარებენ ანგარიშში მოყვანილ სხვა მოსაზრებასაც, სადაც საუბარია, რომ მხარეებს შორის 2011 წლის 28 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება არ არეგულირებს შემთხვევას, თუ პროექტის შემსრულებელი კომპანია, ვერ მიიღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნებართვებს. აღნიშნულ შემთხვევას მოიცავს, ხელშეკრულების 6.1. ნაწილის (a) პუნქტი,  რომლის მიხედვითაც, მთავრობას აქვს უფლებამოსილება, გაწყვიტოს ხელშეკრულება, თუ კომპანია არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ხელშეკრულების 3.3 პუნქტში გათვალისწინებულ ვადებში. თუ კომპანია ვერ მიიღებს ლიცენზიების/ნებართვების შესახებ თანხმობას, ავტომატურად ვერ მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესრულება, რაც გამოიწვევს ხელშეკრულების 6.1. ნაწილის ამოქმედებას. სწორედ აღნიშნული პუნქტის ამოქმედების თავიდან აცილებას ემსახურება, ხელშეკრულების 4.12 ნაწილის (d) პუნქტის ჩანაწერი. მოცემული ჩანაწერი ხელშეკრულების მდგრადობის განმსაზღვრელ კომპონენტად უნდა ჩაითვალოს, რაც სახალხო დამცველის ანგარიშში, უარყოფითი კონტექსტითაა წარმოდგენილი.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ „ხუდონჰესის“ პროექტის სამართლებრივი საკითხების შესწავლას 2014 წლის იანვრიდან ანხორციელებენ. ორგანიზაცია საკითხზე კვლევას და სარეკომენდაციო წინადადებებს აპრილის ბოლოს წარმოადგენს. „ახალგაზრდა ადვოკატები“, საკითხის იურიდიული შეფასებისთვის, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატთანაც თანამშრომლობს. 



კომენტარები