„ახალგაზრდა ადვოკატები“ მონიტორინგს აჩერებს, „რუსთავი 2“–ს კი ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიაში უჩივის

16 აპრილი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას 2014 წლის 8 აპრილს, სატელევიზიო ინტერვიუს დროს გამოთქმულ ზოგიერთ შეხედულებას ეხმაურება. ამასთან, ორგანიზაცია მინისტრთან ინტერვიუს პროცესში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია ემიჯნება ყველა ისეთ მიდგომას და განცხადებას, რომელიც, შესაძლებელია, რაიმე ფორმით, შემხებლობაში აღმოჩნდეს ქართული ჯარის ავტორიტეტის შელახვასთან.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ლოჯისტიკის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე წერილობითი კომუნიკაცია 2013 წლის ივლისიდან გააჩნია. შესაბამისად, ორგანიზაციის მოქმედებები საჯარო უწყების მიმართ, წარმოადგენდა მონიტორინგის განხორციელების პროცესს და არა მიზანმიმართული კამპანიის ინტერპრეტაციას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სამართლიანად მიაჩნია, შეაჩეროს მონიტორინგის პროცესი თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის სფეროს საკითხების მიმართ, ვინაიდან არსებობს კანონიერი ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ, რომლებიც საკითხზე მუშაობენ. ორგანიზაცია, აქვე განმარტავს, რომ 2014 წლის 8 აპრილს, საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის საჩივრით არ მიუმართავს. ორგანიზაციამ მოამზადა მხოლოდ განცხადება და უკვე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, შედეგების მდგომარეობა მოითხოვა. შესაბამისად, „ახალგაზრდა ადვოკატები“, ამიერიდან, საკითხზე შემდგომ შესაძლო განცხადებას, საგამოძიებო მოქმედებების შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობის შემდგომ გააკეთებენ.

ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემა „არჩევანის“ ავტორისა და წამყვანის, გიორგი გაბუნიას საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების გამო. ჟურნალისტამა გააკეთა განცხადება ორგანიზაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფარული კავშირების შესახებ და აზრის დასასაბუთებლად მოარული ხმები დაასახელა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა უხეშად დაარღვია პროფესიული ეთიკა და ფაქტების სიზუსტის პრინციპი. ტელეკომპანიის ეთერით საზოგადოებას მიეწოდა გადაუმოწმებელი და მცდარი ფაქტის შემცვლელი ინფორმაცია. ჟურნალისტმა შელახა ორგანიზაციის სახელი, მათ შორის „ახალგაზრდა ადვოკატების“ პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და კლიენტებთან ურთიერთობის ნდობის პროცესში.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლის 10 აპრილს ღია წერილით მიმართეს ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა გადაცემა „არჩევანის“ 15 აპრილის ეთერში სთხოვეს, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, ორგანიზაცია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მხრიდან პროფესიული სტანდარტების დარღვევის საფუძვლით, საჩივარს შეიტანს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართ და იმოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 



კომენტარები