პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა მიიღოს

1 მაისი, 2014

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს პარლამენტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონი უნდა მიიღოს და ამ პროცესში, საქართველოს ეკლესიასთან ერთად, სამოქალაქო ჯგუფებიც აქტიურად უნდა ჩაერთოს.  

ორგანიზაციის თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება, კანონპროექტიდან ამოღებულ იქნეს ნორმა, რომლითაც კანონის მოქმედების სფერო დაკონკრეტებული აღარ იქნება, წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან კონსენსუსს და დათმობას. შესაბამისად, აღარ არსებობს ვნებათაღელვის საფუძველი, რის გამოც, რომელიმე განსხვავებული მოსაზრების ჯგუფს, ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო–კანონმდებლობის მიღებაზე შეურიგებელი დამოკიდებულება ექნებოდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტის ღირსებად უნდა ჩაითვალოს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, „საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია“. ამასთან, მისასალმებელია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პროცესში, საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის უფლებამოსილების გაზრდა. ორგანიზაცია კანონის მიღებას, რამდენიმე ფაქტორის გამო, აუცილებლად მიიჩნევს, რადგანაც სახეზე გვაქვს არსებული ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის არაეფექტურობა, დისკრიმინაციის ფაქტების მიმართ სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების რეაგირების სამართლებრივი მექანიზმების არარსებობა და დისკრიმინირებულ პირთა მიმართ უფლების დაცვის სამართლებრივი სივრცის გაჩენა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტს მიმართავს და კანონპროექტის განხილვის პროცესში, გაცილებით მეტი სამოქალაქო ჯგუფის ჩართვას მოითხოვს. სახელმწიფომ უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულება და მიიღოს კანონები, რომლებიც საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხება. ეკლესიამ უნდა შეასრულოს და ასრულებს კიდეც იმ ფუნქციას, რომელიც კანონიკურ სამართალში ცოდვის მიუღებლობას ეხება, თუმცა მიუღებელია, აღნიშნული კანონპროექტი შეფასდეს, როგორც არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელთა უფლებების პროპაგანდად. მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანი, პოლიტიკოსი თუ კანონდამცველი, რომელიც ასეთ შეხედულებებს თავს ახვევს საზოგადოებას, არ იცნობს კანონპროექტს, კანონპროექტის განმარტებით ბარათს, ინიციატივის მიმართ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დასკვნებს, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებსა და ადამიანის უფლებების სფეროში, საერთაშორისო კონვენციებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებული ინტერპრეტაციები, დარტყმას აყენებს ქვეყანის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, 2014 წლის ივნისში დაგეგმილ ხელმოწერის პროცესს. ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, პირდაპირ გათვალისწინებულია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით. ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა სამოქალაქო ჯგუფს, ობიექტურად შეფასდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები, გამოწვევები, დემოკრატიისა და უფლებების მდგრადობის საჭიროება ევროკავშირთან ურთიერთობის დროს. ამიტომაც, ყველა განცხადება, რომელიც დაკავშირებულია წარმოდგენილ კანონპროექტთან, უნდა იყოს დასაბუთებული და პასუხისმგებლიანი, რაც შესაძლებელს გახდის ინსტიტუციური დიალოგის წარმართვას და კონსენსუსს პრობლემური გადაწყვეტილებების პროცესში.



კომენტარები