ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერის შემდგომ გამართულ საქველმოქმედო ვახშმზე შემოსული მილიონი ლარის გადაცემის საკითხს ეხება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2011 წლის ივნისში საქველმოქმედო ვახშამიდან შემოსული 1.5 მილიონი ლარის ადგილნაცვალი პირებისთვის გადაცემის ფაქტის ნამდვილობა არ დასტურდება. არაერთ ადგილნაცვალ პირთან გასაუბრების შემდეგ, ორგანიზაციის სამართლის ჯგუფმა მიიღო პასუხი, რომ მათ ფილმის პრემიერის შედეგად გამართული საქველმოქმედო საღამოდან შემოსული, ხოლო შემდეგ საჯაროდ დაპირებული თანხა არ მიუღიათ.
მონიტორინგის შედეგად, არ დადასტურდა საქველმოქმედო ვახშმის ორგანიზატორისა და მასპინძელის – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფიციალური პოზიცია, რომლის თანახმადაც, მათ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების სრული სია შეადგინეს. სიაში, სულ 400–მდე ოჯახი აღმოჩნდა, რომელთაგან თითოეული, ერთჯერადად, 2500 ლარს მიიღებდა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან და საქველმოქმედო ღონისძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა და დახმარების ფაქტი არ დადასტურდა შემდეგი სამინისტროების – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, მონიტორინგის განხორციელების პროცესში, კომუნიკაცია აწარმოა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან, რომელიც მიუთითებს, რომ სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიიღეს აგვისტოს ომში დაღუპულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა ოჯახების საკონტაქტო მონაცემები, საქველმოქმედო ვახშამის ფარგლებში შეგროვებული თანხით დაიფარა ღონისძიების ორგანიზების ხარჯები და ერთი მილიონი ლარი სრულად განაწილდა ომში დაღუპულთა ოჯახებზე და მათ კუთვნილი თანხები ჩაერიცხათ საბანკო ანგარიშებზე. ორგანიზაცია გაუმჭვირვალეს უწოდებს პროცესს, რა დროსაც, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ერთი მილიონი ლარი, თანასწორუფლებიანად უნდა გადაეცა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოთხასამდე ოჯახისთვის. შესაბამისად, უცნობია, რეალურად რომელმა და რამდენმა ოჯახმა მიიღო დახმარება, რა ოდენობის თანხა იქნა გაცემული, ვინ იყო პროცესის გამჭვირვალობაზე პასუხისმგებელი და რატომ არსებობს საქართველოს სამინისტროებსა და ბიზნეს ასოციაციას შორის საკითხთან დაკავშირებით, შეუსაბამო შეფასებები.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერის შემდგომ საქველმოქმედო ვახშამი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივის ნაცვლად, ხელისუფლების ღონისძიება გახლდათ, საიდანაც შემოსული თანხა, ადგილნაცვალი პირების დახმარების მაგივრად, საღამოს საორგანიზაციო საკითხებს, მთლიანობაში კი ყოფილი მმართველი პარტიის ინტერესებს მოხმარდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, რეკომენდაციის მიმართავს საკითხის მიმართ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საჯარო განმარტებებს შემდეგ საკითხებზე მოითხოვს:
- ასოციაციამ გამჭვირვალე გახადოს „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერის შემდეგ გამართული საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული მილიონ ლარზე მეტი თანხის განკარგვის დანიშნულება და მიზნობრიობა.
- ასოციაციამ ფაქტობრივი მტკიცებულებით დაადასტუროს „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერის შემდეგ გამართული საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული თანხის მიმღები 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპულთა 400–მდე ოჯახის ნამდვილობა.
- ასოციაციამ გამოაქვეყნოს „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერის შემდეგ გამართული საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული თანხის მიმღებთა გეოგრაფიული არეალი და შერჩევის წესი
- ასოციაციამ განმარტება გააკეთოს, ასოციაციასა და სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ განსხვავებული პოზიციების გამო
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საჯარო განმარტებებს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე, 2014 წლის 7 მაისამდე სთავაზობს. ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ საქმეზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით, მაკონტროლებელ ორგანოებსაც მიმართონ.