სააპელაციო სასამართლო ირაკლი ქველაძის საქმის განხილვას იწყებს

6 მაისი, 2014

თბილისის სააპელაციო სასამართლო, 2014 წლის 7 მაისიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხანგრძლივი სივრცის ყოფილი ოპერატორის, ირაკლი ქველაძის საქმის განხილვას იწყებს, რომელიც თანამდებობიდან, განსხვავებული სამოქალაქო და პოლიტიკური შეხედულებების გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსმა, იუსტიციის სახლისა და თბილისის იუსტიციის სახლის დირექტორებთან შეთანხმებით, გაანთავისუფლა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ნინო ისაკაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლო, ირაკლი ქველაძის საქმეზე უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული წარდგენილი მტკიცებულებები და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. მოსამართლე ანჟელი ხუროძემ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და ირაკლი ქველაძის მიმართ, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა, მხოლოდ იმ მოტივით არ გაიზიარა, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებობდა ვადიანი ხელშეკრულება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სასამართლომ ყურადღება არ დაუთმო გარემოებას, რა დროსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, უკლებლივ ყველა დასაქმებულთან, გარდა ირაკლი ქველაძისა, რომლსაც უფლებამოსილება 2013 წლის 31 იანვარს შეუჩერდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს საქმეს, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ქველაძემ 2012 წლის ნოემბერში, ორგანიზება გაუწია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების ღია წერილის მომზადებას მინისტრ თეა წულუკიანის შეხვედრის მოთხოვნით. შეხვედრაზე, რომელიც 2012 წლის 8 დეკემბერს შედგა, ირაკლი ქველაძემ მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია თანამშრომლების სოციალური და შრომითი უფლებების დარღვევის, შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შვებულებების აკრძალვის, უქმე დღეებისა და შესვენების პერიოდში დაწესებული გრაფიკის გამოუყენებლობის შესახებ. ირაკლი ქველაძემ, ასევე მინისტრს გადასცა ოფიციალური დოკუმენტაცია იუსტიციის სახლის მაღალი თანამდებობის პირების პრემიებისა და ხელფასების შესახებ და მიუთითა, რომ ამ თვალსაზრისითაც, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უთანასწორი დამოკიდებულება არსებობდა.

ირაკლი ქველაძის მხრიდან ხელმძღვანელობის მხილებას, იუსტიციის სახლის ყოფილ აღმასრულებელი დირექტორ ნინო ჩიჩუას, თბილისის იუსტიციის სახლის ყოფილ დირექტორ გივი ჭანუყვაძისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების ყოფილ ხელმძღვანელ ლევან სამადაშვილის მხრიდან რეპრესიული ქმედებების განხორციელება მოჰყვა. ირაკლი ქველაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის კადრებმა, ასეთი საქციელი სუბორდინაციის დარღვევად და „დანის ზურგში ჩარტყმად“ ჩაუთვალეს. დასაქმებულის სამუშაო მაგიდასთან დაიწყო თვალთვალი და თანამშრომლების დაკითხვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყურადღება არც 2013 წლის 23 იანვარს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას მიაქცია, რითაც ირაკლი ქველაძის მიმართ მომსახურების სტადარტების დარღვევის ბრალდება არ დადასტურდა. მიუხედავად ამისა, ირაკლი ქველაძესთან, 2013 წლის 31 იანვარს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ირაკლი ქველაძე გათავისუფლებას თავის განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას, გამოხატვის თავისუფლებას და იუსტიციის სახლის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მხილებას უკავშირებს. საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი უკვე გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თუმცა მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია მტკიცების მაღალი ვარაუდი, ნინო ჩიჩუას, ლევან სამადაშვილისა და გივი ჭანუყვაძის წამყვანი თანამდებობიდან გათავისუფლება, მინისტრმა დაუკავშირა თუ არა უწყებაში მის გათავისუფლების საკითხს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ირაკლი ქველაძის საქმეზე ადვოკატირებას 2013 წლის თებერვლიდან ახორციელებენ.

 

 



კომენტარები