ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიმართულებით, საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს და ქვეყანაში პირველადი სამედიცინო დახმარების ეფექტური მუშაობის საკითხს, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილავს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ჯაბა სირაბიძის განცხადებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მყისიერად უნდა რეაგირებდეს პირველადი სამედიცინო დახმარების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლის გათვალისიწინებაც, მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სარგებლობისთვის.
„ახალგაზრდა ადვოაკტები“ საგანგაშოდ მიიჩნევს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურისთვის წინა წლებთან შედარებით ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირებას. 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისთვის და სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის, გამოყოფილია 9,9 მილიონი ლარი, მაშინ, როდესაც 2013 წელს გამოყოფილი იყო 13,7 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო 2012 წელს - 23 მილიონ ლარზე მეტი. ორგანიზაციის შეფასებით, ბიუჯეტის შემცირება ხელმისწავდომ პირველად სამედიცინო დახმარებას, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, ვერ უზრუნველყოფს, გაზრდილი ბიუჯეტით კი შესაძლებელია ამ სფეროში არსებული ოთხი მთავარი პრობლემის გადაჭრა – არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, სფეროს კვალიფიციური კადრებით შევსება, არსებული სამედიცინო პერსონალის პროფესიული განათლების ხელშეწყობა და ხელფასის გაზრდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, ყურადღებას დაუთმობს იმ ფაქტს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი განიცდის სამედიცინო ბრიგადების ნაკლებობას. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგანაც ბრიგადა დროულად ვერ ახერხებს გამოძახების ადგილას გამოცხადებას და საფრთხე ექმნება პაციენტის სიცოცლისა და ჯანმრთელობის უფლებას. მაგალითად, მთელი გურიის მასშტაბით, სასწრაფო სამდიცინო დახმარების ცენტრში მხოლოდ 10 ავტომობილი, აჭარის რეგიონში 12, მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით კი, მხოლოდ 15 ავტომობილი ირიცხება, რაც კრიტიკული მაჩვენებელია.
„ახალგაზრდა ადვოაკტები“ მიუთითებს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას უჭირს მისამართის პოვნა, რაც გადაუდებელ ვითარებაში, დროის სიმცირის გამო, ართულებს პაციენტისთვის დროული პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. პრობლემა განსაკუთრებულია რეგიონებში, მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომელსაც დამისამართება არ გააჩნია. ხშირია შემთხვევები, როდესაც გამოძახება ხდება ღამის საათებში, ხოლო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ქალაქიდან სოფლად გასვლას, მათ შორის დამისამართების გამოც ვერ ახდენს. მუნიციპალიტეტებში დამკვიდრებულია პრაქტიკა, როდესაც პაციენტის ოჯახს სამედიცინო ბრიგადასთან შეხვედრა, სოფლის ცენტრში ან/და სოფლის რომელიმე აღსანიშნავ ადგილას უწევს, რათა პაციენტის ოჯახამდე ექიმი მივიდეს, რაც ართულებს, ხშირ შემთხვევაში კი, შეუძლებელს ხდის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხელმისწავდომობას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, პირველადი ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზად, საქართველოს მთავრობას შემდეგ წინადადებებეს სთავაზობს:
1. მნიშვნელოვანია, მთავრობამ გაითვალისწინოს აღნიშნული პრობლემა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდეს დამატებითი თანხების გამოყოფა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პაცინტთა ტრანსპორტირების პროგრამა და შესაძლებელი გახდება ინფრასტრუქტურის განახლება, სფეროს კვალიფიციური კადრებით შევსება, არსებული სამედიცინო პერსონალის პროფესიული განaთლების ხელშეწყობა და ხელფასის გაზრდა.
2. საქართველოს მთავრობამ ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, უნდა უზრუნველყონ მუნიციპალიტეტებსა თუ ყველა დასახლებულ ადგილას, დამისამართების სისტემის შექმნა და განვითარება. უნდა მოხდეს სისტემის ელექტრონულად უზრუნველყოფა.
3. საქართველოს მთავრობამ ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, უნდა უზრუნველყონ მუნიციპალიტეტების სოფლებში საუბნო სამედიცინო პუნქტების შექმნა და მომზადება. ინიციატივის შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე, პროგრამა განხორციელდეს მუნიციპალიტეტებში შემავალ დიდ სოფლებში. მათ გააჩნდეთ ადგილობრივი სამედიცინო პუნქტი და გამართული ინფრასტრუქტურა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, ყურადღებას დაუთმობს პირველადი დახმარების აღმოჩენის პრობლემას მგზავრთა გადაყვანის პროცესში და საქართველოს მთავრობასთან ერთად, საკითხზე რეკომენდაციით მიმართავს სს „საქართველოს რკინიგზას“. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“, სათანადო ყურადღბას არ უთმობს მატარებლებში სამედიცინო კაბინეტების შექმნის საჭიროებას. შემთხვევები ცხადყოფს, რომ სს „საქართველოს რკინიგზამ“, ამ მიმართულებით, მგზვარების ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. მგზავრი, რომელიც მთელი ღამით ან/და დღის მანძილზე, მატარებლით გაადგილდება, მისთვის კვალიფიციური პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია, რეგიონებში გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები კი, ხშირ შემთხვევაში, ასეთი საჭიროებების დროს, მგზვარის დახმარებას იმ მიზეზით ვერ ახდენენ, რომ იმყოფებიან მათსავე სამოქმედო ტერიტორიაზე გამოძახების მომენტში.
ორგანიზაცია, პირველადი სამედიცინო დახმარების სფეროში არსებული საკითხების მოგვარების მიზნით, სარეკომენდაციო წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას და არსებულ პრობლემებზე ეფექტურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.