სასამართლო საქმე მონოპოლისტი “Liberty Bank” –ის მიმართ

20 მაისი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, „ლიბერთი ბანკის“ მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სარჩელი შეიტანა, რითაც სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის ფაქტის დადგენას და უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის მოხსნას მოითხოვს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქმეზე სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღოს, რომლითაც მომავალში, ბევრი მოქალაქის ინტერესი იქნება დაცული და ბანკები ვეღარ შეძლებენ „პროგრამული დაუდასტურებლობის“ მიზეზით, უსაფუძვლო ჯარიმისა და პირგასამტეხლოს გამოყენებას. კერძოდ, „ლიბერთი ბანკმა“ დაარღვია კრედიტის ხელშეკრულება და მხარეს სახელშეკრულებო ვალდებულებების დასრულების შემდგომ აცნობა, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.5 პროცენტი ეკისრებოდა. ბანკმა პირგასამტეხლოს გამოყენება დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ ხელშეკრულების გრაფიკით დადგენილ დღეს გადახდილმა თანხამ, ბანკში პროგრამულად ასახვა მხოლოდ მომდევნო დღეს მოახდინა. შესაბამისად, ბანკი, როგორც მსესხებლის მიმართ, მოქმედებს უკანონოდ და თავად გამოდის მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დამრღვევად.

არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „კრედიტის მთლიანი დავალიანების გადახდა განხორციელდება გადახდის გრაფიკის მიხედვით. გადახდის გრაფიკი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს“. ამასთან, „ნებისმიერი გადახდილი თანხა, ჩაითვლება ზუსტად შესრულებულ ვალდებულებად, თუ ყოველთვიურად დასაფარი თანხები გადახდილია წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში.“ ამიტომაც, „ლიბერთი ბანკს“ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა, მიეღო უკანონო გადაწყვეტილება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიბერთი ბანკს“ ოფიციალური წერილით მიმართეს და მოითხოვეს საჯარო გამხდარიყო ინფორმაცია, „ლიბერთი ბანკის" ე.წ. "პროგრამული დაუდასტურებლობით", რამდენ მოქალაქეს გააჩნდა იდენტური პრობლემა, როდესაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ეკისრებოდათ, თუმცა ბანკმა ინფორმაცია კომერციული საიდუმლოების კატეგორიად მიიჩნია.

 

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასეთი უკანონობის წინაშე მყოფმა მოქალაქეებმა მიმართონ უფლების სამართლებრივი წესით დაცვას, რადგანაც არსებობს მაღალი ალბათობა, ბანკებმა ხანდაზმულობის 3–წლიანი ვადის დაცვით, მოქალაქეების მიმართ, მიმართოს სასამართლოს და არ არსებული ვალდებულების შესრულება მოითხოვონ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოქალაქეებს მიმართავს და ბანკებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ჯეროვან განმარტებებს მოითხოვენ. ორგანიზაციამ შენიშნა, რომ „ლიბერთი ბანკთან“ დადებული ხელშეკრულება კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ვინაიდან, თუკი სასამართლო დავებში, მომხმარებლები საქმეზე საკუთარ უფლებებს ვერ დაიცავენ, ერთმევათ უფლება დავა ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გაასაჩივრონ. ხელშეკრულებაში ასეთი დებულებები, პირდაპირ ლახავს საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლსა და სამართლიანი სასამართლოს ევროკონვენციით დაცულ უფლებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, საბანკო ხელშეკრულებაში სამართლებრივი დავის გაგრძელების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით, განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკსაც მიმართა, რომელმაც, კითხვას 2014 წლის 29 აპრილის წერილით უპასუხა და მიუთითა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ვერ ჩაერეოდა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში. ამასთან, გაფორმებული ხელშეკრულების პირობების კანონშესაბამისობის სამართლებრივი შეფასება ცდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციას.  

„ახალგაზრდა ადვოკატები“, „ლიბერთი ბანკთან“ დავის მორიგებით დასრულებაზე უარს ამბობს და მიუთითებს, რომ მთავარი იურიდიული ინტერესია, კეთილსინდისიერება გახდეს კორპორატიული ღირებულება, რადგანაც ბანკები საქართველოში ადამიანის უფლებებს აღარ არღვევდნენ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრემიერ–მონიტრს ღია წერილით მიმართავენ და „ლიბერთი ბანკთან“ სახელმწიფოს შეთანხმების გადახედვას მოითხოვენ, რითაც ბანკს ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობა უჭირავს, რაც გამოიხატება პენსიონერებისა და ადგილნაცვალი პირების მიმართ ექსკლუზიურ მომსახურებაში, თუმცა ბანკი ცალსახად არღვევს ასეთი მომსახურების სტანდარტებს და მომხმარებლებს, თაკარა მზის ქვეშ უწევთ კუთვნილი სახელმწიფო დახმარების მიღება. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, „ლიბერთი ბანკის“ დომინანტური მდგომარეობა ღია მონოპოლიაა, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის მხარდაჭერით შეიქმნა. შესაძლებელია, ბანკი, მოცემულ პერიოდში საპარლამენტო ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავდეს, ვინაიდან მისი ყოფილი გენერალური დირექტორი  და დღეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, ყოფილი მთავრობის მინისტრი, ყოფილი პრემიერ–მინისტრი და ყოფილი მმართველი პარტიის ერთ–ერთი ლიდერია

საქმეზე პირველი სხდომა 2014 წლის 21 მაისს გაიმართება. მას მოსამართლე ელისო ტუკვაძე განიხილავს.



კომენტარები