შერჩევითი მართლმსაჯულება, რომელიც "ლიბერთი ბანკს" სიკეთეს არ მოუტანს

21 მაისი, 2014

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება „ლიბერთი ბანკის“ მიმართ, ბანკის ცენტრალურ ოფისთან გააპროტესტეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მოსამართლე ელისო ტუკვაძემ დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, სასამართლო გაცდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებს და სამოქალაქო კოდექსის გვერდის ავლით, „ლიბერთი ბანკი“ კეთილსინდისიერ ხელშემკვრელ მხარედ სცნო. საქმე ეხება ბანკის მიმართ, 2013 წლის 4 დეკემბერს გადახდილ თანხას, რომელიც ბანკმა, „პროგრამული დაუდასტურებლობის“ საფუძვლით, მომდევნო დღეს, 5 დეკემბერს ასახა. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ ვალდებულება შესრულებულ იქნა არა ხელშეკრულების გრაფიკით გადახდის დღეს, არამედ მომდევნო დღეს, 5 დეკემბერს, რითაც მთლიანად უგულვებელყო ორმხრივი ხელშეკრულების მთავარი მუხლები. კერძოდ, „კრედიტის მთლიანი დავალიანების გადახდა განხორციელდება გადახდის გრაფიკის მიხედვით. გადახდის გრაფიკი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს“ და რომ „ნებისმიერი გადახდილი თანხა, ჩაითვლება ზუსტად შესრულებულ ვალდებულებად, თუ ყოველთვიურად დასაფარი თანხები გადახდილია წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში.“

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სასამართლომ ვერ შეძლო შეექმნა პრეცედენტი და საბანკო კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში, სრულიად ახალი ტიპის სამართლებრივი სინამდვილისთვის დაედო საფუძველი, რომლითაც მომავალში, ბევრი მოქალაქის ინტერესი იქნება დაცული და ბანკები ვეღარ შეძლებდნენ „პროგრამული დაუდასტურებლობის“ მიზეზით, უსაფუძვლო ჯარიმისა და პირგასამტეხლოს გამოყენებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისი გაადწყვეტილებით მიუთითა, რომ მხარეს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აღარ გააჩნია, ვინაიდან ბანკმა ხელშეკრულებით შეზღუდა გასაჩივრების შესაძლებლობა. „ლიბერთი ბანკთან“ დადებული ხელშეკრულება კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ვინაიდან, თუკი სასამართლო დავებში, მომხმარებლები საქმეზე საკუთარ უფლებებს ვერ დაიცავენ, ერთმევათ უფლება დავა ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გაასაჩივრონ. ხელშეკრულებაში ასეთი დებულებები, პირდაპირ ლახავს საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლსა და სამართლიანი სასამართლოს ევროკონვენციით დაცულ უფლებას. მისივე თქმით, სასამართლო დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ასეთი უფლების შეზღუდვას კიდევ უფრო აკანონებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ბანკებსა და მომხმარებლებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების გადახედვის პროცესში, სამოქალაქო კამპანიას იწყებენ. ორგანიზაცია შეეცდება, საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებას და სასამართლო გადაწყვეტილების აბსურდულობის ფართო თვალსაწიერით წარმოჩენას. ორგანიზაცია, კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებით:

  1. მიმართავს საქართველოს მთავრობას „ლიბერთი ბანკთან“ სახელმწიფოს შეთანხმების გადახედვის მოთხოვნით, რათა ბანკს ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობა აღარ ჰქონდეს, რაც გამოიხატება პენსიონერებისა და ადგილნაცვალი პირების მიმართ ექსკლუზიურ მომსახურებაში, თუმცა ბანკი ცალსახად არღვევს ასეთი მომსახურების სტანდარტებს და მომხმარებლებს, ფაქტობრივად, თაკარა მზის ქვეშ სთავაზობს კუთვნილი სახელმწიფო დახმარებების მიღებას.
  2. მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ელისო ტუკვაძის მიერ 2014 წლის 21 მაისს, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.
  3. მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იდავებს საკითხზე, მომხმარებლებს დაუბრუნდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც სამართალწარმობაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობის გაჩენას ეხება.
  4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებას – როდის შესრულდა ვალდებულება – საკითხს საჯარო დისკუსის საგნად აქცევს საბანკო სამართლის ქართველი და უცხოელი ექსპერტებისთვის, სპეციალისტებისთვის, სამართლის ცენტრებისთვის.
  5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებას – როდის შესრულდა ვალდებულება, საკითხს შეადარებს ევროსასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს.
  6. მოახდენს ბანკსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებების სამართლებრივ ექსპერტიზას.
  7. შეიმუშავებს დოკუმენტს, რომელიც სახელმძღვანელო გახდება მომხმარებლების უფლებების დაცვის მიმართულებით.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, „ლიბერთი ბანკის“ დომინანტური მდგომარეობა ღია მონოპოლიაა, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის მხარდაჭერით შეიქმნა. შესაძლებელია, ბანკი, მოცემულ პერიოდში საპარლამენტო ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავდეს, ვინაიდან მისი ყოფილი გენერალური დირექტორი და დღეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, ყოფილი მთავრობის მინისტრი, ყოფილი პრემიერ–მინისტრი და ყოფილი მმართველი პარტიის ერთ–ერთი ლიდერია. სწორედ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ მოსამართლე ელისო ტუკვაძემ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლო დამოუკიდებლობის დეფიციტს განიცდის. 



კომენტარები