„ახალგაზრდა ადვოკატები” „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების უფასო ადვოკატირებას განახორციელებენ. ორგანიზაციაში უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი ნომერზე: 2 374509, 2 373503, სადაც „ლიბერთი ბანკისგან“ დაზარალებული მოქალაქეებთან კომუნიკაცია, შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ბანკის კაბალური ხელშეკრულების პირობებში, ვალდებულების დათქმულ გრაფიკში გადახდის მიუხედავად, ბანკის მხრიდან „პროგრამული დაუდასტურებლობის“ საფუძვლებით, დღეს საქართველოში ბევრი მოქალაქეა, რომელსაც უსაფუძვლოდ ეკისრება პირგასამტეხლო და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კონკრეტული სესხის პროცენტი.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლომ ვერ შეძლო საბანკო სისტემაში, ბანკსა და მომხმარებელს შორის ჩამოყალიბებული კაბალური ხელშეკრულებების შეცვლა. სასამართლო არ დაუპირისპირდა ბანკს, სამაგიეროდ, სასამართლო გაცდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებს და სამოქალაქო კოდექსის გვერდის ავლით, „ლიბერთი ბანკი“ კეთილსინდისიერ ხელშემკვრელ მხარედ სცნო, რითაც რიგითი მოქალაქეების უფლებები არ გაითვალისწინა. ორგანიზაცია ბანკებსა და მომხმარებლებს შორის სისტემური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, მასშტაბურ სამართალწარმოებას დაიწყებს და სამოქალაქო მოძრაობას ჩაუდგება სათავეში.
არჩილ კაიკაციშვილი „ლიბერთი ბანკის“ მიმართ კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დოდო ბოჭორიშვილს მიმართავს, ბანკმა თავი შეიკავოს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევისაგან. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, „ლიბერთი ბანკმა“ „გურიანიუსის“ ჟურნალისტს მიუთითა, თუ როგორ უნდა მოემზადებია საქმეზე მასალა, რაც თავად აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტმა დაადასტურა. ორგანიზაცია გმობს კერძო ბანკის მხრიდან თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მცდელობას და მოუწოდებს ბანკის ხელმძღვანელ პირებს, განმარტონ, რას ემსახურებოდა ჟურნალისტის მიმართ წაყენებული პრეტენზიის ფარგლებში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ლიბერთი ბანკის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების მხარდასაჭერად, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას განახორციელებს. დღესვე ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ის ფაქტები, რა დროსაც „ლიბერთი ბანკის“ კეთილსინდისიერების საკითხი ეჭქვეშ დგება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ შეეცდება, საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებას და სასამართლო გადაწყვეტილების აბსურდულობის ფართო თვალსაწიერით წარმოჩენას.
ორგანიზაცია, კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებით:
- მიმართავს საქართველოს მთავრობას „ლიბერთი ბანკთან“ სახელმწიფოს შეთანხმების გადახედვის მოთხოვნით, რათა ბანკს ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობა აღარ ჰქონდეს, რაც გამოიხატება პენსიონერებისა და ადგილნაცვალი პირების მიმართ ექსკლუზიურ მომსახურებაში, თუმცა ბანკი ცალსახად არღვევს ასეთი მომსახურების სტანდარტებს და მომხმარებლებს, ფაქტობრივად, თაკარა მზის ქვეშ სთავაზობს კუთვნილი სახელმწიფო დახმარებების მიღებას.
- მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ელისო ტუკვაძის მიერ 2014 წლის 21 მაისს, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.
- მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იდავებს საკითხზე, მომხმარებლებს დაუბრუნდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც სამართალწარმობაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობის გაჩენას ეხება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებას – როდის შესრულდა ვალდებულება – საკითხს საჯარო დისკუსის საგნად აქცევს საბანკო სამართლის ქართველი და უცხოელი ექსპერტებისთვის, სპეციალისტებისთვის, სამართლის ცენტრებისთვის.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებას – როდის შესრულდა ვალდებულება, საკითხს შეადარებს ევროსასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს.
- მოახდენს ბანკსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებების სამართლებრივ ექსპერტიზას.
- შეიმუშავებს დოკუმენტს, რომელიც სახელმძღვანელო გახდება მომხმარებლების უფლებების დაცვის მიმართულებით.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, „ლიბერთი ბანკის“ დომინანტური მდგომარეობა ღია მონოპოლიაა, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის მხარდაჭერით შეიქმნა. შესაძლებელია, ბანკი, მოცემულ პერიოდში საპარლამენტო ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავდეს, ვინაიდან მისი ყოფილი გენერალური დირექტორი და დღეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, ყოფილი მთავრობის მინისტრი, ყოფილი პრემიერ–მინისტრი და ყოფილი მმართველი პარტიის ერთ–ერთი ლიდერია. სწორედ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ მოსამართლე ელისო ტუკვაძემ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლო დამოუკიდებლობის დეფიციტს განიცდის.