„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ლიბერთი ბანკის“ თერჯოლის ფილიალიდან გათავისუფლებულებს დაუკავშირდა

23 მაისი, 2014
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, ს.ს. „ლიბერთი ბანკმა“ იმერეთის რეგიონში, კერძოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბანკის სერვის–ცენტრის ყველა თანამშრომელი, თანამდებობიდან გაათავისუფლა.
 
„ახალგაზრდა ადვოკატები“ უშუალოდ ჩაერთვნენ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების ნაწილში და გაესაუბრნენ ბანკის გათავისუფლებულ თანამშრომლებს. როგორც ორგანიზაციასთან ინტერვიუს დროს ბანკის გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, მაგდა დოლაკიძემ განაცხადა, მათი სამსახურიდან დათხოვნა უკანონოა.
 
„დღეს დილით მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ყველანი, ბანკის ფილიალში დასაქმებული ყველა თანამშრომელი სამსახურიდან ვიყავით დათხოვნილი. მიზეზად მომსახურების ნაწილში, ხარვეზი სახელდება. კონკრეტულად, არაფერი უთქვამთ. არც გათავისუფლების ბრძანება ჩაგვბარებია. გვეუბნებიან, რომ ხელი უნდა მოვუწეროთ რაღაც დოკუმენტაციაზე. პირადი გათავისუფლების საფუძველზე, წასვლას არ ვაპირებთ. არც გაფრთხილება, არც შენიშვნვა. ბანკის მხრიდან პირდაპირი გათავისუფლება, შოკისმომგრელია ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს ოჯახები, სამსახური არსებობის ერთადერთი საშუალებაა ბევრისთვის. ბანკის მხრიდან ასეთი სანქცია, უკანონოა. სულ 6 ადამიანი გაგვათავისუფლეს. ახლა ამ ფაქტს საპროტესტო აქციით ვეხმაურებით“ – განაცხადა გათავისუფლებულმა ქალბატონმა. 
 
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ბანკის თერჯოლის ფილიალის წარმომადგენლებს იურიდიული დახმარება შესთავაზა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 22 მაისიდან „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან დაზარალებულთა ადვოკატირება დაიწყეს და ცხელი ხაზიც აამოქმედეს. 

 



კომენტარები